GE

წინა წელთან შედარებით, მოსწავლეთა რაოდენობა გაიზარდა, სკოლების კი შემცირდა – ახალი სტატისტიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 2021/2022 სასწავლო წლის ახალი მონაცემები გამოაქვეყნა.

1-ელ დეკემბერს გასაჯაროებული ახალი მონაცემების მიხედვით, სკოლების რაოდენობა ქვეყანაში წინა წელთან შედარებით ერთით შემცირდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში კი სკოლების რაოდენობა ჯამში 5 სკოლით არის შემცირებული.

2021/2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 308 სკოლა იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 222 – კერძო. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.2%) იმერეთში ფიქსირდება. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში 2017/2018 სასწავლო წელს ასევე 2 308 სკოლა იყო, 2018/2019 სასწავლო წელს – 2 313, 2019/220-ში ასევე – 2 313, 2020/2021-ში კი – 2 309 სკოლა.

რაც შეეხება მოსწავლეთა განახლებულ მაჩვენებლებს, როგორც სტატისტიკის სამსახური აღწერს, 2021/2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 624.5 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 2.5 %-ით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 90.4% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 9.6%. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.0% გოგოა, ხოლო 52.0% – ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.1%) თბილისში სწავლობს.

2017/2018 სასწავლო წლის მონაცემებით, ქვეყანაში 575.2 ათასი მოსწავლე იყო, 2018/2019 სასწავლო წელს – 584.4 ათასი, 219/2020-ში – 592.9 ათასი, 2020/2021-ში კი – 609.1 ათასი. წელს კი, მოსწავლეთა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 15.4 ათასით არის გაზრდილი.

საქსტატმა დაითვალა იმ მოსწავლეთა რაოდენობაც, რომელთაც სწავლა შეწყვიტეს. უწყების მონაცემების თანახმად, 2020/2021 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 7 050 მოსწავლემ, რაც 14.5%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 42.8% გოგოა, ხოლო 57.2% – ბიჭი.

2021 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 38 734 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.3 %-ით აღემატება. დაწყებითი განათლება მიიღო 47 617 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1%-ით მეტია. საბაზო განათლება კი მიიღო 44 832 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 10.9%-ით ჩამორჩება.

ასევე იხილეთ:

როგორი იქნება საგანმანათლებლო რესურსცენტრების ახალი პასუხისმგებლობა – მინისტრის განმარტება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური