ყველა განათლების მინისტრი გაურბის ამაზე საუბარს – სპეციალისტები ჩხენკელის ინიციატივებზე
სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაზო დაფინანსება, ფაკულტეტების მიხედვით განსხვავებული გადასახადი, უმაღლესი სასწავლებლების არაგეგმიური შემოწმება, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის სტატუსის მიხედვით დანამატების მომატება, – ეს ის ინიციატივებია, რომლის განხორციელებასაც განათლების ახალი მინისტრი აპირებს. მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრის პოსტზე თვეზე მეტია რაც დაინიშნა, თუმცა მედიასთან შეხვედრა ჯერ არ გაუმართავს.
საზოგადოების საერთო განწყობა ახალი მინისტრის მიმართ დადებითია. როგორც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლადო პაპავა ამბობს, განათლების სისტემიდან მოსული მინისტრი დადებით განწყობას უკვე ქმნის (მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრობამდე იკავებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის პოსტს. ავტ.)
„ბატონი ჩხენკელის მიმართ განწყობა მაქვს დადებითი. თუნდაც იმიტომ, ვინ შეცვალა მან. კურიოზული, კატასტროფული პიროვნება, რომელიც არათუ განათლების სისტემას, ან მთავრობას, არ ვიცი, რას შეესატყვისება. ბატონ მიხეილს, როდესაც დაინიშნა ამ თანამდებობაზე, დავურეკე, მივულოცე და წარმატებებიც ვუსურვე. ჯეჯლავას შემდეგ ის აშკარად პოზიტიური მინისტრია“, – ამბობს ლადო პაპავა.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი, განათლების სპეციალისტი, თამარ მოსიაშვილი ახალი მინისტრის საქმიანობის შეფასებისას აცხადებს, რომ უფრო საინტერესო იქნებოდა, სამოქმედო გეგმა გაეცნო მას საზოგადოებისთვის.
„მინისტრი ჩხენკელი სულ ახლახანს დანიშნეს, შესაბამისად მისი საქმიანობის შეფასება გამიჭირდება. მან პარლამენტს გააცნო სისტემაში დაგეგმილი სიახლეები. ამ ინფორმაციის საფუძველზე, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს საუბარს სოფლის სკოლების განვითარებაზე, მისასალმებელია, რომ ამ პრიორიტეტს მთავრობა აღიარებს.
ზოგადად, ის ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ მინისტრის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, საინტერესოა, მაგრამ თუ გავიხსენებთ ჩვენს გამოცდილებას და ეკლექტურ საგანმანათლებლო პოლიტიკას, ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ გვქონდს სამოქმედო გეგმა და კიდევ გარანტიები, რომ მინისტრებისა და მთავრობების ცვლილება სამოქმედო გეგმის ცვლილებას არ გამოიწვევს“, – აცხადებს მოსიაშვილი.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლადო პაპავა მიხეილ ჩხენკელის ინიციატივას, უნივერსიტეტების საბაზო დაფინანსების შესახებ, მიესალმება და ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში უნივერსიტეტები აღარ იქნებიან სტუდენტებზე დამოკიდებული.
„ახლა უნივერსიტეტს არ აწყობს, სუსტი სტუდენტი მოიცილოს, იმიტომ რომ დაკარგავს შემოსავალს. უნივერსიტეტი ხელში უყურებს სტუდნეტს. ფაკლულტეტზე, მაგალითად, თუ შეგვექმნა ისეთი მდგომარეობა და სტუდენტი ვერ მოვიზიდეთ, უკვე კატასტროფული მდგომარეობა იქმნება დაწესებეულებაში“, – აღნიშნავს პაპავა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი EDU.ARIS.GE-ს უყვება, თუ როგორ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა წელს სწორედ ვაუჩერული დაფინანსების „წყალობით“, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.
„მე გახლავართ ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი. ჩვენთან ეკონომიკის მიმართულება არის პროგრამული დაფინანსებით. ბიზნესის მიმართულება კი არის სტუდენტის მიერ მოტანილ ფულზე დამოკიდებული.
„წელს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც თსუს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სათანადო მიმართულების სტუდენტები საკმარისი რაოდენობით ვერ აიყვანა. სამჯერ უფრო ნაკლები რაოდენობის სტუდენტი ჩაირიცხა, ვიდრე უნივერსიტეტს ჰქონდა გამოცხადებული ადგილი. ეს მოხდა იცით, რატომ? იმიტომ რომ თსუს ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის გამოცდის ზღვარი უფრო მაღალი აქვს, ვიდრე სხვა უნივერსიტეტს. ამიტომ ბევრმა სტუდენტმა ეს ზღვარი ვერ გადალახა და ვერ გახდა თსუ–ის სტუდნეტი.
„ახლა იხილება საკითხი, ხომ არ დავწიოთ ზღვარი, რომ უნივერსიტეტი არ დარჩეს ფულის გარეშე. ფაკულტეტი არ დარჩეს ფულის გარეშე. ახლა გეკითხებით, სწორია ასეთი მიდგომა? რა თქმა უნდა, არასწორია! ანუ ჩვენ უნდა მოვაკლოთ მოთხოვნის დონეს, რომ არ დაგვაკლდეს სტუდენტთა რაოდენობა. ეს არის ვაუჩერული სისტემის ყველაზე დიდი შეცდომა! ბაზური დაფინანსების გარეშე არ შეიძლება. ამას ჯერ კიდევ მაშინ ვიძახდი, როდესაც ლომაია ანგრევდა არსებულ სისტემას. იმ სისტემაში იყო ბევრი ცუდი და ბევრიც ძალიან კარგი და როგორც იტყვიან, ნაბან წყალს ბავშვიც გადააყოლეს“, – აღნიშნავს ლადო პაპავა.
თსუ–ის პროფესორის თქმით, უნივერსიტეტის საბიუჯეტო დაფინანსებაში ასევე გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა ფაკულტეტებს სხვადასხვა დაფინანსება ეკუთვნით. რადგანაც, მაგალითად, ექიმის, ბიოლოგის, ფიზიკოსის მომზადება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მათემატიკოსის მომზადება. ლადო პაპავა ამბობს იმასაც, რომ უნივერსიტეტში სწავლის ერთი წლის გადასახადი, 2 250 ლარი, უკვე აღარ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც საჭიროა განათლების მისაღებად, რადგანაც უნივერსიტეტებმა უნდა იყიდონ რეაქტივები, კომპიუტერები, მოაწყონ სხვადასხვა ლაბორატორიები. ეს ყველაფერი კი იმპორტული საქონელია და აქედან საქართველო არაფერს აწარმოებს.
„მოამზადო კარგი ფიზიკოსი, უფრო ძვირია, ვიდრე მოამზადო კარგი ლიტერატორი, ან ენის სპეციალისტი, იმიტომ რომ ტექნოლოგიები, ლაბორატორიებია საჭირო.
გიორგი მარგველაშვილი როდესაც იყო განათლების მინისტრი, მან შექმნა პროგრამული დაფინანსების ინსტიტუტი, რაც ძალიან კარგია. რაც იმას ნიშნავს, რომ ესა თუ ის ფაკულტეტი იღებს დაფინანსებას, მაგრამ ესეც ხარვეზიანია. მაგალითად, ფიზიკის ფაკულტეტზე თუ დაფინანსებულია 100 ადგილი და ჩააბარა 80-მა სტუდენტმა, უნივერსიტეტი 80 სტუდენტის დაფინანსებას იღებს.
ლარის კურსის გაუფასურებასთან ერთად სერიოზული პრობლემების წინაშე დადგნენ უნივერსიტეტები. ამიტომ ბაზური დაფინანსება როცა იქნება, უკვე უნდა იყოს სწავლის ადეკვატური გადასახადიც. ერთ სტუდენტზე არა 2 250 ლარი, არამედ – ბევრად უფრო მაღალი ნიშნულის გათვალისწინებით. ხოლო მედიცინის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის მიმართულებით, რა თქმა უნდა, გაზრდილი უნდა იყოს ეს თანხა“, – აცხადებს პაპავა.
ჩვენს კითხვაზე, რა დაუჯდება სახელმწიფოს უნივერსიტეტების საბაზო დაფინანსება, ლადო პაპავა გვპასუხობს, რომ ამას დათვლა უნდა.
„ვერ გეტყვით, მაგრამ ნებისმიერ რამეზე შეიძლება ეკონომიის გაკეთება. არ შეიძლება ეკონომიის გაწევა განათლებაზე. თუ უნივერსიტეტს აქვს ბაზური დაფინანსება, იგი ბევრი გადაწყვეტილების მიღებაში თავისუფალია. ახლა როდესაც ვაუჩერული დაფინანსება აქვს უნივერსიტეტს, ჰყავს ცუდი სტუდენტი. არ არის დაინტერესებული, ის გარიცხოს, იმიტომ რომ დაფინანსება აკლდება“, – ამბობს ლადო პაპავა.
უნივერსიტეტების არაგეგმიური შემოწმებასთან დაკავშირებით პაპავა „ცუდს ვერაფერს ხედავს“, თუმცა ამბობს, რომ მთავარია, შემმოწმებელი ხალხი არ იყოს პოლიტიკურად მოტივირებული თავიანთ ქმედებაში.
„ხშირად იყო შემთხვევა, სხვადასხვა უნივერისტეტებიდან შედგენილი კომისია როგორც ცდილობდა, დაეჩაგრა თსუ, იმიტომ რომ ეს უნივერსიტეტია გამორჩეული, სერიოზულ რეიტინგებში მოხვედრილი. სხვა არცერთი უნივერსიტეტი ახლოსაც ვერ მიდის მასთან. ამიტომ სხვა უნივერსიტეტების წამომადგენლები ცდილობდნენ, ყოფილიყვნენ მიკერძოებულნი. აი, თუ ეს გამოირიცხება, მე ასეთ შემოწმებას მივესალმები“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ლადო პაპავამ.
ცნობილია, რომ 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით პედაგოგთა ხელფასების ზრდა არ იგეგმება. განათლების ახალმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კი მენტორის და წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებლების (სულ 225 ადამიანის) დანამატის ზრდა დააანონსა, თუმცა არ დაუკონკრეტებია მედიასთან საუბარში, საიდან მოიტანს მისი უწყება ამ თანხას.
თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ მასწავლებელთა პოლიტიკასთან დაკავშირებით რატომღაც ყველა მინისტრი გაურბის ერთ მარტივ საკითხზე საუბარს: დღეს საქართველოში არ არსებობს სკოლაში დასაქმების ნათელი პროცედურები, ამავე დროს არის პროფესიონალი მასწავლებლების დეფიციტი.
მოსიაშვილის თქმით, მასწავლებლებისთვის ხელფასის მომატების ტენდენცია მნიშვნელოვანია, რადგან ეს შეიძლება იყოს მოტივაცია ბევრი ახალგაზრდისთვის, რომ სამომავლო კარიერა დაუკავშირონ მასწავლებლობას, თუმცა თუ მათ არ ეცოდინებათ, როგორ უნდა დასაქმდნენ სკოლაში, მხოლოდ გაზრდილი ხელფასი ვერ იქნება კარგი მოტივატორი.
„დღეს ქალაქის სკოლებში დასაქმება ადვილი არ არის. მაგალითად, ადამიანს დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია, აქვს სურვილი რომ სკოლაში დაიწყოს მუშაობა. ვაკანსიები კი ქალაქის სკოლებში არ არის. დირექტორს არ აქვს უფლება, გაათავისუფლოს არაკვალიფიციური მასწავლებელი და ახალი კადრი მოიზიდოს სკოლაში. კვალიფიციური მასწავლებლების გარეშე კი კარგი სკოლა შეუძლებელია, არსებობდეს.
დღეს კი რა ვითარებაა? კერძო სკოლები ახერხებენ კვალიფიციური კადრების დასაქმებას, საჯარო სკოლებს არ აქვთ ეს თავისუფლება. თუ ვითარება არ შეიცვლება დედაქალაქში, ამ განსხვავებამ შეიძლება მწვავე სოციალური უთანასწორობისა და უსამართლობის სახეც კი მიიღოს“, – აცხადებს განათლების სპეციალისტი.
როგორც თამარ მოსიაშვილი აღნიშნავს, სანამ სკოლაში კვალიფიციური მასწავლებლების დასაქმების პროცედურები არ გახდება ნათელი, სახელმწიფოს იმის ფუფუნება არ აქვს, პრაქტიკოს მასწავლებლებს გაუზარდოს ხელფასი. მისი თქმით, აუცილებელია, მასწავლებელმა დაამტკიცოს საკუთარი კვალიფიკაცია.
„შეუძლებელია, ადამიანმა კარგად ასწავლოს ის საგანი, რომლის ბარიერსაც გამოცდაზე ვერ ლახავს. წლების განმავლობაში სახელმწიფო სწორედ ამ კადრების სისტემაში შენარჩუნებისთვის იბრძვის და ეშინია, აამოქმედოს იმგვარი პოლიტიკა, რომელიც კარს გაუხსნის ახალგაზრდა, კვალიფიციურ და მოტივირებულ კადრებს. წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ფინანსურ წახალისებას დადებითად ვაფასებ, მაგრამ ახალი კადრები სკოლაში აუცილებელია“, – აცხადებს თამარ მოსიაშვილი.
ამავე თემაზე:
„შესაძლოა, სწავლის გადასახადი ფაკულტეტების მიხედვით განსხვავებული იყოს“ – მინისტრი
„წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები 2018 წლიდან გაიზრდება“
სახელფასო დანამატი მხოლოდ 225 მასწავლებელს გაეზრდება – პედაგოგთა შეფასებები
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება
- დაიწყო რეგისტრაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით – ინსტრუქცია და ვადები by ARIS.GE-განათლება