GE

ყოველ წელს, მოსწავლეებთან ურთიერთობისას, იცით რას ვასკვნი?! – ყველა მშობლისთვის

ავტორი გურო დავითლიძე – პროფესიული კოლეჯისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის პროფესიული პედაგოგი

ყოველ წელს მოსწავლეებთან ურთიერთობისას იცით რას ვასკვნი?! მშობლებს არ სჯერათ შვილების. არ სჯერათ მათი ოცნებების, მიზნების, სურვილების, ფიქრების. რა საშინელი განცდაა, როცა იქ, სადაც იბადები და ცხოვრობ, არავის სჯერა იმის, რომ ერთ დღესაც შეიძლება კოსმოსში გაფრინდე, დედამიწა სამჯერ მოიარო და ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო დედამიწის ზურგზე.

მშობლებს არ სჯერათ შვილების ბედნიერების. ეს ხდება ბავშვობიდან. ამ ყველაფრის ფონზე კი, ისინი აღარ ოცნებობენ. ოცნება კი, ერთადერთი რამაა, რაც ადამიანს მოქმედებისკენ უბიძგებს. მერე რა, რომ შეიძლება ეს ყველაფერი მიუღწეველი იყოს. სამაგიეროდ იმოძრავებ. ეს სამყარო კი, არაფერია თუ არა მუდმივი, დაუღალავი და დაუსრულებელი მოძრაობა.

თუ თქვენი შვილი ოცნებობს, დასხედით და მათთან ერთად იოცნებეთ. წადით იქ, სადაც ისინი წავლენ. ნუ ცდილობთ იყოთ სულ დიდები და ჭკვიანები. წამიერად უნდა დაპატარვდე და თვალები სიხარულით შენც უნდა აგიციმციმდეს, როცა შენი შვილი მოგიყვება საოცარ ამბებს იმაზე, თუ როგორ გახდება სუპერ-გმირი და როგორ გადაარჩენს მსოფლიოს კაპიტანი ამერიკასავით.

როცა შენი ვიღაცას სჯერა, სხვანაირი ხარ. დილაც სხვანაირია და ღამეც. როცა იცი, რომ შენ გვერდით არსებობს ადამიანი, რომელიც შენთან ერთადაა, აღარ გეშინია. ბავშვებს კი ყველაზე ხშირად მარტო დარჩენის ეშინიათ ხოლმე, – სადმე დაკარგვის. ამიტომაცაა საჭირო ხელი ჩასჭიდოთ შვილებს და ისევე ირბინოთ ქვიშის სანაპიროზე, როგორც ისინი დარბიან.

უთხარით თქვენს შვილებს, რომ იოცნებონ და მიჰყევით ბოლომდე ამ ოცნებების ასასრულებლად. თუ წაიბორძიკა რომელიმემ, ჩუმად მიეპარეთ და ფეხზე წამოაყენეთ. ნუ ეტყვით რომელიმე ოცნებაზე, სურვილზე, მისწრაფებაზე რომ ეს ცუდია, და რომ სისულელეა რასაც აკეთებს. ნუ მოპარავთ ბავშვს ბავშვობას და ოცნების სურვილს.

გჯეროდეთ თქვენი შვილების და ისინი ირწმუნებენ საკუთარი თავის შესაძლებლობებს ადრეული ასაკიდანვე. მერე კი, ისინი უბრალოდ ბედნიერები იქნებიან. თქვენ კი, ხიდი ამ ბედნიერებამდე მისაღწევად.

„თუ გვინდა, ჩვენს სიტყვას შვილებმა ფასი დასდონ, ხუმრობითაც ტყუილი არ უნდა ვუთხრათ“ – ვაჟა-ფშაველას მიმართვა მშობლებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური