„უნდა ვეცადო, ამ განსაცდელმა მიზნები არ შეუცვალოთ…“ – პედაგოგი ნატალია ბერიაშვილი დისტანციური სწავლების შესახებ
EDU.ARIS.GE-ს სტატიათა სერია „ერთი დღე მასწავლებლის კორონავირუსული ცხოვრებიდან“ გრძელდება და დღეს ჩვენი სტუმარია ნატალია ბერიაშვილი, ისტორია-სამართალმცოდნეობის მაგისტრი, სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლის, ისტორია- სამოქალაქო განათლების წამყვანი მასწავლებელი.
მოგესალმებით,
ვფიქრობ, რა იქნება ჩემი წერილის მთავარი გზავნილი? მე რიგითი მასწავლებელი ვარ, რომელიც რიგ საქმეებს სხვაზე ცუდად ასრულებს, რიგ საქმეებს კი – სხვაზე უკეთ. ბლოგერობიდან მაქვს წერის გარკვეული გამოცდილება, თუმცა სტატია ჩემთვის ახალი გამოწვევაა. როგორ მოვახერხებ საკუთარი გრძნობების გადმოცემას. იქნებ ვიღაცისთვის საინტერესო წასაკითხი გახდეს, ან – სულაც განსჯის საგანი.
ერთი კია, ამჯერადაც გულწრფელი ვიქნები, ვისაუბრებ არსებულ ვითარებაში საკუთარ განცდებზე, წარსულის გამოცდილებასა და პერსპექტივაზე.
მე მასწავლებელი ვარ, დამწყები მასწავლებელი. მართალია, მეთერთმეტე წელია სკოლაში ვარ და ხშირად მისწორებენ, რომ აღარ ვარ დამწყები, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი.
ერთ, არც თუ ისე მშვენიერ დღეს, ახალ რეალობაში გავიღვიძე, რომლისთვისაც მზად არ აღმოვჩნდი, არც ერთი თვალსაზრისით. მოგვიანებით ნათელი გახდა, რომ არც არავინ იყო მზად ამ გამოწვევისთვის.
დავიბენი… წლების განმავლობაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი. არ ვყოფილვარ სტანდარტული მასწავლებელი, ხშირად გავდიოდი კლასის გარეთ, მათ შორის სკოლის ეზოშიც, ხან მასწავლებელი ვიყავი – ხან მოსწავლე.
ვსტუმრობდით და გვსტუმრობდნენ. წარმატებით ვმონაწილეობდით ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტებში, კონკურსებში. გვქონდა გასვლითი შეხვედრები საკრებულოში, მუზეუმში, არასამთავრობო ორგანიზაციებში. ვაწყობდით აქციებს, ზოგჯერ ღამით, ვიღებდით ვიდეორგოლებს, ვბეჭდავდით და ვავრცელებდით ბუკლეტებს.
ვატარებდით ღია გაკვეთილებს, ვეწეოდით ადვოკატირების კამპანიებს, ვახორციელებდით საგრანტო პროექტებს, წლებია ვხელმძღვანელობ სამოქალაქო განათლების კლუბს “ანაბეჭდი”…
თუ მანამდე საკლასო სივრცე მეპატარავებოდა, ამჯერად მონიტორის ერთ კუნჭულში დავიდე ბინა.
ტრენინგზე ვიყავი, როცა შევიტყვე არდადეგების დაწყების შესახებ. საწყის ეტაპზე გაუცნობიერებლად, ალბათ, ყველას გაგვიხარდა, დასვენება ძალების აღდგენის საშუალებად მივიჩნიე. მალევე გაცხადდა, რომ სკოლაში აღარ დავბრუნდებით, უკვე გამოცდილი მეთოდები აღარ დაგვეხმარება, ონლაინ სწავლება უნდა განვახორციელოთ.
თავდაპირველად გამიჩნდა გაუცნობიერებელი შინაგანი პროტესტი, არ მომხიბლა ურთიერთობის ამ ფორმამ. ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ ამ სიტუაციაში ალტერნატივა არ გვქონდა. პრობლემას მიქმნიდა ისიც, რომ ჩემი ლეპტოპი გაფუჭდა, რესურსად ტაბლეტის გამოყენება დავიწყე, რომელსაც ხმის პრობლემა აღმოაჩნდა. ჩემი თანამშრომელი და მეგობარი კლასების შექმნაში დამეხმარა, თითოეულ კლასზე დავამატე სკოლის დირექტორი, რათა სურვილის შემთხვევაში გააკონტროლოს, მონიტორინგი გაუწიოს პროცესს. გავეცანი ვიდეოინსტრუქციებს და მოსწავლეებს შევუზღუდე გარკვეული უფლებები, ერთმანეთი რომ არ გაეთიშათ გაკვეთილიდან. ჩვეულებრივ, ტექნოლოგიებს აქტიურად ვიყენებდი სასწავლო პროცესში, თუმცა ამჯერად, ჩემთვის ბევრი რამ ახალი იყო და სწავლა დავიწყე. ამეკვიატა ფიქრი, ერთი მწერლისა არ იყოს:
– როგორ შევეყრები მე ჩემს ბავშვებს და როგორ შემეყრებიან ისინი მე?
სულ სხვაა საკლასო სივრცე, მახსოვს ერთხელ გავიხუმრე პატარებთან კახური აქცენტით:
- აბა, მევემზადოთ… თან გამეცინა. აიტაცეს და ყველა შესვლაზე რომელიმე მათგანს მაინც ახსენდებოდა და ამ სიტყვებით მეგებებოდა.
წამოვიწყე გაკვეთილი თიმსში და მესმის პატარების ხმა:
- მაას, მევემზადოთ…
მივხვდი რომ ვიპოვე ისინი, მე მათი ვარ და ისინი ჩემები არიან. ყველაზე მთავარია ამ ვითარებაში შევინარჩუნოთ დადებითი ემოცია, რაც შფოთვას თავიდან აარიდებს მოზარდებს.
ჩვენი გაკვეთილების დასაწყებად მთელი ოჯახი ემზადება, ყველა საქმე უნდა მოითავონ, რომ ხელი არ შემიშალონ. ძირითადად მარტო მტოვებენ, თუმცა ჩემს მეუღლეს უყვარს პატარების გაკვეთილები და გვისმენს. მოსწონს ყველანი რომ ჭყლოპინებენ, ერთმანეთს ასწრებენ, თავს მაწონებენ. რიგითობით პასუხს მივეჩვიეთ, ახლა ვიპოვე ინსტრუქციაც, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს.
თითოეულმა ადამიანმა უნდა შეძლოს აქციოს პრობლემა შესაძლებლობად, შეცდომა- გამოცდილებად, გამოწვევა- წარმატებად. მინდა ბავშვებმაც იცოდნენ, შეძლონ ეს. რადგან ხშირად მათი ქცევა მოდელურია, მინდა მივცე მაგალითი. ვამჩნევ შეიცვალნენ, თითქოს უცებ გაიზარდნენ. უნდა ვეცადო ამ განსაცდელმა მიზნები არ შეუცვალოთ. პირიქით, ყველა გარემო ფაქტორი, საფრთხე აქციონ შესაძლებლობად.
შორიდან ეს პროცესები შესაძლოა ჩანდეს მარტივი, მერწმუნეთ ასე არ არის.
პირველ გაკვეთილებზე გამიჭირდა, შემდეგ მოვახერხე ადაპტირება, დროდადრო ჩემს ტაბლეტის ხმის პრობლემის გამო გავდივარ გაკვეთილიდან, რომ ხელმეორედ შევიდე. ასევე, მისი ზოგადი ტექნიკური შესაძლებლობებიც შეზღუდულია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ღია გაკვეთილი მაქვს ჩატარებული, ეს კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. ამ სივრცეს მშობელიც აკონტროლებს, ვხვდები რომ ახლოს არიან, აკვირდებიან საკუთარი შვილის მიღწევებს, მასწავლებელს, მასალას. ერთის მხრივ კი მიხარია, მახსოვს საგანზე ,,მე და საზოგადოება” რა პოლემიკაც იმართებოდა, იყო დაძაბულობა და მშობლებს უარყოფითად განაწყობდნენ ამ საგნის მიმართ. დღეს მშობლები ხედავენ, რომ მათი შვილები ამ საგანში ისეთ უნარებს იძენენ, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ კარგ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ. ყველა ბავშვი ვერ სარგებლობს ამ პლატფორმით, ამიტომ დანარჩენებთან კომუნიკაციისთვის მასწავლებელმა მესენჯერს ან ტელეფონი უნდა გამოიყენოს.
ჩართვისას ვსაუბრობ გარკვეულ თემებზე, ვაჯერებ მაგალითებით, შეძლებისდაგვარად ვცდილობ ინტერაქციის ელემენტების გამოყენებას, ვსვამ საკვანძო კითხვებს, გამოვთქვამთ ვარაუდებს. მასალაში თემებს ვაერთიანებ, არაერთი კარგი ონლაინ რესურსია, რომელიც მეხმარება სწავლა-სწავლებაში. ვუგზავნი დავალებებს, მის აღწერას, ვიდეორგოლებს, ანიმაციებს, სოციალურ რეკლამებს. მეათე კლასში სწავლობენ ისტორიის დამხმარე დისციპლინებს, მოსწავლეებს ვთხოვე შეედგინათ დღიური, (ნასწავლი აქვთ ანა ფრანკის და კომნენეს დღიურები, როგორც ისტორიული წყაროები) მხოლოდ ერთი ან რამდენიმე დღის ემოცია გადმოეცათ, რომელიც იქნებოდა ამ დღეების მემატიანე, როგორც ისტორიის დამხმარე ერთ-ერთი რესურსი. ერთი დავალების ნაწყვეტს ქვემოთ დავურთავ. [1]
თითოეულ კლასს მასალასთან ერთად ვუგზავნი შესაბამის რესურსს, ინსტრუქციას. ვინც Assignments-ში დავალების ატვირთვა არ იცის, ვეხმარები სწავლაში და თუ მაინც ვერ გამოსდის, მიგზავნის დავალებას მესენჯერში, ან იქვე თიმსის ჩატში, დებს პოსტად და ა.შ.
თითოეულ შესრულებულ დავალებას ვურთავ უკუკავშირს, უკუკავშირის ტექნიკის გათვალისწინებით. ის უნდა იყოს კონკრეტული, პოზიტიური, მაგრამ უნდა შეიცავდეს განმავითარებელ ელემენტებსაც. ეს კიდევ უფრო რთულია, ბეწვის ხიდზე უნდა იარო არ შეგეშალოს, ვერიდები ერთსა და იმავე ტერმინების გამოყენებასაც, რომ არ გაუჩნდეთ განცდა, თითქოს სულ ერთია. მით უფრო პატარები სიამაყით ხშირად უზიარებენ ერთმანეთს მასწავლებლის შეფასებას. ისინი ყველანი ინდივიდუალურები და ამავე დროს გამორჩეულები არიან, უკუკავშირიც ასეთივე დაიმსახურეს.
გაკვეთილების დასრულების შემდეგ ვემზადები შემდეგი დღისთვის, ვგეგმავ შეხვედრას, ვეძებ რესურსებს. შეიძლება ითქვას თითოეულ რესურსს კრიტიკულად ვაფასებ, რომელი მათგანის გამოყენება შეიძლება და რა ასაკში. დროის ერთ ნაწილს ყვავილებს ვუთმობ. ყვავილები ჩემი ჰობია. ბავშვებივით არიან, თუ ზრუნვას აკლებ იწყენენ, კნინდებიან და კარგავ. აშკარაა სიყვარული ყველას და ყველაფერს სჭირდება და ის ყველგანაა.
სადღაც აპელირებდნენ მასწავლებლები გმირები არიანო, არ ვთვლი თავს გმირად. გმირები ისინი არიან, ვინც საკუთარი სიცოცხლით რისკავენ. მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ და ამაში ანაზღაურებას ვიღებ. წლების განმავლობაში მოხალისეობრივად ამაზე გაცილებით მეტი მიშრომია მოსწავლეების და ზოგადად სკოლის საჭიროებებისთვის.
ვიცი, შეუძლებელია ტექნოლოგიურ პროგრესს ვინმე წინ აღუდგეს, მაგრამ ასევე ვერ წარმომიდგენია სწავლება ცოცხალი ურთიერთობების, იუმორის, ჩახუტების, ღია სივრცეების, ხალხმრავალი აუდიტორიების გარეშე. მართალია ხშირად სასკოლო რუტინა აღიზიანებთ მოზარდებს, წუწუნებენ, მაგრამ სკოლა მათი რეალიზებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება. მოსწავლეები სკოლაში არ იძენენ მხოლოდ ცოდნას, ინფორმაციის მოძიებას. აქ ეფექტურ კომუნიკაციას, სიყვარულს, ზრუნვას, თანაგანცდას, ურთიერთდახმარებას და ბევრ ისეთ ღირებულებას სწავლობენ, რასაც მონიტორიდან ვერ ისწავლი. მე აქტიურად ვიყენებდი არაფორმალურ განათლებაში სოციალურ ინკლუზიას და შედეგი ინკლუზიური განათლებით მოსარგებლე მოსწავლესთანაც იყო თვალშისაცემი. ჩვენი ერთ-ერთი ,,მემატიანე” დავალებაში წერს:
[1]
„მე ჩემი თითოეული სიტყვა უკან მიმაქვს, რომლებსაც სკოლაზე ვამბობდი ხოლმე.
მე მენატრება ძველი, ნამდვილი, დატვირთული ცხოვრების წესი.
მე მენატრებიან ჩემი მეგობრები.
მე მენატრება სკოლა, რომელსაც ზოგჯერ ვერ ვიტან.
მე მინდა მალე დადგეს ის დღე, როცა ისევ დილის 8 საათზე გავიღვიძებ და სკოლაში წასასვლელად მოვემზადები.
ყველაფერი კარგად იქნება, მე მჯერა.”
სალომე ხიდიშელი. X კლასი.
მეც მენატრება სკოლა, ის მენატრება, რაც სკოლაში დამრჩა.
თუმცა, სხვა დროს, სხვა ვითარებაშიც მე გამოვიყენებ ამ პლატფორმას. მაგალითად, ზოგ მოსწავლესთან მივმართავდი შინ სწავლებას, ამიერიდან შემიძლია ონლაინ სწავლებით ჩავანაცვლო, ან კოლეგებთან გამოცდილების გაზიარების დროს, თუნდაც მოვახდინო კათედრის შეხვედრების ორგანიზება, პროფესიული გაზიარების ჯგუფების შექმნა, პროექტების დაგეგმვა…
ადამიანი თავისი ცხოვრების მანძილზე ბევრ არჩევანს აკეთებს, არის რაღაც, რასაც ვერ აირჩევ. მაგალითად ის, თუ რომელ დროში დაიბადო.
და რადგან ამ დროში ცხოვრება გვერგო, დავტოვოთ ჩვენი კვალი უკეთესი მომავლისთვის.
მეც მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
„ჩემი მასწავლებლობის ახალი ეტაპი“ – გაკვეთილი კორონავირუსის პირობებში
„სად ხარ?“ „რატომ არ ჩანხარ?“ „ჩართე კამერა!“ – მასწავლებლის ერთი დღე კორონავირუსის შემდეგ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება