GE

შრომის გაკვეთილები დაწყებითი კლასებიდანვე და სწორი პროფორიენტაცია – რა კითხვებითა და იდეებით მიმართა განათლების მინისტრს საჯარო სკოლის დირექტორმა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს, რომ სკოლებში, მეათე-მეთორმეტე კლასების პროგრამაში პროფესიული განათლების შეტანის პროექტი 2024 წლიდან ეტაპობრივად დაიწყოს. ამ დროისათვის მხოლოდ ის ვიცით, რომ შეირჩევა 50 საპილოტე სკოლა და შესაბამისი ბიუჯეტიც მომავალ წელს გაიწერება. პროფესიული განათლების სკოლაში ინტეგრაციისა და ზოგადად სკოლაში პროფორიენტაციის ხელშეწყობისთვის გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე საკუთარი ხედვა აქვს თბილისის 58-ე საჯარო სკოლის დირექტორს სოსო ლაზარიშვილს, რომლითაც მან განათლებისა და მეცნიერების მინისტრს 18 ოქტომბერს, “საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის” პირდაპირ ეთერში მიმართა და კითხვებიც დასვა.

“ჩვენი სკოლის მისიაში არის სამეწარმეო კომპეტენციების განვითარება. ასევე, გვიწერია, რომ მომავალ პროფესიაზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად შესაბამისი უნარების განვითარება უნდა იყოს სკოლის გამორჩეული მხარე. ეს შემთხვევითი არ არის, სკოლის ბაზაზე კოლეჯებთან თანამშრომლობით მოქმედებს პროფესიული პროგრამები მე-8-მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის და მოსწავლეებს უჩენს დიდ ინტერესს, როცა სასკოლო საგნებთან აქვს შემხებლობა. მაგალითად, ელექტრობის პროგრამა არის და ფიზიკის მასწავლებელია ჩართული და როდესაც პრაქტიკული შეხება აქვთ მოსწავლეებს, ეს დიდ ინტერესს იწვევს. ისწავლება მეწარმეობა და ხშირად არის, რომ ბავშვებს აქვთ ინოვაციური იდეები, მაგრამ არ აქვთ პრაქტიკული უნარ-ჩვევები ამ იდეის რეალიზებისთვის. ამის გამო კი ისეთი იდეებისკენ მიდიან, რაც ნაკლებად ინოვაციურია. ბიზნესის ჩართულობა ამ მხრივ არის მნიშვნელოვანი.

“ვთვლი და ჩვენ სკოლას ამის დიდი სურვილი გვაქვს, რომ დაწყებითი კლასებიდანვე იყოს შრომის გაკვეთილების მსგავსი. უფრო მყარად და სიღრმისეულად შეუწყობს ხელს ამ უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც მერე, უკვე ინოვაციური იდეების რეალიზებაში დაეხმარება მოსწავლეებს”, – განაცხადა საკუთარ სიტყვაში ახალგაზრდა სკოლის დირექტორმა.

სოსო ლაზარიშვილმა საკუთარი სკოლის მაგალითზე, განათლების მინისტრს სწორედ პროფესიული განათლების ახალი ხედვიდან გამომდინარე, ისეთი საკითხები და პოზიციები შესთავაზა, რასაც პრაქტიკულად შეუძლია დღეს არსებული რიგი პრობლემების გადაჭრა, მათ შორის ისეთის, რომელსაც პროფესიული განათლებით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება ჰქვია.

მან წარმოადგინა, რა ტიპის მხარდაჭერა შეიძლება მიიღოს პროფესიული განათლების ახალი პოლიტიკის, ხედვის საფუძველზე სკოლამ და რა პერსპექტივები უჩნდება კონკრეტულ იდეებთან მიმართებით.

“პირველია – შესაძლებელი იქნება თუ არა, რომ დაწყებითი კლასიდან მოხდეს ამ ტიპის, შრომის გაკვეთილების მსგავსი პროგრამების შემოტანა; მეორე, შესაძლებელი თუ იქნება მოსწავლეთა ვიზიტები კომპანიებში, წარმომადგენლების მოწვევა სკოლაში და პროფორიენტაციის კუთხით გარკვეული თემატური შეხვედრების ჩატარება; თუ იქნება შესაძლებელი ბანაკის ტიპის პროექტის გაკეთება, სადაც ადგილზე, სკოლის მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად გაივლიან პროცესის ერთ ციკლს – მაგალითად, ვენახის გასხვლა, ყურძნის დაწურვა. ეს კი იქნება სკოლის საგნებთან ინტეგრირებული, მაგალითად ქიმიის კუთხით.. აი, ამ ტიპის პროექტების პერსპექტივა და მხარდაჭერა თუ იქნება? შეძლებენ თუ არა მოსწავლეები თავიანთი ინტერესის მიხედვით სხვადასხვა კომპანიებში ერთგვარი მინი სტაჟირება გაიარონ და იქ გაეცნონ… ხელშესახები იყოს მათთვის ეს პროფესია და უფრო კარგად გაერკვნენ. ასევე, კომპანიებმა მისცენ ბიზნესკონსულტაციები მოსწავლეებს იმ სტარტაპებისთვის რასაც ისინი სკოლის ბაზაზე აკეთებენ…”, – მიმართა საჯარო სკოლის ახალგაზრდა დირექტორმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს.

მინისტრმა კი ამ პრაქტიკულ საკითხებსა თუ შესაძლებლობებზე პირდაპირი პასუხები ვერ გასცა, თუმცა თქვა – “კარგია, რომ ასეთი სურვილები გვაქვს”.

მისი თქმით, მეწარმეობა, სტარტაპები, შესაძლოა, პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებულია, თუმცა ოდნავ სხვა ხაზია – “ჩვენი ხედვა არის პოლიტიკის ჩვენება, თუ რაზე და საით გადაერთვება სკოლებში პროფესიული განათლება”.

მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ სკოლაში შესატანი პროგრამები რეგიონის საჭიროებისა და პრიორიტეტების მიხედვით შეიქმნება. დასძინა, რომ მეწარმეობა და ინოვაციების ნაწილში იზიარებს სკოლის დირექტორის ხედვას: “მუშაობა მიდის და აქტიურად წარმოდგენილი იქნება ეროვნულ სასწავლო გეგმაში”.

ამავე თემაზე:

„გვინდა, პროფესიული განათლება პრაქტიკულად სავალდებულო გავხადოთ ზოგად განათლებაში“

„ეს არის საგანგაშო“ – ირაკლი ღარიბაშვილმა დასაქმების ის სფეროები დაასახელა, სადაც მაღალი მოთხოვნა და კადრების ნაკლებობაა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური