GE

თუ პედაგოგს წამყვანი, ან მენტორის სტატუსის მოპოვება გამოცდით სურს, ორეტაპიან პროცესს გაივლის

EDU.ARIS.GE-ს მკითხველი სტატუსის მქონე მასწავლებლების კითხვას, როდის იქნება შესაძლებელი წამყვანის და მენტორის სტატუსის მოპოვება ერთი გამოცდით, როგორც ეს ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მასწავლებლის სახლთან ერთად დააანონსა, ბერიკა შუკაკიძე პასუხობს, რომ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა უფროს და წამყვან მასწავლებლებს აუცილებლად მიეცემათ, მაგრამ არა უახლოეს ერთ წელიწადში.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან ჩვენს საუბარში ისიც გაირკვა, რომ მხოლოდ გამოცდა სტატუსის შესაცვლელად საკმარისი მაინც არ იქნება. კერძოდ კი, წინსვლისათვის მათ ორეტაპიანი პროცესი ექნებათ გასავლელი. ერთის მხრივ, ეს იქნება შესაბამისი გამოცდა და მეორეს მხრივ – შიდა კომპლექსური შეფასება.

„სტატუსის ამაღლების მსურველებს აუცილებლად მოუწევთ შესაბამისი  გამოცდის ჩაბარება, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი. მასწავლებელმა შეიძლება გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მიიღოს, მაგრამ ეს  არ ქმნის კარგი გაკვეთილების გარანტიას. მოხდება მათი შიდა შეფასებაც. ეს შეფასება იქნება კომპლექსური, გვექნება ძალიან ობიექტური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული შეფასების სისტემა. არასწორი იქნება, რომ ავჩქარდეთ და ზაფხულისთვის დავნიშნოთ ეს გამოცდები. პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს პროგრამა და უნდა მომზადდეს სამეცადინო რესურსები.

„არ იქნება სამართლიანი, მასწავლებელმა არ იცოდეს რაში ვცდით და არ მიეცეს საშუალება მოემზადოს  გამოცდისთვის. მათი „გამოჭერა“ ხომ არ არის ჩვენი მიზანი? ამიტომ, განისაზღვრება პროგრამა, ჩატარდება ტრენინგები, დარიგდება რესურსები. სკოლებში შემოვიდა/ შემოდის „ახალი სკოლის მოდელი“ ამ მიდგომების გათვალისწინებაც იქნება საჭირო საგამოცდო პროგრამაში, რომ აღარ გამოგვივიდეს ისე, რომ ერთ რამეში ვცდით ადამიანს და მეორეს ვთხოვთ პრაქტიკაში.

„შემუშავებული პროგრამასა და მასალებს გადავცემთ შეფასებისა და გამოცდების ცენტრს, ისინი მოამზდებენ ტესტებს, მოხდება ამ ინსტრუმენტების  გამოცდა და მხოლოდ შემდეგ დაინიშნება გამოცდები წამყვანობის და მენტორობის მსურველთათვის. ამ ყველაფერს სჭირდება დრო. ჩემი აზრით, მომავალი წელი იქნება ამისთვის საჭირო, რომ დალაგდეს ეს ყველაფერი. გაკვეთილზე დაკვირვების ფორმაც იქნება განსხვავებული, არაერთჯერადი და თანამშრომლობაზე დაფუძნებული. ქალბატონი თამარ ჯაყელი და მე ვმუშაობთ ამ მიმართებითაც, რომ უკაცრავად და ,,გამოჭერაზე“ ორიენტირებული კი არ იყოს დასწრება, არამედ თანამშრომლობაზე, ურთიერთნდობაზე“, – ასეთ კომენტარს აკეთებს EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე.

ასე რომ, უფროს და წამყვან მასწავლებლებს კარიერული წინსვლისთვის დალოდება მოუწევთ.

ეროვნული სკოლა, მასწავლებლების გარდა, სკოლის მომავალი დირექტორებისთვისაც ამოქმედდება – დეტალები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური