GE

„სრულად იხურება არხი „ტელესკოლა“ – საზოგადოებრივი მაუწყებელის განცხადება

საქართველოს “პირველი არხი” 17 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ოფიციალურად წერს, რომ არხი „ტელესკოლა“ იხურება. სხვა გადაცემების დახურვის თაობაზე ინფორმაცია გასულ დღეებში გადაცემების ავტორებმა და წამყვანებმა გაავრცელეს. საზოგადოებრივი მაუწყებელის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად კი, იხურება შემდეგი გადაცემები:

  • იხურება სრულად არხი „ტელესკოლა“
  • „დღის კოდი“
  • „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“
  • „ფერმა“
  • „თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად“
  • „ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ“
  • „ნატალიასთან და დათუნასთან ერთად“
  • „კაცები PLAY“

ასევე ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს ყველა გარეწარმოების (6 კომპანია) კომპანიასთან.

არხის მენეჯმენტი განმარტავს, რომ არხზე რესტრუქტურიზაციას თავისი მიზეზი აქვს და სხვადასხვა ფორმით შეეხება როგორც გადაცემებს, ისე თანამშრომლებსაც:

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით შეიცვალა მაუწყებლის დაფინანსების მოდელი და წესი. ასევე ცნობილია, რომ 2024 წელს მაუწყებელი იცვლის შენობას და გადადის ახალ მისამართზე, ეს კი უკავშირდება ინფრასტრუქტურულ და ტექნოლოგიურ ცვლილებას, რაც, თავის მხრივ, ზრდის ორგანიზაციის კაპიტალურ ხარჯებს.

არსებული მოცემულობა ახალი რეალობის წინაშე აყენებს ორგანიზაციას, რომელიც ვალდებულია, ერთი მხრივ, შეინარჩუნოს უწყვეტი მაუწყებლობა, შეასრულოს ნაკისრი შინაარსობრივი ვალდებულებები და, მეორე მხრივ, ახალი გარემოებიდან გამომდინარე, შეცვალოს დაგეგმილი პროგრამირება.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებული ყველა გადაცემა ერთნაირად ღირებული, ხარისხიანი და მნიშვნელოვანია. მრავალფეროვნება – ინფორმირება, შემეცნება, გართობა და სპორტი, რომელიც ნებისმიერი საზოგადოებრივი მაუწყებლის ქვაკუთხედია, ითვალისწინებს ყველა ტიპის მაყურებლის გემოვნების დაკმაყოფილებას და გამორიცხავს გადაცემების პოლიტიზებას.

არხზე წლების განმავლობაში არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული შინაარსის პროგრამები და ეს მიდგომა უცვლელი რჩება, რესტრუქტურიზაცია დაიგეგმა მოცემული ფინანსური ცვლილებებიდან გამომდინარე და სხვადასხვა ფორმით შეეხება ყველა პროექტს, ასევე ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს.

კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება, რადგან ამ ეტაპისთვის არსებული ცვლილებებიდან გამომდინარე, თითოეულ გადაცემაზე დანაკლისი ექნება სხვადასხვა ტიპის მაყურებელს, საკუთარი გემოვნებისა და პრეფერენციების მიხედვით.

გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა 14 დეკემბერს, გუშინ კი დასრულდა ყველა პროექტის შემოქმედებით ჯგუფებთან პირისპირ კომუნიკაცია, დღეს გაცნობებთ არსებულ ვითარებას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რადგან ინტერპრეტაცია მხოლოდ ხელს შეუშლის რეალური სურათის დანახვას”, – ნათქვამია “პირველი არხის” განცხადებაში.

ამავე თემაზე:

„ტელესკოლა“ – ვინ და როდის გაზომავს ხარჯსა და სარგებელს

„ტელესკოლა“ მოზარდებს ინტერნეტსივრცის რისკებზე ინფორმაციას არ აწვდის – ომბუდსმენის რეკომენდაცია სამინისტროს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური