GE

სკოლებში 8200 შშმ მოსწავლე ირიცხება – ვაღიარებთ, სპეცმასწავლებლის ანაზღაურება არის მცირე

განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძის განცხადებით, ხელფასები, რასაც სპეცპედაგოგები იღებენ, არის მიზერული და არ შეესაბამება იმ საქმიანობას, რასაც აღნიშნული პედაგოგები ასრულებენ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდების სტატისტიკაზე და პედაგოგების ანაზღაურების ზრდაზეც ისაუბრა.

„სულ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 8 200 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ირიცხება, მათ შორის 390  არის ფიზიკური დარღვევის მქონე შშმ პირი, 710 აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვი, დაახლებით 800-მდე – მხედველობის პრობლემის მქონე, გვყავს 400 სმენადაქვეითებული ბავშვი, ასევე 2230 სწავლის უნარების დარღვევის მქონე და 1700-მდე ქცევის დარღვევების მქონე მოზარდი. ეს არის სტატისტიკა, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს. პედაგოგები, რომლებიც ასეთი სპეციფიკური საჭიროების მოსწავლეებთან მუშაობენ, მათი ანაზღაურება არის მცირე, დაახლოებით 350 ლარზეა საუბარი. დიახ, ეს  ვიცით და ღიად ვამბობთ, რომ ეს არ არის საკმარისი იმ კოლოსალური შრომისთვის, რაც მათ ამ საქმეში სჭირდებათ.

“გვაქვს ინკლუზიური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სწორედ ასეთი ადამიანების დაფინანსებას და პროგრამულ უზრუნველყოფას. არა მხოლოდ ასეთი სპეცპედაგოგების, არამედ სხვა ტიპის კლასტერის პედაგოგებთან მიმართებითაც ხდება და გაცხადებულიც არის ანაზღაურების მატება. ეს ერთ-ერთი კომპონენტია, ფორმირების პროცესშია და განსაზღვრულია გარკვეული პროცენტებით ხელფასების ზრდა. ისიც გვესმის, რომე ეს ზრდა შეიძლება არ იყოს საკმარისი, მაგრამ ჩვენ ვამბობთ რომ ეს არის ეტაპობრივი პროცესი და 2019-20-21-22  წლების განმავლობაში ეს აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა ნათია ზედგინიძემ.

სკოლის კონსულტანტ ფსიქოლოგს შეუძლია სპეცმასწავლებელი გახდეს – რის მიხედვით მოემატებათ ხელფასი ფსიქოლოგებს

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური