GE

შეძლებენ თუ არა ისტორიისა და მათემატიკის ნაცვლად სხვა საგნების არჩევას 2020–წლიდან აბიტურიენტები

სამი სავალდებულო გამოცდა აბიტურიენტებს და უნივერსიტეტების ავტონომია – ეს იყო სამინისტროს მთავარი გზავნილი უმაღლესში ჩაბარების წესის ცვლილებაზე საუბრისას, რომელის ამოქმედებასაც 2020 წლიდან გვპირდებიან. თუმცა განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ სამინისტროს მხრიდან დაწყებული საუბრების პარალელურად არაერთი კითხვა მათი ინიციატივების შესახებ კვლავ უპასუხოდ რჩება. მას შემდეგ, რაც სამინისტრომ 2020 წლისთვის აბიტურიენტის უმაღლესში ჩარიცხვის საკუთარი ხედვა წარმოადგინა EDU.ARIS.GE-მ რამდენიმე ათასი კითხვა მიიღო მეტი კონკრეტიკით დაინტერესებული სხვადასხვა მხარეებისგან. შევეცდებით პერიოდულად ყველაზე ხშირად შემოსული კითხვის საპასუხო განმარტებები მოვიძიოთ და მკითხველს წარვუდგინოთ.

– შეძლებენ თუ არა ისტორიისა და მათემატიკის ნაცვლად სხვა საგნების არჩევას 2020–წლიდან აბიტურიენტები? თუ სამედიცინოზე ვაბარებ, არ შეიძლება მათემატიკა არ ჩავაბარო და ბიოლოგია ან ქიმია ავირჩიო? – აღნიშნულის მსგავსმა კითხვებმა რეკორდი მოხსნა.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განგვიმარტეს, თუ აბიტურიენტი აბარებს სამედიცინო მიმართულებაზე ის ჩააბარებს სამ სავალდებულო გამოცდას: ქართულში, უცხო ენასა და აუცილებლად მათემატიკაში და დამატებით სამედიცინო უნივერსიტეტის დაადგენს შიდა ბარიერის სახით მეოთხე, მეხუთე, მეექვსე საგანს, ირჩევს ქიმიას, ბიოლოგიას და ა.შ. ეს იქნება საგანი, რომელსაც დაადგენს დამატებით გამოცდად უნივერსიტეტი და ის უნდა იყოს რელევანტური.

კითხვაზე ვინ ჩაუტარებს დამატებითი საგნის გამოცდას აბიტურიენტს ცენტრში გვპასუხობენ, რომ გამოცდას ან უნივერსიტეტი ჩაატარებს, ან გამოცდების ცენტრს მიმართავს და ცენტრი დაეხმარება.

საკითხზე კითხვა დავუსვით სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, რომელიც სამინისტროში გამართულ პრეზენტაციას პირადად ესწრებოდა. ზურაბ ვადაჭკორიას მიაჩნია, რომ სამედიცინო სფეროთი დაინტერესებულ აბიტურიენტს  გაცილებით მეტი გამოცდის ჩაბარება  უნდა მოუხდეს.

„მთავარია, რომ ეს მოდელი უკეთესი იქნება, ვიდრე არსებული. ჩვენს უნივერსიტეტს ყველაზე მაღალი ბარიერი აქვს დღეს მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებს შორის, ზოგიერთ პროგრამაზე 80% -იანი ბარიერი გვაქვს, რაც უპრეცედენტოდ მაღალია საქართველოს პირობებში. ჩვენ მივესალმებით ამ ცვლილებებს, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტს ექნება დამოუკიდებლობა და მას ექნება საშუალება, რომ აირჩიოს თუნდაც სამი გამოცდა დღეს არსებული ოთხის ნაცვლად. სამუშაო შეხვედრაზე დავაყენე საკითხი, რომ სამედიცინო განათლების შემთხვევაში უნდა იყოს ოთხი და ხუთი გამოცდაც, რადგან ეს არის განსაკუთრებული სპეციალობა. გაჟღერდა, რომ ჰუმანიტარულ მეცნიერებებს ვინც აირჩევს ჩააბარებს ისტორიას, თუ საინჟინროს აირჩევს აბიტურიენტი მოუწევს მათემატიკის ჩაბარება. იქნებ რაიმე ასეთი იყოს სამედიცინოსთვისაც, ეს  ძალიან პოპულარული მიმართულებაა. კარგი იქნებოდა დაგვეწესებინა სამედიცინო განათლებისთვის მინიმუმ ოთხი გამოცდა და დაგვემატებინა გამოცდა ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია ამ ბლოკიდან. უნარ-ჩვევების გამოცდა საერთოდ არ არის საჭირო ექიმისთვის და  ჯობია  საბუნებისმეტყველო საგნებით ჩანაცვლდეს. ყოველშემთხვევაში დღეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ზოგადად, მონახაზი მისასალმებელია. ჩვენ არ გვინდა დავრჩეთ დახურულ უნივერსიტეტად, გვინდა, რომ  მობილობით შეძლონ გადმოსვლა სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმაც“,- აცხადებს ზურაბ ვადაჭკორია EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

ილიას სახლმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია კი აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტს გაუჩნდება შესაძლებლობა უფრო მეტი გავლენა მოახდინოს პროცესზე, რაც სასწავლებელში სტუდენტის მიღებას ეხება.

„ჩვენთვის არის სრულიად მისაღები და საინტერესო ის, რომ უნივერსიტეტის ავტონომია ფართოვდება და შესაბამისად  ექნება შესაძლებლობა უფრო მეტი გავლენა მოახდინოს იმ პროცესზე რომლის შედეგადაც სტუდენტები უნივერსიტეტში აბარებენ. ბევრი იყო სიახლე, რომელზეც ცხადია უნივერსიტეტში უნდა ვიმსჯელოთ და გავაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა დაინტერესებულ ინსტიტუციასთან განათლების სამინისტროს ჩათვლით. ჩვენ გვგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აქცენტის გადატანა სკოლის ზოგადი განათლების განვითარებაზე. სწორედ ესაა განათლების სისტემის ყველა გამოწვევის შემცველი სივრცე და მე მგონია, რომ არა მარტო სამინისტრომ, უნივერსიტეტებმა და მთელმა საზოგადოებამ უნდა მოახდინოს მთელი რესურსების მობილიზაცია, რომ სწორედ სკოლა გავხადოთ პრიორიტეტული და ზოგადი განათლების პრობლემატიკას მივხედოთ“, – გვითხრა გიგა ზედანიამ.

ამავე თემაზე:

უმაღლესში მოსახვედრად აბიტურიენტებს მხოლოდ 3 სავალდებულო გამოცდის ჩაბარება მოუწევთ – ზოგადი უნარები სავალდებულო აღარ იქნება

ბატიაშვილის რეფორმა– სიახლეები

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური