შეიცვალა თუ არა საქართველოში მოსწავლეების წიგნიერების დონე 4 წელში – PIRLS 2021-ის კვლევის ზოგად მიგნებებს გამოცდების ცენტრი აქვეყნებს
საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) მეოთხეკლასელი მოსწავლეების წიგნიერების საერთაშორისო კვლევის – PIRLS (Progress in International Reading Literacy Study) შედეგებს (ზოგად მიგნებებს) აქვეყნებს და EDU.ARIS.GE-სთან განმარტავს, რომ როდის გამოქვეყნდება კვლევის ეროვნული ანგარიში, ამ მომენტისთვის უცნობია.
გამოცდების ცენტრის მონაცემებით, 2021 წელს, კვლევაში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 57-მდე გაიზარდა; წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში მსოფლიოს მასშტაბით საერთო ჯამში 346 992-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. საქართველოდან PIRLS-ში მონაწილეობდა 190 სკოლის 5 637 მოსწავლე.
PIRLS 2021-ის კვლევა მთელს მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გამო წინა ციკლებთან შედარებით განსხვავებულ ვითარებაში ჩატარდა. კვლევის მიმდინარეობის პერიოდში მოსწავლეთა დიდი რაოდენობა დისტანციური სწავლების რეჟიმზე იყო გადასული, შესაბამისად, ტესტირებისთვის შერჩეული სკოლების საკლასო ოთახებში მყოფი მოსწავლეების რაოდენობა კვლევის სანდოობის დასაშვებ პროცენტზე ნაკლები იყო, რის გამოც 14 ქვეყანაში (ამერიკის შეერთებული შტატები, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირლანდია, კატარი, ლატვია, ლიეტუვა, მაროკო, საუდის არაბეთი, უნგრეთი, ყაზახეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, ხორვატია, საქართველო), საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციასთან შეთანხმებით, მოსწავლეებმა ტესტი 2021 წლის გაზაფხულის ნაცვლად შემოდგომაზე წერეს, ხოლო 6 ქვეყანაში ტესტირება ერთი წლის დაგვიანებით ჩატარდა. ამ ქვეყნებში ტესტირებაში მონაწილეობა მეოთხეკლასელების ახალმა ნაკადმა მიიღო.
გამოცდების ცენტრი განმარტავს, რომ კვლევაში მონაწილე ქვეყნებში პანდემიის გამო არსებული ერთმანეთისაგან განსხვავებული ვითარების, ტესტირების ჩატარების სხვადასხვა პერიოდისა და მოსწავლეთა განსხვავებული საშუალო ასაკის გათვალისწინებით, საერთაშორისო კონსორციუმის რეკომენდაციით (IEA), მიზანშეწონილია ერთმანეთს არ შედარდეს იმ ქვეყნების შედეგები, რომლებმაც ტესტი შემოდგომაზე წერეს იმ ქვეყნების შედეგებთან, რომლებმაც ტესტი გაზაფხულზე შეასრულეს.
ტესტის ჩატარების პერიოდში მოსწავლეთა საშუალო ასაკი საქართველოში 5 თვით აღემატებოდა ქვეყნების უმრავლესობის მოსწავლეთა საშუალო ასაკს. მსგავსი სიტუაცია იყო კიდევ 13 ქვეყანაში, სადაც ასაკობრივი სხვაობიდან გამომდინარე, წინა ციკლებთან შედარება გართულებულია. PIRLS-ის მონაცემები მიუთითებს, რომ მონაწილე ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში შესამჩნევია მიღწევების არსებითი გაუარესება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო არ არის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც წიგნიერებაში საშუალო ქულის კლება გამოვლინდა.
“წიგნიერებაში მოსწავლის მიღწევების შეფასებასთან ერთად, კვლევის ამოცანას მოსწავლის წიგნიერების მიღწევებსა და წიგნიერების უნარების ჩამოყალიბებაზე სკოლის, მასწავლებლისა და ოჯახის ფაქტორების ზეგავლენის შესწავლაც წარმოადგენს. ამ ფაქტორების ზეგავლენა მოსწავლეთა მიღწევებზე, კვლევის ძირითადი მიგნებები და შედეგები კვლევის ეროვნული ანგარიშის სახით მოგვიანებით იქნება წარმოდგენილი“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულცენტრში.
ამ ეტაპზე კი ცენტრი გვაცნობს რამდენიმე ზოგად მიგნებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
- კვლევაში ჩართული 57 ქვეყნიდან ბიჭები მხოლოდ 6 ქვეყანაში ახერხებენ, გოგონების მსგავსი მიღწევები ჰქონდეთ წიგნიერებაში. დანარჩენ 51 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, გოგონებს წიგნიერებაში უკეთესი მიღწევები აქვთ, ვიდრე ბიჭებს. კვლევაში ჩართულ არც ერთ ქვეყანაში ბიჭებს არ აქვთ უპირატესობა გოგონებთან შედარებით. საქართველოში სქესის მიხედვით მოსწავლეთა მიღწევებს შორის განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია და ნარჩუნდება კვლევის მთელი ციკლის განმავლობაში;
- ბოლო წლების კვლევების თანახმად, საქართველოში ქალაქისა და სოფლის სკოლების შედარებითი ანალიზი მოსწავლეთა წიგნიერებაში ნაჩვენებ მიღწევებში ქალაქის სკოლების უპირატესობას ავლენს, თუმცა 2021 წლის კვლევა სოფლის სკოლების მიღწევების გაუმჯობესების გამო სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის სხვაობის შემცირებას გვიჩვენებს. სოფლის სკოლების მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება ასევე შეინიშნებოდა 2019 წლის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში გამოვლენილ მიღწევებში (TIMSS 2019);
- 2021 წლის კვლევაში კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეთა მიღწევებს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა შენარჩუნდა. კერძო სკოლების მოსწავლეები უკეთესად ართმევენ თავს წიგნიერებასთან დაკავშირებული დავალებების შესრულებას.
როგორც გამოცდების ცენტრში განგვიმარტეს, თუ ცხრილებზე მოცემულ ისრებს შევხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვლევის ჩატარების ფორმატის გათვალისწინებით, ქვეყნების ერთ რეიტინგში შედარება ვერ ხერხდება, საქართველოს მაჩვენებლები წინა კვლევასთან შედარებით არც გაუარესებულა და არც გაუმჯობესებულა:
ცხრილი N1. ქვეყნები, სადაც ტესტირება 2021 წლის გაზაფხულსა და 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარდა
ცხრილი N2. იმ 14 ქვეყნის შედეგი, სადაც მოსწავლეებმა ტესტირება 2021 წლის შემოდგომაზე წერეს
PIRLS-ის კვლევის 2021 წლის საერთაშორისო ანგარიშის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.
- გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის განრიგი და სკოლების სია – 2024-2025 სასწავლო წელი by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
- გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები – 2024-2025 სასწავლო წელი by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
- 2025 წლის საგამოცდო პროგრამები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის by აბიტურიენტებისათვის