GE

რა უნდა გაითვალისწინონ მობილობის პროცესში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებმა 

ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის მობილობა 22 იანვარს იწყება. სტუდენტებისთვისგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსმა ნინო წერეთელმა 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ნინო წერეთელმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მობილობაში 59 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობს. სულ გამოცხადებულია 8 771 ვაკანტური ადგილი, ხოლო გამოცხადებული ვაკანტური ადგილების რაოდენობის მიხედვით 5 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ლიდერობს. ყველაზე მეტი თავისუფალი ადგილი შემდეგ უნივერსიტეტებშია:

ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი – 600 ადგილი; იაკობ გოგებაშვილის  სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 529 ადგილი; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – 500 ადგილი; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი – 491 ადგილი; აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი – 423 ადგილი.

„მობილობა გახლავთ, სტუდენტის მიერ ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან მეორეში გადასვლა. წელიწადში ორჯერ ხორციელდება და სემესტრების დამთავრებას არის მიბმული. გვაქვს საშემოდგომო და საგაზაფხულო მობილობები.  მობილობის პროცესი სამ ეტაპს მოიცავს. ესაა თვითონ უნივერსიტეტების მხრიდან ვაკანტური ადგილების დარეგისტრირება. მეორე ეტაპია – სტუდენტების რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე და მათი არჩევანის გაკეთება, შედეგების გამოცხადების შემდეგ იწყება მესამე ეტაპი, როდესაც ხდება ჩარიცხვის ბრძანებების წარმოდგენა მიმღები უნივერსიტეტების მხრიდან. ჩვენი დადებითი, ან უარყოფითი დასკვნის საფუძველზე უნივერსიტეტები ჩარიცხვის ბრძანებას გამოცემენ“, – აღნიშნა ნინო წერეთელმა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსმა ასევე ისაუბრა,  სწავლების საფეხურების მიხედვით როგორ ხდება მობილობა.

„ბაკალავრიატის შემთხვევაში კონკურსი მიბმულია მათ საკონკურსო ქულაზე, რომელიც ეროვნული გამოცდებისას მიიღეს. მათ ეს  ქულა უზით ბაზაში. სტუდენტს 5 არჩევანის უფლება აქვს. ვთქვათ, პორტალმა გაატარა და დადებითი დასკვნა მიუვიდა სტუდენტს, ამის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, სტუდენტმა გაამახვილოს ყურადღება იმ წინაპირობაზე, რომელსაც მას უნივერსიტეტი  უყენებს. უნივერსიტეტმა შეიძლება დააწესოს გასაუბრება, სატესტო გამოცდა და ა.შ. ამას თვითონ წყვეტს. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტი და თუ იქ ვერ გაივლის გამოცდას, შესაძლოა, ვერც გადავიდეს. ჩვენიდან უარყოფითი დასკვნა იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ სტუდენტს სწავლების ერთი წელი მაინც არ აქვს გავლილი. ანუ სტუდენტს მობილობის უფლება წარმოეშობა სწავლების ერთი წლის შემდეგ.

მობილობა ყველა დონეს, ბაკალავრიატს, მაგისტრატურას, დოქტორანტურას ეხება. 2013 და 2014 წელს ჩარიცხული მაგისტრანტები მობილობის უფლებას მოიპოვებენ მათ მიერ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე. დოქტორანტებიც ელექტრონულად გადიან რეგისტრაციას.  Students.eqe.ge -ზე ვაკანტურ ადგილებს არეგისტრირებენ უნივერსიტეტები.  დოქტორანტს შეუძლია სხვა გზითაც წავიდეს და თავიდან ჩააბაროს უნივერსიტეტში. რაც შეეხება დოქტორანტურის შიდა მობილობას, ჩვენი ცენტრი ამ საკითხში არ ერევა. უნივერსიტეტებს კანონით ვალდებლება აქვთ, წელიწადში 2-ჯერ გამოაცხადონ შიდა მობილობა. შეზღუდვა მხოლოდ ამაში აქვთ. ერთადერთი ვალდებულება ის აქვთ, რომ შედეგები ჩვენს ცენტრს წარმოუდგინონ. მობილობაში დოქტორანტები უკონკურსოდ მონაწილეობენ, მიმღები დაწესებულებების მიერ დადგენილი ჩარიცხვის წინაპირობების დაცვით. ასევე უკონკურსოდ მონაწილეობენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხული სტუდენტები (მაგ: 2005 წლამდე ჩარიცხული სტუდენტები, მინისტრის ბრძანებით ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეები და სხვა)“, – აღნიშნა ნინო წერეთელმა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის თქმით,  სტუდენტმა ასევე გრანტის გადატანის წესებიც უნდა გაითვალისწინონ.

მობილობის განხორციელებისას გრანტის გადატანა დაუშვებელია არააკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. დაუშვებელია ნაწილობრივი გრანტის ან სოციალური გრანტის გადატანა იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც აღნიშნული გრანტის მოპოვების წელს ფინანსდებოდა მხოლოდ სრული გრანტით, გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც სოციალური გრანტი სტუდენტის მიერ მოპოვებულია იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სოციალური გრანტის მოპოვების წელს ფინანსდებოდა  სრული გრანტით. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანა შესაძლებელია იმ პროგრამულ მიმართულებაზე რომელზეც ჩაირიცხა სტუდენტი, რომელიც გრანტის მოპოვების წელს მიეკუთვნებოდა პრიორიტეტულ პროგრამულ მიმართულებას.

წელს მობილობას არ აცხადებენ შემდეგი უმაღლესი სასწავლებლები:

თსუ; სასწავლო უნივერსიტეტი „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი“; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია; დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; ამერიკის ბიზნეს აკადემია; თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი.

„ეს მათი უფლება, მენეჯმენტი და პოლიტიკაა. მათ აქვთ ვაკანტური ადგილების პრობლემა. იმდენად დიდია მოთხოვნა ამ უნივერსიტეტებზე, გადავსებულია და თავისუფალი ადგილები აღარ რჩებათ, ახალი სტუდენტების მიღება აღარ უნდათ“, – აღნიშნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსმა.

ნინო წერეთლის განცხადებით, მობილობაში არ მონაწილეობს საპატრიარქოს მიერ დაფუძვნებული 8 დაწესებულება: თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია; წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ცაგერის სასულიერო სემინარია; გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი; გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია; გრემის სასულიერო აკადემია; წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ბათუმის სასულიერო სემინარია; ახალციხის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარია; ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.

„საღვთისმეტყველო სასწავლებლებს კანონის საფუძველზე არ შეუძლიათ, მობილობაში მონაწილეობა და მათ სტუდენტებსაც არ შეუძლიათ სხვა უნივერსიტეტებში გადასვლა. სამართლიანობის პრინციპი უნდა იქნას დაცული, რადგან ასეთ სასწავლებლებში სტუდენტები მხოლოდ ერთი,  ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდით ხვდებიან. ასეთი სტუდენტი არ შეიძლება გადასული იყოს მაგალითად ჯავახიშვილში, სადაც მიღების წინაპირობა  4 გამოცდის ჩაბარებაა. დღეს 8 საღვთისმეტყველო უნივერსიტეტი გვაქვს და ისინი არ აცხადებენ მობილობას“, – განაცხადა ნინო წერეთელმა.

მობილობაში მონაწილეობის საფასური 40 ლარს შეადგენს. ელექტრონული პორტალის ბაზა სტუდენტებისთვის ხვალ 12 საათზე გაიხსნება და 4 თებერვლის 18 საათზე დაიხურება. შედეგები დაიდება 8 თებერვალს. მთლიანად პროცესი კი 1 მარტს დასრულდება.

რას სთავაზობს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი მობილობის მსურველებს

რა სიახლეს სთავაზობს სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი მობილობის მსურველებს

გაზაფხულის სემესტრის მობილობისთვის სტუდენტთა რეგისტრაცია 22 იანვარს დაიწყება

ცისანა არის© შერგილაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური