GE

სწავლა სროლის ხმების ფონზე – რეპორტაჟი ერგნეთის სკოლიდან

ერგნეთის სკოლაში სასწავლო პროცესს ხშირად ფონად სროლის ხმა გასდევს.

„სროლების ხმა ძალიან ხშირად ისმის ცხინვალიდან. ვიცით, რომ სოფელში რუს სამხედროებს საცხოვრებელი სახლებიც გამოუყვეს. ალბათ სამხედრო ბაზაც აქვთ მოწყობილი და იქიდან მოდის ხმები. რუსები და ოსები ხშირად გადიან იმ ადამიანების საფლავებზე, ვინც 2008 წელს დაიღუპა. მათ ხსოვნის პატივისცემის ნიშნად კი, სასაფლაოზე ისვრიან ხოლმე“, – გვიყვება ნინო დოიჯაშვილი. ის უკვე წლებია, სოფელში ხელოვნებას ასწავლის.

5ერგნეთის სკოლა სოფლის ბოლოში მდებარეობს. სკოლისკენ მიმავალი გზა ცხინვალს გაჰყურებს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდგარ სახლებს მოსწავლეები სკოლის ფანჯრებიდანაც ხედავენ. საკლასო ოთახებიდან, ღია ვარდისფერი ფარდების გავლით, ნაცრისფერი ტუფით ნაშენი, წითელი კრამიტით გადახურული სახლები მოჩანს.

მოსწავლეებმა ცხინვალის შესახებ ბევრი არაფერი იციან. მათ უმრავლესობას ქართულ-ოსური ურთიერთობების შესახებ მხოლოდ მშობლებისგან სმენია

„ომი რომ მოხდა, ძალიან პატარა ვიყავი. იმდროინდელი ემოციების გახსენება მიჭირს, მაგრამ როცა სკოლაში მოვდივარ და ქართულ საგუშაგოს ვხედავ, ყოველთვის რაღაც უსიამოვნო განცდა მეუფლება. თითქოს მახსენდება, რომ მშვიდობა ამ სოფელში მოჩვენებითია“, – გვეუბნება ერთ-ერთი მოსწავლე ეთო სურამელი.

3ქართული საგუშაგო ერგნეთის ბოლოში, იმ გზაზეა მოწყობილი, საიდანაც ბილიკი სკოლისკენ უხვევს. ერთსართულიანი შენობის ვარდისფრად შეღებილ კედლებში განათლებას ამჟამად 60 მოსწავლე იღებს. სკოლის წინ საქართველოში დროშა ფრიალებს, 500 მეტრში კი საოკუპაციო ხაზი გადის.

„მე არ ვფიქრობ აქედან გაქცევაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სახლიდან რამდენიმე მეტრში მავთულხლართებია, მაინც აქ მინდა დარჩენა. რვა წლის ვიყავი, როცა ომი მოხდა. მას შემდეგ სროლის ხმა ყოველდღიურობის ნაწილად იქცა, მაგრამ ვერც შიშმა და ვერც ამ შემაწუხებელმა ხმებმა ვერ გამიჩინა ამ სოფლის დატოვების სურვილი“, – ამბობს გვანცა ღვინიაშვილი.

გვანცას სახლი სკოლასთან ახლოს დგას. ორსართულიანი სახლის ნაწილი დამწვარია. როგორც გვანცა გვეუბნება, ომის დროს დაიწვა და ოჯახმა ამ დრომდე მხოლოდ ნაწილის აღდგენა შეძლო.

„იმედი მაქვს, მალე მთელი სახლის აღდგენას მოვახერხებთ. მიყვარს აქაურობა. თითქოს იმასაც შევეგუე, რომ აქვე მავთულხლართებია, რომ აქვე რუსეთის ჯარი დგას. არ ვიცი, ეს კარგია, თუ ცუდი, მაგრამ ჩემი აზრით, მთავარი ის არის, რომ ჩვენ, ადამიანებს, ვისაც დიდი იმედები აღარ გვაქვს, მაინც აქ დარჩენა გვინდა“, – მეუბნება გვანცა.

4ის სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელებას აპირებს, თუმცა ამბობს, რომ სოფლიდან სამუდამოდ წასვლა მის სამომავლო გეგმებში არ შედის. საკუთარ მომავალს განსხვავებულად უყურებს მისი კლასელი ქარუმა მამისაშვილი.

„ეს მავთულხლართები, ეს სროლის ხმები ყოველდღიურად, მოქმედებს ჩემზე და მგონია, რომ ჩემს გარშემომყოფებზეც. თან წლები გადის და ამ სოფელში არაფერი იცვლება. მგონია, რომ პიროვნული ზრდა აქ შეუძლებელია“, – ამბობს ქარუმა.

ის ახლა მე-11 კლასშია და როგორც გვეუბნება, გორიდან ერგნეთის საჯარო სკოლაში ერთი წლის წინ დაბრუნდა. ამის მიზეზი სახელმწიფოს ის გადაწყვეტილებაა, რომლითაც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სკოლის მოსწავლეთა სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„აქ თუ ვისწავლი, უმაღლესი განათლების მიღებას უფრო მარტივად შევძლებ. თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მოსწავლეები ერგნეთის სკოლას ირჩევენ“, – გვიხსნის ქარუმა.

1მისი ნათქვამის დასტურად, გოგა დვალაშვილი საკუთარ ისტორიას ყვება. ის განათლების მისაღებად, უკვე ორი წელია, ერგნეთში გორიდან დადის.

„დედაჩემმა გადაწყვიტა, რომ სწავლა აქ გამეგრძელებინა, რადგან აქ თითოეულ კლასში იმაზე ნაკლები მოსწავლეა, ვიდრე გორის სკოლებში. მოსწავლეთა მცირე რაოდენობა სწავლის ხარისხზეც მოქმედებს – აქ ყოველთვის მზად უნდა იყო, რადგან მასწავლებელი თითქმის ყველა ბავშვის გამოკითხვას ასწრებს გაკვეთილის მსვლელობისას“, – ამბობს გოგა.

ერგნეთი გორიდან 30 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სხვადასხვა მიზეზების გამო, გორიდან ერგნეთის სკოლაში ყოველდღიურად 5 მოსწავლე დადის, თუმცა როგორც სკოლის დირექცია გვეუბნება, ომის შემდეგ მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად კლებულობს.

სკოლა მაღაზიაში – 19 მოსწავლის დაუჯერებელი სასწავლო პირობები წალენჯიხაში

მოამზადა გვანცა დოლუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური