GE

თსუ-ში რექტორის არჩევნები 27 დეკემბერს გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 27 დეკემბერს გაიმართება.

უნივერსიტეტის მიერ დღეს, 15 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, კანდიდატთა რეგისტრაცია 16 დეკემბრის 10:00 საათიდან დაიწყება და 21 დეკემბრის 18:00 საათზე დასრულდება, მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, ოთახი №114. სარეგისტრაციო განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე: chancellery@tsu.ge.

როგორც EDU.ARIS.GE-ს დასმული კითხვის პასუხად თსუ-ში განუცხადეს, უნივერსიტეტს, რექტორის არჩევის შესაძლებლობა, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევიდან 6 თვის ვადაში აქვს და ამისთვის დეკემბერის თვე შეირჩა. შეგახსენებთ, რომ ჯაბა სამუშია რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ოქტომბრის ბოლოს აირჩიეს.

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს – როგორია მისი სამოქმედო გეგმა

რაც შეეხება რექტორობისთვის შემოსული განცხადებებს, თსუ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აკადემიური საბჭოს მიერ განხილვის ვადად განისაზღვრა – 26 და 27 (არჩევნების ჩატარების დღე) დეკემბერი.

რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

აკადემიური საბჭო 26-27 დეკემბრის პერიოდის ფარგლებში საზღვრავს კანდიტატებთან გასამართი გასაუბრების დროსა და განრიგს, რის თაობაზეც აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება საჯაროდ, ხოლო აღნიშნულის თაობაზე კანდიდატებს დამატებით ეცნობებათ წინასწარ.

კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარადგინოს: ა) “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) უნივერსიტეტის განვითარების სამოქმედო გეგმა და კონცეფცია; გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) ავტობიოგრაფია (CV); ე) 2 ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4–ზე; ვ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ; ზ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

დადგენილება N: 102/2022 – სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე

განცხადება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ.

ასევე იხილეთ:

ჯაბა სამუშია ერთადერთი კანდიდატია, რომელიც თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსზე დარეგისტრირდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური