GE

პასუხები მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარის გარშემო

ერთ-ერთი პრინციპული სიახლე, რომელსაც „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა” პროფესიული განვითარების მიზნით სთავაზობს მასწავლებლებს, არის თვითშეფასების კომპონენტის გაძლიერება. სადაო არ უნდა იყოს, რომ ნებისმიერ პროფესიაში უაღრესად მნიშვნელოვანია თვითშეფასების უნარი, რადგან საკუთარი საქმიანობის ობიექტური და კრიტიკული ანალიზი ზრდის ადამიანის პასუხისმგებლობის გრძნობას და უბიძგებს მას მიზანმიმართული თვითგანვითარებისაკენ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა მოამზადა და დაამტკიცა მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი. ეს არის სრულიად ახალი ტიპის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს და დეტალურად აღწერს მასწავლებლის მთელ საქმიანობას. ამიტომ, ბუნებრივია, მის გარშემო გაჩნდა კითხვები, რომლებზეც გვპასუხობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის პროგრამის მენეჯერი, ირინა სამსონია.

– მასწავლებელი ვალდებულია, ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში შეავსოს თვითშეფასების კითხვარი. რამდენად მნიშვნელოვანია ამ კითხვარის შევსება მასწავლებლისათვის? ამ კითხვარს ახლავს რაიმე ტიპის რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება მასწავლებელს დაგეგმოს გარკვეული საქმიანობები იმ მიმართულებით, რაშიც დაბალი თვითშეფასება აქვს?

– თვითშეფასების კითხვარი რეალურად არის მასწავლებლის დამხმარე საშუალება პროფესიული განვითარების გზაზე, რადგან ის მოიცავს და დეტალურად აღწერს მასწავლებლის მთელ პრაქტიკას. ამდენად, მისი შევსებისას მასწავლებელს უწევს დაფიქრება ყველა დეტალზე, რასაც მისგან მოითხოვს ეს პროფესია. კითხვარი მთლიანად ეფუძნება ისეთ ნორმატიულ დოკუმენტებს, როგორებიცაა მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტი და ეთიკის კოდექსი. შესაბამისად, მოქმედი მასწავლებლისთვის კარგად ნაცნობი უნდა იყოს ყველა პუნქტი, რომლებიც თვითშეფასების კითხვარშია წარმოდგენილი. აქ მთავრი ის არის, რომ თითოეულ მასწავლებელს საკუთარი პრაქტიკის ობიექტური შეფასებითა და თვითკრიტიკული ანალიზის საშუალებით მიეცეს შესაძლებლობა, გაიზიაროს პასუხისმგებლობა საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, მიზანმიმართულად დაგეგმოს თავისი საქმიანობა პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. ამდენად, თვითშეფასების კითხვარი შეგვიძლია პროფესიული განვითარების ერთ-ერთ მძლავრ ინსტრუმენტად მივიჩნიოთ.

რაც შეეხება შესაბამისი აქტივობების დაგეგმვას, მას შემდეგ, რაც მასწავლებელი კითხვარის შევსების შედეგად შეძლებს საკუთარი სუსტი მხარეების გამოვლენას, ის სქემით განსაზღვრული საქმიანობებიდან ირჩევს ისეთებს, რომლებიც მას ამ ხარვეზების აღმოფხვრაში დაეხმარება და, ამავდროულად, კარიერული წინსვლისთვის საჭირო კრედიტქულებს მოუტანს. ამაში მას ეხმარება სკოლის მიერ არჩეული მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი. ფასილიტატორები მათი არჩევისთანავე გადამზადდებიან ამ მიმართულებით.

– მასწავლებელი, რომელიც თვლის, რომ „ყველა მოსწავლეს ვუდგები ინდივიდუალურად, სტერეოტიპებისა და წინასწარ ჩამოყალიბებული განწყობის გარეშე, ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის პიროვნულიღ ირებულება დაუნიკალურობა” თითშეფასების კითხვარის მოთხოვნის ( A1a_t_თვითრეფლექსია-1) შესაბამისად რა მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს /აღწეროს?

– სიტყვა „მტკიცებულება” არ ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელმა თვითრეფლექსიისთვის გამოყოფილ ველში რაიმე დოკუმენტური მასალა უნდა წარმოადგინოს. ამ შემთხვევაში, საკმარისი იქნება, რომ მან თხრობითი ფორმით აღწეროს, თუ რას აკეთებს, როგორ იქცევა ის მოსწავლეებთან სხვადასხვა სიტუაციაში ამ მიმართულებით, ასევე მოიყვანოს კონკრეტული მაგალითი/მაგალითები საკუთარი პრაქტიკიდან.

– თვითშეფასების კითხვარში წერია “ვახდენს კოლაში და სკოლის გარეთ არსებული რესურსების კლასიფიკაცია-კატეგორიზაციას; მოივიძიებ, ვარჩევ და ვიყენებ მათ სასწავლო მიზნის შესაბამისად” საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მყოფი სკოლები და მასწავლებლები სხვადასხვა პირობებში არიან, კერძოდ სკოლაში და სკოლის გარეთ არსებული რესურსების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ამ კუთხით დაბალი თვითშეფასების შემთხვევაში პედაგოგებმა როგორ გაიუმჯობესონ საკუთარი პრაქტიკა? ზოგიერთ მასწავლებელს ეს შეეძლება იოლად ზოგიერთს გარკვეული ძალისხმევა დასჭირდება და ზოგიერთი მასწავლებლისთვის თითქმის შეუძლებელი იქნება.

– ცხადია, რომ ყველა სკოლას არა აქვს თანაბარი შესაძლებლობები რესურსების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ამ პუნქტის არსი ის არის, თუ როგორ, რამდენად ეფექტურად ახერხებს მასწავლებელი არსებული რესურსების გამოყენებას, საჭიროების შემთხვევაში კი – შექმნას, სასწავლო მიზნების მისაღწევად და არა ის, თუ რამდენად მრავალფეროვანი რესურსებით არის აღჭურვილი ის სკოლა, რომელშიც ასწავლის.

– თვითშეფასების კითხვარში ერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი სწავლისა და სწავლების სტრატეგიები, რომელიც 17 პუნქტის მიხედვით თვითშეფასებას მოიცავს. ამ ბლოკს ახლავს თვითრეფლექსიის ორი პუნქტი რომლიდანაც ერთ-ერთი მოითხოვს მოიყვანოს მაგალითები/ მტკიცებულებები პრაქტიკიდან, რას აკეთებს მასწავლებელი, რა ტიპის და რა მოცულობის უნდა იყოს ეს აღწერილობები? და როგორ დადგინდება ამ აღწერილობების/მაგალითების/მტკიცებულობების ავთენტურობა?

– მტკიცებულების ავთენტურობა ამ შემთხვევაში არ არის შეფასების ობიექტი, რადგან თვითრეფლექსიის ეს ნაწილი გულისხმობს მასწავლებლის მხრიდან საკუთარი გამოცდილების გაზიარებასა და კონკრეტული მაგალითების მოყვანას იმის წარმოსაჩენად, თუ რამდენად წარმატებულად ახერხებს ის მოცემულ ქვესფეროში გაერთიანებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას. თვითრეფლექსია მოცულობით არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას, ქვედა ზღვარი განსაზღვრული არ არის, მაგრამ, ცხადია, არ უნდა შემოიფარგლებოდეს ერთი ფრაზით ან წინადადებით. თვითშეფასების კითხვარში ამ ველის ხარისხიანად შევსება ნიშნავს იმას, რომ მისი შინაარსი (მტკიცებულებები/მაგალითები) არის ადეკვატური, ანუ შეესაბამება ქვესფეროში გაერთიანებულ პუნქტებს, ასევე კორელაციაშია მასწავლებლის თვითშეფასებასთან.

– კითხვარი მოცულობითი და დეტალიზებულია თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა ერთნაირად გულწრფელი არ იქნება კითხვარის შევსებისას, რას გამოიწვევს თვითშეფასების კითხვარის არაობუქტურად შევსება?

– ცენტრის მხრიდან რაიმე სანქციები არ არის დაწესებული. უბრალოდ, მასწავლებლებს კარგად უნდა ავუხსნათ, რომ თვითშეფასების კითხვარის არაობიექტურად შევსებით ის მხოლოდ საკუთარ თავს ავნებს, რომ ის საკუთარ თავს უზღუდავს შესაძლებლობას, მისთვის აუცილებელი მხარდაჭერა მიიღოს პროფესიულ განვითარებაში. გარდა ამისა, თუკი მასწავლებლის შეფასების ჯგუფისთვის აშკარა გახდება, რომ კონკრეტული მასწავლებელი არაობიექტურად აფასებს საკუთარ საქმიანობას, მისი ვალდებულებაა, მიიღოს ზომები ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორის ფუნქცია კი არის, რომ საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციები გაუწიოს თითოეულ მასწავლებელს თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში.

მასწავლებელთა განვითარების ახალი სქემის გზამკვლევის ელექტრონული ვერსია გამოქვეყნდა

რა კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა პედაგოგებს? – თვითშეფასების კითხვარი დამტკიცდა

პედაგოგთა მოვალეობები გარე დაკვირვებისას – რა? როგორ? რატომ?

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა (დოკუმენტი)

mastsavlebeli.ge

იხილეთ ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური