GE

უკრაინულენოვანი სექტორი საქართველოში ჩამოსული მოსწავლეებისთვის

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 25 მარტის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ანდრი კასიანოვს პირადად გააცნო.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინელ მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე მუშაობს ამ მიმართულებით. მიხეილ ჩხენკელის თქმით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, უკრაინელი მოსწავლეებისთვის საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების კარი უკვე გახსნილია და მათ ჩარიცხვა აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 190 მოსწავლე უკვე ჩარიცხულია.

“თავის მხრივ, ანდრი კასიანოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს უკრაინელი ხალხისა და მოსწავლეების უდიდესი მხარდაჭერისათვის და განაცხადა, რომ უკრაინულენოვანი სექტორის დაარსების პროცესში საელჩო აქტიურად ჩაერთვება და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდროდ ითანამშრომლებს”, – წერს გავრცელებულ ინფორმაციაში სქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ასევე იხილეთ:

„სურვილის შემთხვევაში, უკრაინის სკოლის მოსწავლეები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან“

მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას გაუწევენ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური