„ვიცით, რა უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ახალ წიგნებში რა იქნება, ეგ არ ვიცით – მასწავლებელი გამოწვევის წინაშეა“
საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ 2026-2027 სასწავლო წლიდან, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი ნაწილობრივ უნდა დაინერგოს და როგორც განათლების სამინისტრო ამბობს, 15 სექტემბერს, 1-ელ, მე-7 და მე-10 კლასების მოსწავლეებს, აქამდე არსებული გრიფმინიჭებული წიგნების ნაცვლად, ახალი სახელმძღვანელოები დახვდებათ, ორ, სამ ან ოთხ ნაწილად დაყოფილი.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის მიერ ზოგადი განათლების რეფორმის ხერხემლად წოდებული სიახლე საჯარო და კერძო სკოლებს თანაბრად შეეხებათ, თუმცა ერთი განსხვავებით – საჯაროს სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემა, კერძოს კი ფულის გადახდა მოუწევს.
რეფორმის ავტორებისგან უკვე ითქვა ისიც, რომ ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე [დაწყებით, საბაზო და საშუალო] ჰუმანიტარული და STEM მიმართულებების საგნებში – ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია – სახელმძღვანელოები 2028 წლის 15 სექტემბრამდე უნდა შეიცვალოს.
განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოების წერა ახალი საგნობრივი სტანდარტების დამტკიცებამდე დაიწყო და ცოტა ხნის წინ გაგვიმხილეს, რა იქნება გამოსახული ახალი სახელმძღვანელოების ყდებზე. იმის გათვალისწინებით, რომ არც ახალი სტანდარტი, არც წიგნები და არც მათი ავტორები თვალით არ გვინახავს, იმ იმედით, რომ 1-ელ, მე-7 და მე-10 კლასებში შესატანი სახელმძღვანელოები პედაგოგებს მაინც ექნებოდათ ნანახი, EDU.ARIS.GE ესაუბრა როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების მასწავლებლებს და მათ შთაბეჭდილების გაზიარება სთხოვა. ჩვენს რესპონდენტებს ასევე ვკითხეთ – ამა თუ იმ მიზეზით, იწუნებენ თუ არა წიგნებს, რომლებითაც დღემდე ასწავლიდნენ და ზოგადად, რას ფიქრობენ ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის შემოღებაზე.
როგორც „თანამედროვე განათლების აკადემიის“ დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, ნათია კოხოძემ 9 ივლისს გვითხრა, პირველკლასელებისთვის განკუთვნილი წიგნი ჯერ თვალით არ უნახავთ და შესაბამისად, მასწავლებელი გამოწვევის წინაშეა.
„1-ელ კლასში, რა თქმა უნდა, ჩვენც შეგვეცვალა სახელმძღვანელო. მე, როგორც კათედრის ხელმძღვანელს, უკვე შეთანხმებული მქონდა მასწავლებელთან წიგნები, თუმცა მოგვიწია შეცვლა. ახლა ვართ ეტაპზე, როდესაც ავტორები არ ვიცით, ანუ ჯერ არ გვაქვს ახალი სახელმძღვანელოები და შესაბამისად, არ ვიცნობთ.
თითოეულ საგანში სასწავლო პროგრამით ვმუშაობთ. კურიკულუმზეც თავიდანვე ვიწყებთ ხოლმე მუშაობას, მერე ვავითარებთ და ცვლილებები შეგვაქვს, მაგრამ ეს ხდება 15 სექტემბრამდე. რაც იყო აქამდე, იმას ხომ ისედაც ვიცნობდით და 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებისთვის მზად ვიყავით, თუმცა ახლა მზად აღარ ვიქნებით. ამ გამოწვევის წინაშე დგას მასწავლებელი… ჩვენ ვიცით, რა უნდა ვასწავლოთ, მაგრამ იმ ახალ წიგნებში რა იქნება, ეგ არ ვიცით“, – აცხადებს ნათია კოხოძე და იმედს გამოთქვამს, რომ ახალი სახელმძღვანელოები სკოლებს „ცოტა ადრე მაინც“ მიეწოდებათ.
ახალგაზრდა მასწავლებლის მოსაზრებით, ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი განათლების სისტემაში დღეს არსებულ პრობლემებს ვერ გადაჭრის.
„ჩვენ ვასწავლით სახელმძღვანელოებით, რომლებიც არის გრიფმინიჭებული. ასევე ვიყენებთ დამხარე სახელმძღვანელოებსაც და არა მხოლოდ სახელმძღვანელოებს, მასწავლებლებიც ვქმნით რესურსებს, რომ გარკვეული უნარები განუვითარდეთ მოსწავლეებს. ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი ამ ყველაფერს არ ეყოფა და ვერ ჩაანაცვლებს. იმედი მაქვს, რომ ისევ დასხდებიან სამუშაო მაგიდასთან და ისეთი რეფორმის გატარებას დაიწყებენ, რომელიც ბავშვების უნარების განვითარებას დაეხმარება.
ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი იმ პრობლემას ვერ გადაჭრის, რაც დღევანდელ სისტემაში არსებობს. დიდი ალბათობით, 1-ელ კლასში მასწავლებლები ცოტა არ გაყვებიან ამ სახელმძღვანელოს იმიტომ, რომ მეთოდიკები რატომღაც იცვლება ხოლმე. არ ვიცი, დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ“, – გვითხრა ნათია კოხოძემ.
ერთი სახელმძღვანელოს პრინციპში გარკვეულ შეზღუდვას ხედავს ანა შეყლაშვილი, რომელიც თბილისის 179-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელია. როგორც ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, პედაგოგს უნდა ჰქონდეს უფლება, დამხმარე საშუალებად სასურველი წიგნი გამოიყენოს.
„კარგია, რომ ეროვნულ მოტივებსა და ინტერესებზე გავატარებთ ბავშვებს, რასაც ყოველთვის ვაკეთებდით, მაგრამ ერთი სახელმძღვანელოს პრინციპში შეზღუდვას ვხედავ. მე, როგორც მასწავლებელს, უნდა მქონდეს საშუალება, რომ დამხმარე წიგნები ავიღო და ვიმუშაო. ეს აუცილებელია, რადგან მე უფრო კარგად ვხვდები, კლასში კონკრეტული მომენტისთვის რა მჭირდება. ამიტომ, რაღაც დოზით თავისუფლება უნდა გვქონდეს.
რაც შეეხება „ძველ“ სახელმძღვანელოებს, ფაქტია, რომ ეს არასწორად აწყობილი წიგნები იყო. მაგალითად, ვგულისხმობ შემდეგს – თუნდაც გრამატიკას, რომელიც ცალკე საგნად არ მოიაზრება დაწყებითებში, იყო არასწორად მიწოდებული დავალებები და მასწავლებლებს გადაწყობა გვიწევდა. აქედან გამომდინარე, თუკი ვინმე რაღაც სხვას მომაწოდებს, ჩემთვის გაცილებით მსუბუქი და ადვილი იქნება, მაგრამ უნდა მქონდეს თავისუფლება, რომ რომელი წიგნიც იქნება ჩემთვის მისაღები, დამხმარე საშუალებად ის გამოვიყენო“, – აღნიშნა პედაგოგმა.
კითხვაზე – გაქვთ თუ არა ახალი სახელმძღვანელოები ნანახი, ანა შეყლაშვილმა ასე გვიპასუხა:
„წელს 1-ელ კლასში არ შევდივარ და წიგნი არ მაქვს ნანახი, მაგრამ ვინც შედის, ალბათ, ისინი უკვე გაეცნობოდნენ. კათედრაზე იყო საუბარი, რომ უნდა გამართულიყო შეხვედრა და გაცნობოდნენ სახელმძღვანელოებს, თუმცა დაზუსტებით ვერ გეტყვით, ნამდვილად ნახეს თუ არა უკვე ახალი წიგნები“.
ასევე იხილეთ:
სასკოლო წიგნის ყდა თუ შინაარსი? – რა ვიცით ახალ სახელმძღვანელოებზე განათლების მინისტრისგან
გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები მათემატიკაში
by ARIS.GE-განათლება
-
მომავალი მასწავლებელი: „ჩვენ თუ არ ვიქნებით თავისუფლები, ვერც ბავშვებს ვასწავლით იმას, რისიც თვითონაც არ გვჯერა“
by ARIS.GE-განათლება
-
„აუუუ, თქვენც გაიგეთ?!“ – რატომ იდებენ აბიტურიენტები ფეხსაცმელში 5 თეთრიანს
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
