GE

„უმაღლესი განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების განვითარებისკენ გადადგმული სისტემური ნაბიჯები თითქმის არ გვხვდება“

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ და 14 ივნისს გამოქვეყნებული მოკვლევის ანგარიშის თანახმად, ინკლუზიური განათლების ხარისხი გამოწვევად რჩება, რაც არაერთი კვლევით დასტურდება, მათ შორის, სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშითაც, რომელშიც წერია: “სასკოლო და პროფესიული განათლებისგან განსხვავებით, უმაღლესი განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების განვითარებისკენ გადადგმული სისტემური ნაბიჯები თითქმის არ გვხვდება.

მოკვლევამ, სახელწოდებით ინკლუზიური განათლების მონიტორინგი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არაერთი მიგნება გამოავლინა, იმის თაობაზე თუ რამხელა პრობლემები აქვთ უნივერსიტეტებს ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს თუ სწავლა-სწავლების თვალსაზრისით და რომლებიც რეაგირებას საჭიროებს.

“საკანონმდებლო დონეზე, გარდა იმ საერთაშორისო და ადგილობრივი კანონებისა, რომლებიც ზოგადად ავალდებულებს სახელმწიფოს უზრუნველყოს განათლების ხელმისაწვდომობა ყველასთვის, მნიშვნელოვანი დოკუმენტია „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები“, რომელიც უშუალოდ ავალდებულებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებული სასწავლო გარემო შეუქმნას სტუდენტებს და დაეყრდნოს სტუდენტზე ორიენტირებულ მიდგომას. თუმცა, თუ როგორ უნდა იყოს ორგანიზებული ეს პროცესი – ერთიანი, სისტემური მიდგომა არ არსებობს. უნივერსიტეტები ინდივიდუალურად მუშაობენ ინკლუზიური განათლების განვითარებისთვის. ამ მიმართულებით ჩატარებულ მცირერიცხოვან კვლევებში ჩანს, რომ სსსმ სტუდენტები უნივერსიტეტებში ხვდებიან როგორც მნიშვნელოვან ფიზიკურ, ისე სოციალურ ბარიერებს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სსსმ სტუდენტების სტატისტიკას არ ამუშავებს, რადგან არ იღებს შესაბამის მონაცემებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისგან, რომლებიც თავის მხრივ ამ სტატისტიკას არ აწარმოებენ”, – წერს ლევან იოსელიანი ანგარიშში.

რომელ უნივერსიტეტებში ჩატარდა მონიტორინგი

კვლევაში ჩართული იყო 11 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება – 9 საჯარო და 2 კერძო უნივერსიტეტი: სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი; სსიპ შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სსიპ იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი; სსიპ სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი; შპს თავისუფალი უნივერსიტეტი და შპს საქართველოს უნივერსიტეტი.

ანგარიშები დეტალურად მიმოიხილავს განათლების სისტემაში არსებულ მდგომარეობას, აანალიზებს გამოწვევებს და გასცემს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო რეკომენდაციებს.

რა ძირითადი მიგნებები თუ პრობლემები გამოიკვეთა სტუდენტებთან დაკავშირებით

უნივერსიტეტებში მყოფი შშმ სტუდენტების შეზუდული შესაძლებლობა უმრავლეს შემთხვევაში უკავშირდება ქრონიკულ დაავადებას, გადაადგილების შეზღუდვასა და მხედველობის დარღვევებს. უფრო იშვიათად გვხვდებიან ყრუ და სმენის დარღვევის მქონე სტუდენტები. გაზრდილია ფსიქოლოგიური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე სტუდენტების რაოდენობა, რომელთა საჭიროებებს უნივერსიტეტები სრულად ვერ აკმაყოფილებენ;

– კვლევაში მონაწილე უნივერსიტეტებში, სტუდენტის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გამოვლენის გავრცელებული გზაა უნივერსიტეტის სარეგისტრაციო კითხვარში სპეციალური კითხვები; უფრო ხშირია, როდესაც საგანმანათლებლო საჭიროება რეგისტრაციის პროცესში ჩატარებული შეხვედრების დროს ვლინდება. სტუდენტის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება მხოლოდ მისი სურვილის შემთხვევაში აღინუსხება. შშმ პირების მიმართ საზოგადოებასა და უნივერსიტეტებში ჯერ კიდევ არსებული სტერეოტოპებისა და სტიგმტიზებული დამოკიდებულებების გამო, სტუდენტები ხშირად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დამალვას ამჯობინებენ. ამ მიმართულებით რიგ შემთხვევებში, უნივერსიტეტები მიმართავენ შშმ სტუდენტების წახალისებას – ათავისუფლებენ სწავლის გადასახადისგან ან მნიშვნელოვნად უმცირებენ მას, ან გასცემენ ფულად გასაცემელს. სასწავლო პროცესში შშმ სტუდენტები მხოლოდ ნაწილობრივ არიან ჩართულები – ეტლით მოსარგებლეებისა და გადაადგილების შეზღუდვის მქონე სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტის სივრცე მხოლოდ ნაწილობრივ არის მისაწვდომი. უსინათლო პირებს, ასევე მხოლოდ ნაწილობრივ მიუწვდებათ ხელი სასწავლო მასალაზე, უნივერსიტეტის ვებგვერდსა და ელექტრონულ სასწავლო პორტალზე.

– გონივრული მისადაგების პრინციპი გამოიყენება ფრაგმენტულად და ხშირად, შშმ სტუდენტისა და მისი ოჯახის წევრის აქტიურობისა და ძალისხმევის შედეგად.

– კვლევაში ჩართულ ყველა უნივერსიტეტში, შშმ სტუდენტების საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილებას რეაქტიული ხასიათი აქვს: შშმ პირებისთვის სასწავლო პროცესის დაგეგმვას არ აქვს ორგანიზებული ხასიათი და სასწავლო პროცესში აღმოცენებული საკითხების შესაბამისად მიმდინარეობს; ლექტორებს მხოლოდ იშვიათად აფრთხილებენ წინასწარ, რომ ჯგუფში შშმ სტუდენტი იქნება და არც ამ შემთხვევაშიც ხდება წინასწარ საჭირო ზომების მიღება. შშმ სტუდენტებთან გეგმაზომიერი და პროაქტიული მუშაობა არ ვლინდება უნივერსიტეტების დოკუმენტაციაში.

– სისტემურ ხასიათს არ ატარებს სასწავლო პროცესში შშმ პირების საჭიროებებზე დავალებებისა და გამოცდების მორგება – ლექტორისა და ფაკულტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები, ხშირად არ ემყარება საფუძვლიან არგუმენტაციას – არ არსებობს გაწერილი წესები, რომლებიც საუნივერსიტეტო რეგულაციების ნაწილი იქნებოდა. არის შემთხვევები, როდესაც დავალებების ფორმატი შშმ სტუდენტებისთვის დავალებების გამარტივების მიზნით იცვლება.

– უნივერსიტეტებში არ არსებობს შშმ სტუდენტებთან მუშაობის პროფესიული სუპერვიზიის შესაძლებლობა – შშმ სტუდენტებთან მუშაობისას აღმოცენებული კითხვების შემთხვევაში, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს მხოლოდ პირადი კონტაქტების გამოყენებით შეუძლიათ მიმართონ უნივერსიტეტში შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლებს, რომელთა სამუშაო მოვალეობებში არ შედის მსგავსი კონსულტაციების გაცემა.

– უნივერსიტეტებში არ არსებობს სტრუქტურული ერთეული, რომელიც კოორდინაციას გაუწევდა შშმ პირებისთვის სასწავლო პროცესის ორგანიზებას, როგორც ეს გვხვდება ევროპულ უნივერსიტეტებში. შშმ სტუდენტების მცირე რაოდენობის გამო, სამიზნე უნივერსიტეტებში ასეთი სტრუქტურული ერთეულის არსებობა გაუმართლებლად მიაჩნიათ; თუმცა, მიესალმებიან უნივერსიტეტებისთვის ერთიანი ცენტრის/ჰაბის არსებობას, რომელიც უნივერსიტეტებს ინკლუზიური განათლების მიმართულებით გაუწევს კოორდინაციას.

– უნივერსიტეტში სწავლა შშმ სტუდენტებისა და მათი ოჯახებისგან გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე შეზღუდვის არმქონე სტუდენტებისგან – შშმ სტუდენტებს ოჯახის წევრები ეხმარებიან ტრანსპორტირებაში, უნივერსიტეტში ხშირად ასრულებენ ასისტენტის ფუნქციას, ჩართულნი არიან აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან კომუნიკაციის პროცესში. შშმ სტუდენტებს დამატებითი ძალისხმევა სჭირდებათ სასწავლო მასალის მოსაპოვებლად და სასწავლო პროცესში სრულად ჩასართველად.

– შშმ სტუდენტები ნაკლებად არიან ჩართულები ექსტრაკურიკულურ და სამეცნიერო აქტივობებში – ეს ძირითადად უნივერსიტეტში მათ საჭიროებებზე მხოლოდ ნაწილობრივ მორგებული გარემოთი და სახლიდან ტრანპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემებით არის გამოწვეული. შშმ სტუდენტები ნაკლებ ინტერესს იჩენენ, მონაწილეობა მიიღონ უნივერსიტეტის მართვაში.

– უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები მიმღებლობას ამჟღავნებენ შშმ სტუდენტებისა და ზოგადად, ინკლუზიური განათლების მიმართ. თუმცა იკვეთება მათი არაინფორმირებულობა შშმ პირთა უფლებების შესახებ და არასათანადო ტერმინების გამოყენების პრაქტიკა.

– შშმ სტუდენტები, ზოგადად, დისკრიმინაციულ მოპყრობას არ გრძნობენ; თუმცა აღნიშნავენ, რომ ცალკეულ შემთხვევებში, უნივერსიტეტის პერსონალის ცნობიერების დონე გაუმჯობესებას საჭიროებს; სტუდენტებთან ურთიერთობაში კი შეიმჩნევა დაძაბულობა, რომელიც განპირობებულია შშმ პირებთან ბუნებრივად და შესაბამისად მოქცევის არცოდნით.

განათლების სამინისტროსთან მიმართებიტ გამოვლენილი მიგნებები

– კვლევაში ჩართული უნივერსიტეტების უმრავლესობაში გამოიკვეთა აზრი, რომ სწავლის უნივერსალური დიზაინი და ინკლუზიური განათლება მნიშვნელოვანია, მის შესაქმნელად და დასანერგად კი აუცილებელია პროაქტიული მიდგომა; თუმცა, იმასაც აღიარებენ, რომ არსებული დაფინანსების პირობებში, მხოლოდ საკუთარი რესურსებით ამის მიღწევა, განსაკუთრებით საჯარო უნივერსიტეტებისთვის, შეუძლებელია. პრობლემას წარმოადგენს უნივერსიტეტებს შორის რესურსების გაზიარება და პროცესში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქტიური ჩართულობაც.

– ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით, ერთეული გამონაკლისების
გარდა, უნივერსიტეტებს დონორ ორგანიზაციებსა და განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსთან თანამშრომლობის გამოცდილება არ აქვთ. ამ უკანასკნელთან
თანამშრომლობაც, მხოლოდ ინდივიდუალური, გადაუწყვეტელი შემთხვევების მოგვარებით
შემოიფარგლება.

სახალხო დამცველის რეკომენდაციები უწყებებისადმი:

საქართველოს მთავრობას: დააჩქაროს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება შშმ სტუდენტების სწავლა/სწავლებასთან დაკავშირებული ხარჯები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს: ინკლუზიური განათლების მიმართულებით, კოორდინაცია გაუწიოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს შორის რესურსების გაზიარებასა და თანამშრომლობას;

ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ქართულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით, შეიმუშაოს იმ მაკოორდინირებელი ერთეულის – ცენტრის/ჰაბის მოდელი, რომელიც კოორდინაციასა და სუპერვიზიას გაუწევს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს ინკლუზიური განათლების მიმართულებით – უნივერსიტეტებს გააძლიერებს საჭირო მატერიალური და ადამიანური რესურსებით;

აქტიურად ითანამშრომლოს დონორ ორგანიზაციებთან, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების მაკოორდინირებელი ერთეულის შექმნისა და პილოტირების მიმართულებით.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს: უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს ოპერატიულად მიაწოდოს ინფორმაცია დარეგისტრირებული შშმ სტუდენტების შესახებ.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას: დაიწყოს ინფორმაციის დამუშავება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში შშმ სტუდენტების რაოდენობის შესახებ, მათი საჭიროებების გამოვლენის მიზნით.

უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ადმინისტრაციებს სახალხო დამცველმა 18 რეკომენცადია მისცა, რომელთა ნახვაც ანგარიშშია შესაძლებელი: მოკვლევის ანგარიში სრულად

ასევე იხილეთ:

„დროულად ამოქმედდეს უფასო, ჯანსაღი სასკოლო კვების პროგრამა!“ – სახალხო დამცველი განათლების მინისტრს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური