GE

„უმეტესობას პირადი, ოჯახური მიზეზები აქვს და ამიტომ გადადიან ონლაინ სწავლებაზე“ – მშობლების არჩევანი სასწავლო წლის ბოლოს

პანდემიის პირობებში, ყოველ ოთხშაბათს, საჯარო სკოლების მოსწავლეების კანონიერ წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე განაცხადი გააკეთონ და მოსწავლის დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანის სურვილი დააფიქსირონ.

დისტანციური სწავლის არჩევისას მშობელი სახელმწიფოს წინაშე იღებს ვალდებულებას, რომ შვილს შესაბამისი ტექნიკითა და ინტერნეტით უზრუნველყოფს.

„დისტანციური სწავლის ფორმის არჩევით ვადასტურებ, რომ შემიძლია მოსწავლე უზრუნველვყო გამართული ინტერნეტით და ტექნიკით (კომპიუტერი, პლანშეტური კომპიუტერი, სმარტფონი), თანახმა ვარ ჩემი შვილის შეფასება განხორციელდეს დისტანციური სწავლებისას მიღებული ნიშნებით და აღირიცხოს მისი დასწრება შესაბამის ელექტრონულ ჟურნალში“, – ნათქვამია განაცხადის ტექსტში, რომლითაც მოქალაქეები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას მიმართავენ.

EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, ონლაინ სწავლებაში ჩართვის მსურველთა რიცხვი მზარდია, რისი მიზეზიც, პანდემიის გარდა, სასწავლო წლის დასასრულის მოახლოებაცაა.

რთული ეპიდსიტუაციის ფონზე, სააღდგომო არდადეგების შემდეგ, საზოგადოებას და პედაგოგების ნაწილსაც ჰქონდათ მოლოდინი, რომ სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდოდნენ, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სიტუაციის მართვა კვლავ წერტილოვანი შეზღუდვებით გრძელდება.

EDU.ARIS.GE-ს მიერ 19-მაისს და გასულ დღეებში გამოკითხული მშობლების უმრავლესობა მომხრეა, რომ ბავშვებმა სასწავლო წელი სკოლაში დაასრულონ, თუმცა იზრდება ისეთი პირების რიცხვიც, რომლებიც ჯანმრთელობის რისკის და სხვადასხვა პირადი მიზეზების გამო, დისტანციურ სწავლებას ირჩევს.

ჩვენი რესპონდენტები ონლაინ სწავლაზე გადაყვანის მიზეზად უფრო ხშირ შემთხვევაში პირად მოტივებს ასახლებენ.

„ბავშვები აღდგომის არდადეგების დროს გავიყვანე ქალაქგარეთ, გურიაში არიან და გაკვეთილებზე ონლაინ ერთვებიან, ერთი პირველკლასელია და რამდენიმე დღეში ისედაც უმთავრდება სწავლა, მეორე მეშვიდე კლასშია. ვმუშაობ და მთელი წელი სულ პრობლემა მქონდა მათი დატოვების კუთხით, განსაკუთრებით პირველკლასელის, ხან ნათესავთან ვტოვებდი, ხან მეზობელთან და ძალიან დიდი დისკომფორტი იყო. მხოლოდ ამის გამო გადავწყვიტე დისტანციურზე გადაყვანა, პანდემია არ ყოფილა მიზეზი“, – ამბობს თამარ იმედაშვილი ჩვენთან საუბარში.

„მთელი წელია, ონლაინ რეჟიმში სწავლობენ ჩემი შვილები, თბილისში ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით, პანდემიის დაწყების შემდეგ დავბრუნდით სოფელში, იმერეთში. ადგილობრივ სკოლაში ვაპირებდი გადაყვანას, მაგრამ ისეთ ასაკში არიან, არ მოისურვეს თანაკლასელებთან დაშორება, ამიტომ სწავლობენ ონლაინ. ჩვენს შემთხვევაში გადაწყვეტილების მიზეზი ძირითადად ესაა, თან მშვიდად ვარ, სუფთა ჰაერზე და ბუნებაში არიან ბავშვები და დაინფიცირების რისკიც ნაკლებია“, – ამბობს კიდევ ერთი მშობელი ელენე კვიცარიძე.

დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანის მოთხოვნით, დღეს განცხადება დაწერა მე-8 კლასელი მარიამის დედამაც, რადგან ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, მოზარდს პირბადეში სუნთქვა უჭირს.

„ჩემმა შვილმა მთხოვა, რომ სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიყვანო. მას შემდეგ, რაც დათბა, ხშირად ამბობს, რომ პირბადეში სუნთქვა უჭირს. ერთხელ ლამის შევწუხდიო. ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, ისედაც მეშინოდა და უარი არ ვუთხრი. რადგან უფროსკლასელია, დისტანციურ რეჟიმშიც აქტიურად მეცადინეობს, ისმენს გაკვეთილს და დავალებებს ასრულებს, ამიტომ დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. რაც შეეხება უმცროს შვილს, რომელიც პირველკლასელია, აქ სხვა სიტუაციაა – სახლში, ონლაინ ყურადღების კონცენტრაცია უჭირს, საკლასო ოთახში უკეთ უსმენს გაკვეთილებს, ამიტომ სკოლაში დადის. თუმცა მუდმივად შიშის ქვეშ ვართ, რადგან პატარები პირბადეებს ვერ მოიხმარენ და ინფიცირების რისკი გაცილებით დიდია“, – ამბობს მარიამის მშობელი თათა კუპატაძე.

„არავითარ შემთხვევაში არ გადავიყვან დისტანციურ სწავლაზე შვილს, თუკი სახელმწიფო არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ისედაც ფაქტობრივად წელიწადი ჩავარდა და ჩემი სურვილით განცხადებას არასოდეს არ დავწერ. ბავშვები ყველგან დადიან, სავსეა სკვერები, სტადიონები და მაღაზიები, წრეებზე და რეპეტიტორებთან დაჰყავთ და მარტო სკოლაშია საფრთხე? დარწმუნებული ვარ, უმეტესობას პირადი, ოჯახური მიზეზები აქვს და ამიტომ გადადიან ონლაინ სწავლებაზე, თორემ პანდემიის საფრთხე ყველგანაა და სწავლის სასარგებლოდ უნდა ვიმოქმედოთ“, – ამბობს კიდევ ერთი მშობელი ნელი ცაავა.

2020-2021 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, საგანმანათლებლო კალენდრის თანახმად, მე-12 კლასელებისთვის სასწავლო წელი 20 მაისს სრულდება, პირველკლასელებისთვის – 27 მაისს, დანარჩენი კლასებისთვის კი – 15 ივნისს.

ბოლო ზარის, ექსკურსიებისა და ბანკეტების შესახებ სკოლებმა სამინისტროსგან რეკომენდაციები მიიღეს – რა იკრძალება და რა არის დასაშვები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური