GE

სხვადასხვა საკითხი თუ სხვადასხვა საკითხები? – გრამატიკული ცნობარი

გრამატიკული ცნობარის დღევანდელ მასალაში მიმოვიხილავთ ქართული ენის ზოგ თავისებურებას მრავლობითის გამოხატვის თვალსაზრისით. კერძოდ: სიმრავლის ასახვა ზმნაში მრავლის გამომხატველი მსაზღვრელის, ებ-იან მრავლობითში მდგომი უსულო და სულიერი სახელების და კრებითი სახელების გვერდით.

სუბიექტის რიცხვის ასახვა ზმნაში

ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები

სხვადასხვა საკითხები, ხალხი შეიკრიბნენ, ბევრი წერილები, უამრავი ადამიანები, ყველა წიგნები

წესი:  თუ სუბიექტი მრავლობითშია, ზმნაც მრავლობითში უნდა შეეწყოს:

 

საკითხები განვიხილეთ

საკითხ-ებ-ი = განვიხილე-

მაგრამ სუბიექტის სიმრავლე ზმნაში არ აისახება, თუ:

  • სუბიექტს სიმრავლის გამომხატველი სიტყვა ( მსაზღვრელი) უკვე ახლავს. სიმრავლის გამომხატველი შეიძლება იყოს რიცხვითი სახელი – ათასი, ბევრი, უამრავი… ნაცვალსახელი – ზოგი, თითოეული, ყველა…

შესაბამისად, სწორია:

ათასი ფიქრი; ბევრი პრობლემა; უამრავი ადამიანი; ზოგი არსება; ყველა წიგნი; სხვადასხვა საკითხი

  • სუბიექტი ებ-იან მრავლობითში მდგომი უსულო სახელია:

მდინარეები ადიდდა; ფოთლები დაცვივდა; კლდეები ჩამოინგრა

გამონაკლისი: თუ უსულო საგანი გასულიერებულია, მოქმედებს იგივე წესი, რაც დასაწყისშივეგაგაცანით ( გასულიერებული საგანი უტოლდება სულიერს!)

მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდნენ

ფოთლები აჩურჩულდნენ

კლდეები გმინავენ

  • სუბიექტი კრებითი სახელია ( სუბიექტის სიმრავლე შინაარსობრივია) – ხალხი, სტუდენტობა, ახალგაზრდობა, ერი, ჯოგი, ხროვა, გუნდი…

ხალხი შეიკრიბა

სტუდენტობა თაკილობდა…

ახალგაზრდობას ემახსოვრება…

არასწორია: სხვადასხვა საკითხები; ბევრი წერილები; უამრავი ადამიანები; ზოგი არსებები; ყველა წიგნები; ხეები ირხევიან; ფოთლები ჩურჩულებს; ხალხი შეიკრიბნენ;

სწორია:      სხვადასხვა საკითხი; ბევრი წერილი; უამრავი ადამიანი; ზოგი არსება; ყველა წიგნი; ხეები ირხევა; ფოთლები ჩურჩულებენ; ხალხი შეიკრიბა.

მომდევნო ბლოგში განვიხილავთ ორი ან მეტი სახელის შემცველი რთული სიტყვებისა და ვინ ნაცვალსახელის თანხლებით გამოხატული მრავლობითის მართლწერას.

ზმნისწინთა მართლწერა – გრამატიკული ცნობარი

რუბრიკის ავტორი: ნინო ლომიძე

ფილოლოგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური