GE

რეპეტიტორის ინსტიტუტი ჩრდილიდან გამოდის

ინტერნეტში მასწავლებლისა და მოსწავლის მშობელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფოტო გამოჩნდა. საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, რომელიც ბავშვებს კერძოდაც ამეცადინებს, ხელშეკრულების ტექსტი შეადგინა და მოსწავლის მშობელს კონტრაქტი დაუდო. ხელშეკრულება მხარეთა მოვალეობებს აღწერს, რომელსაც ხელს თავად პედაგოგი და მშობელი აწერენ. დოკუმენტში არ წერია, რა სანქციები მოქმედებს პირობების დარღვევის შემთხვევაში.

კონკრეტული ხელშეკრულების თანახმად,

მოსწავლე ვალდებულია: ა) იაროს გაკვეთილზე; ბ) ისწავლოს მოცემული გაკვეთილი; გ) გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაში, წინასწარ გააფრთხილოს მასწავლებელი.

მშობელი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს მოსწავლის გამოცხადება გაკვეთილზე;  ბ)  8 გაკვეთილში გადაიხადოს 80 ლარი.

მასწავლებელი ვალდებულია: ა) ჩაატაროს გაკვეთილი; ბ) ასწავლოს სკოლის გაკვეთილები და მისცეს დამატებითი მასალა რუსული ენის შესასწავლად; გ) არ გააცდინოს გაკვეთილი ან გაცდენის შემთხვევაში აანაზღაუროს დამატებითი გაკვეთილით.

REPETITORIS XELSHEKRULEBA

ხელშეკრულების ფორმა

EDU.ARIS.GE იმ პედაგოგს დაუკავშირდა, რომელმაც რეპეტიტორული საქმის იურიდიულ ფორმატში გადაიყვანა სცადა. პედაგოგმა ხელშეკრულების არსებობა აღიარა, თუმცა რატომ დასჭირდა კონტრაქტის გაფორმება მშობელთან, ამ შეკითხვას არ უპასუხა.

“ვინ დადო ინტერნეტში ჩემი ხელშეკრულება არ ვიცი, მე არაფერი განმითავსებია. ეს პირველად იყო და უკანასკნელად, არც მანამდე მყოლია მოსწავლეები და არც მას შემდეგ. უბრალოდ, სხვა რაღაც საქმისთვის დამჭირდა ეს გაფორმება და ამიტომ გავაკეთე. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს ნანა ბ.-მ.

რეპეტიტორსა და მოსწავლის მშობელს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას იურიდიულ ენაზე სამოქალაქო გარიგება ჰქვია. იურისტები მიიჩნევენ, რომ ეს ფურცელი ორი ადამიანის ნების გამოხატვას ადასტურებს და მასზე დაყრდნობით მხარეებს სასამართლოში ჩივილიც შეუძლიათ.

კერძო რეპეტიტორობა, როგორც დამატებითი მომსახურება, ბევრ ქვეყანაში არაფორმალურად ფუნქიონირებს. მასწავლებლებს არ სურთ შემოსავლის იმ წყაროზე საუბარი, რომელშიც გადასახადებს არ იხდიან. მოსწავლეებს არ სურთ, გამოჩნდნენ თანატოლებზე სუსტები, ან პირიქით – პრივილეგირებულები, ისინი არ აღიარებენ, რომ მათ სკოლაში განათლების ხარისხი დაბალია. იგივე მიზეზები აქვთ მშობლებსაც. (წყარო: თ. ბრეგვაძე –  “ფორმალური ზოგადი განათლება და კერძო რეპეტიტორობა როგორც პარალელური სისტემები”)

ირღვევა თუ არა რეპეტიტორის უფლებები? საჭიროა თუ არა კერძო რეპეტიტორებსა და მოსწავლეებს შორის ხელშეკრულების გაფორმება? ამ კითხვებით EDU.ARIS.GE-მ პედაგოგებს მიმართა.

“ის პედაგოგი თავს იზღვევს. ხელშეკრულება არის დაზღვევა, რომ პედაგოგმა თავისი შრომის ანაზღაურება მიიღოს. არის შემთხვევები, რომ მთელი წლის განმავლობაში ბავშვს ამეცადინებ, წლის ბოლოს კი მოვა მშობელი და გეტყვის, რომ ვერ მოგცემს თანხას, იმიტომ რომ არ აქვს. თუმცა, მე თავიდანვე რომ ვიცოდე, მაინც ვამეცადინებ იმ ბავშვს. ერთი წელიც არ ყოფილა, რომ ასეთი შემთხვევა არ მქონდეს, მაგრამ ხელშეკრულებაზე არ მიფიქრია არასდროს. ცოტა სასაცილოდაც კი მეჩვენება”, – ამბობს 116-ე სკოლის პედაგოგი, ქეთევან დოლიძე.

“გაოგნებული ვარ, ასეთი რამ არასოდეს მინახავს. რეპეტიტორობა არაფორმალური განათლებაა. შესაბამისად, არ არსებობს კანონში მითითება ან მუხლი, სადაც ეს დაფიქსირებულია. შეიძლება არა მხოლოდ რეპეტიტორის უფლება დაირღვეს, არამედ მოსწავლისაც ან მისი მშობლის. არ არსებობს იმის გარანტია, რომ მოსწავლე მიიღებს ხარისხიან განათლებას. მეორეს მხრივ, შეიძლება რეპეტოტორს თანხა არ გადაუხადონ თავის დროზე ან საერთოდ არ გადაუხადონ. ამას ვერავინ დაარეგულირებს. ვთქვათ, არ გადაუხადა თანხა, სად იჩივლებს მასწავლებელი? ან ვინ დაიცავს მის უფლებებს?  ზოგადი განათლების კანონში უამრავი მუხლი ირღვევა პედაგოგის,  მოსწავლის თუ მშობლის, ამას ვერ იცავს კანონი, რაც რეალურად არსებობს და მით უმეტეს, რეპეტიტორის უფლებებს ვერ დაიცავს არ არსებული კანონი. ეს არის აბსურდი”, – მიიჩნევს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი  თამარ ლომიტაშვილი.

ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოში რეპეტიტორობის ინსტიტუტში ყოველწლიურად 300 მილიონი ლარი იხარჯება. როგორც ჩანს, ერთ დროს “ჩრდილოვანი განათლების” სისტემამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ჩრდილიდან სინათლეზე გამოდის და არაფორმალური ურთიერთობები იურიდიულ ფორმატში ექცევა.

მინისტრი: “სკოლებში ბოლო ორი კლასი გაძლიერდება და რეპეტიტორების საჭიროება ნელ–ნელა გავა სცენიდან”

რეპეტიტორი – “სცენიდან გასაყვანი” მოთამაშე, თუ მოსწავლის რეალური საყრდენი

მოამზადა მეგი კავთუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური