GE

„შემცვლელი არ მყავს და ვერ გააცდენ“ – აქვთ თუ არა პედაგოგებს „საპატიო გაცდენის“ უფლება

აქვს თუ არა პედაგოგს უფლება, არ გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე, თუ თავს ცუდად გრძნობს, გააჩნია ვირუსული სიმპტომატიკა, ან სხვა მიზეზი აქვს სამსახურის გაცდენისთვის.

ამ საკითხით დაინტერესება ერთ-ერთი მასწავლებლის კითხვამ განაპირობა, რომელიც ასე ჟღერდა: „შემიძლია თუ არა არ წავიდე სკოლაში თუ სიცხე მაქვს, თავს ცუდად ვგრძნობ, მაგრამ არ მაქვს კორონავირუსი?“.

იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსთან ერთად, დღეს სეზონურ ვირუსებსაც აქტიურად ვებრძვით და პედაგოგების ზემოაღნიშნული კითხვები სწორედ ახლაა აქტუალური, შევეცადეთ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გაგვერკვია, რა შემთხვევაში ეთვლებათ პედაგოგებს სკოლის გაცდენა „საპატიოდ“ და აქვთ თუ არა უფლება არ გამოცხადდნენ სკოლაში. საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიამბო ერთ-ერთმა მასწავლებელმაც.

ჩხენკელის უწყებაში 15 დეკემბერს გვიპასუხეს, რომ მასწავლებლებისთვის, ცალკე აღებული ტერმინი „საპატიო გაცდენა“, კანონთა ჩანაწერში არ გხვდება, თუმცა პედაგოგს შეუძლია, არ გამოცხადდეს სკოლაში თუ ამის აუცილებლობის წინაშე დადგა და გამოუვალი სიტუაციაა.

„ტერმინი საპატიო გაცდენა პედაგოგებისთვის არ არსებობს, თუმცა თუ არის გარემოება, რომ პედაგოგი ვერ მოვა სკოლაში მაგალითად, არის ბიულეტინზე, აქვს დაფიქსირებული კორონავირუსი, თუ არის ავად, უფიქსირდება ტემპერატურა, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, ოჯახური სიტუაცია… ასეთი შემთხვევები სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს და მან ასეთ შემთხვევაში სკოლას და დირექტორს აუცილებლად უნდა წარუდგინოს ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასევე, უნდა შეატყობინოს წინასწარ, რომ სკოლამ სასწავლო პროცესი შესაბამისად დააორგანიზოს“, – განგვიცხადეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

სამინისტროში მიღებული ინფორმაციის გადამოწმება, თუ როგორ მუშაობს ზემოთქმული პრაქტიკაში, EDU.ARIS.GE-მ თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგთან სცადა, რომელიც მშობლიურ ენას ასწავლის და ასევე, კლასის დამრიგებელია.

როგორც ის გვიხსნის, ჩაეთვლება თუ არა მასწავლებელს გაცდენა საპატიოდ, ეს სკოლის დირექტორზეა დამოკიდებული.

„არ არის მიზანშეწონილი, რომ პედაგოგი სიცხიანი მივიდეს სკოლაში და ეს ყველამ ვიცით, თუმცა, თუ ვერ გამოიძებნება შემცვლელი, რომელიც შენს მაგივრად შევა და ჩაატარებს გაკვეთილს, სკოლაში მისვლა და გაკვეთილის ჩატარება მაინც გიწევს. რა თქმა უნდა, ვერ გავაცდენთ, რაც არ უნდა ცუდად გრძნობდე თავს და თუ გავაცდენთ, ისეთი მიზეზი უნდა გვქონდეს, რომ არ გაჩნდეს კითხვები. იმას კი, რამდენად საპატიოა ჩვენი მიზეზი, სკოლის დირექტორი წვეტს. აქვე აღსანიშნავია, რომ თუ პედაგოგი აცდენს სკოლას, მას სხვა გამოწვევებიც ექმნება, მათ შორის მაშინ, თუ ის დამრიგებელიც არის და კლასს მართავს“, – გვიხსნის ნინო მასწავლებელი.

ჩვენი რესპონდენტი ასეთ დროს სკოლაში წარმოშობილ სხვა გამოწვევებზეც მიუთითებს და ამბობს, რომ სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

„არის შემთხვევები, როცა მასწავლებელს გარდაეცვლება ოჯახის წევრი ან ახლობელი და აცდენს ამ მიზეზით. ასეთი შემთხვევა ყველას გვქონია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ასეთ დროს, სკოლის დირექტორი მაქსიმალურ მხარდაჭერას გვიცხადებდეს. თუ საჭირო გახდება, რამდენიმე დღით გაგვათავისუფლოს კიდეც. ასევე, მნიშვნელოვანია კოლეგების მხარდაჭერა, გამოიძებნოს საათები ისე, რომ ვიღაც ჩვენს მაგივრად შევიდეს გაკვეთილზე და არ გვითხრან: „შემცვლელი არ მყავს და ვერ გააცდენ“. თუ პედაგოგს ყავს სადამრიგებლო და უწევს საპატიო გაცდენა, მის კლასსაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, ზოგადად, მხარდაჭერა ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან საჯარო სკოლის პედაგოგი.

არის თუ არა მათთვის ნაცნობი ფრაზა „შემცვლელი არ მყავს და ვერ გააცდენ“,  EDU.ARIS.GE– მ რამდენიმე სკოლის დირექტორს ჰკითხა, თუმცა სკოლის მმართველებმა ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავეს.

ასევე იხილეთ:

რა ვალდებულებები აქვს დირექტორს სკოლის ფილოსოფიის შექმნისთვის, რომელიც ახალი სტანდარტით მოეთხოვება და ავტორიზაციას დაეხმარება

„არავის გამოუვა, რომ დამოუკიდებლად დაძლიოს ეს მოთხოვნები, მეც მაქვს გარკვეული კითხვები“ – სკოლის დირექტორი ახალ სტანდარტზე

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური