GE

67 წლის პედაგოგი – გამოცდაზე დღეს ისევე ვღელავდი, როგორც 47 წლის წინ პირველ გაკვეთილზე  

67 წლის ნინა მანძულაშვილი უკვე 47 წელია, რაც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად მუშაობს.  ის დღეს გორში, მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. როგორც მან EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, გამოცდაზე ისევე ღელავდა, როგორც 47 წლის წინ, პირველი გაკვეთილის ჩატარების დროს.

„კასპის რაიონიდან ვარ, ახალციხიდან, მთიან ზონას ეკუთვნის. უკვე 47 წელია პედაგოგი ვარ, ქართულს ვასწავლი. ძალიან კარგი მოსწავლეები მყავს. სოფლის ბაშვები მაინც განსხვავებულები არიან, თბილები და მოსიყვარულეები. დღეს გამოცდა ჩავაბარე ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, საგამოცდო სექტორში კი გარემო კარგი და მშვიდი იყო. გამოცდა კი დავწერე, მაგრამ იქ როგორ შემიფასებენ ეგ არის მთავარი“,  – ამბობს პედაგოგი.

ნინა მანძულაშვილი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია, თუმცა ამბობს რომ, ამის დასამტკიცებლად მისი ასაკის პედაგოგს გამოცდა არ უნდა უტარდებოდეს.

“სიმართლეს გეტყვით,  ჩემი აზრით, შვილო, 67 წლის ვარ და ამ ასაკის მასწავლებელს გამოცდა არ უნდა უტარდებოდეს. უნდა იყოს ასაკი აუცილებლად განსაზღვრული მაგალითად 70 წლამდე იმუშაოს პედაგოგმა და შემდეგ დაემშვიდობოს სკოლას და ბავშვებს. იცით რას გეტყვით, დღეს ცოტა ეკონომიურად რთული პერიოდია, მასწავლებელს ბევრ რამეზე უხდება ზრუნვა,  ფიქრი და ნერვიულობა. ჩვენმა მინისტრმა ადრე თქვა, რომ მასწავლებელი, რომელსაც 50 წლის გამოცდილება აქვს სკოლაში მუშაობის, გამოცდა აღარ უნდა ჩაუტარდესო და თუ ასე იქნება, მივესალმები“, – გვითხრა ნინა მანძულაშვილმა.

სოფელ ახალციხის საჯარო სკოლის პედაგოგი მოსწვალეებსა და მათთან ურთიერთობაზეც გვესაუბრა. ამბობს, რომ საზაფხულო არდადეგების დასრულებას მოუთმენლად ელის, რათა მოსწავლეები მალე ნახოს და მათგან საზაფხულო თავგადასავლები მოისმინოს.

„არდადეგები რომ გვეწყება სახლში ვერ ვძლებ, ბავშვები ძალიან მენატრებიან და მერე მითუმეტეს თუ ბავშვებთან ახლოს ხარ, იმასაც რომ არ დაგიმალავენ რომ შეყვარებული გაიჩინეს, ამას რა ჯობია. ჩემთან გამოიქცევიან ხოლმე ბავშვები და მეუბნებიან, მასწავლებელო შეყვარებული მყავს და გავიცინებ ხოლმე და ვეტყვი – რა ბიჭო? სიყვარულმა შენ კი არა გადარია ტარიელი და შენც გადამერიე?! ასეთი ურთიერთობა მაქვს ბავშვებთან“.

გამოცდილი პედაგოგი ახლა გამოცდების დადებით პასუხს ელის. გეგმები მომავალ წელსაც დიდი აქვს და ამბობს, რომ მეშვიდედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით გამოცდას ჩააბარებს. სკოლაში მუშაობას კი იქამდე გეგმავს, სანამ ამის შესაძლებლობა ექნება. დამწყებ პედაგოგებს კი ურჩევს:

„პედაგოგობა ადრეც რთული იყო და ახლაც ძალიან რთული პროფესიაა. ისე ვერ იქნები მასწავლებელი, თუ ბავშვები არ გიყვარს. შენი გასაჭირი, ტკივილი უნდა დატოვო სკოლის გარეთ და ბავშვებთან ისე უნდა მიხვიდე, იმიტომ რომ იმ ბავშვებსაც აქვთ საკუთარი პრობლემები. შენ ყველა ბავშვის სულში უნდა ჩაიხედო და ყველას უნდა ემეგობრო. მარტო პედაგოგი კი არ უნდა იყო, არამედ მათი მეგობარიც უნდა გახდე“.

მასწავლებლები დაწყებითი საგნების გამოცდის ტესტებს მარტივად მიიჩნევენ – პირველი დღის შეფასებები

დაწყებითი საგნების გამოცდაზე პედაგოგთა 30% არ გამოცხადდა – „ეს დაახლოებით მესამედია“

ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები სამი პედაგოგი დაგვიანების გამო გამოცდაზე არ დაუშვეს

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური