„აღმოჩნდა, რომ გაკვეთილები ბევრად საინტერესოც შეიძლებოდა ყოფილიყო ბავშვებისთვის, ვიდრე საკლასო ოთახში“ – პედაგოგი თამარ ცანავა დისტანციურ სწავლებაზე
მასწავლებლები დისტანციური სწავლების შესახებ რუბრიკის ფარგლებში EDU.ARIS.GE-ს დღეს ერთ-ერთი ბოლო სტუმარი ეყოლება ვინაიდან საჯარო სკოლების პირველი და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა სწავლა უკვე დაასრულეს, 15 ივნისს კი, 2019-2020 სასწავლო წელი ოფიციალურად დასრულებულად გამოცხადდება.
ჩვენი სტუმრები აქამდე საკმაოდ გამოცდილი და მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე პედაგოგები იყვნენ. დღეს კი, 9-წლიანი გამოცდილების მქონე და ძალიან ახალგაზრდა მასწავლებელი გაგვიზიარებს საკუთარ მოსაზრებებს. 31 წლის თამარ ცანავა თბილისის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის 178-ე სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი და უფროსი მასწავლებელია.
2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისში უკვე მზად ვიყავი რიგი გამოწვევებისთვის, რადგან ვიცოდი ამ წელს ორი მნიშვნელოვანი ამბავი მელოდა – კლასის დამრიგებლობა და სტატუსის ასამაღლებლად გარე დაკვირვების გავლა.
პირველს დიდი ძალისხმევით შევუდექი. ჩემი კლასის ბავშვებს მე-3 კლასიდან ვასწავლი და იმდენად შემიყვარდნენ, რომ 9 წლის ორჭოფობის შემდეგ, ჩავთვალე რომ მეც გავიზარდე და მზად ვიყავი დამრიგებლობისთვის და ეს ბავშვებიც საოცრად “ჩემები” იყვნენ, ასე რომ, ეს გამოწვევა საკმაოდ კარგად მივიღე და გავითავისე.
შემდეგ დავიწყე მობილიზება გარე დაკვირვებისთვის, რადგან მიუხედავად იმისა, რომ არ მიმაჩნდა რთული იქნებოდა, მაინც შინაგანი პასუხისმგებლობა მაიძულებდა ფსიქოლოგიურად მზად დავხვედროდი ამ პროცესს. მაისში მიწევდა და სულმოუთქმელად ველოდებოდი ამ თვის დადგომას. მაგრამ, მოვიდა პანდემია და როგორც ყველას, ისე მეც ამირია გეგმები.
უცებ გავიღვიძე და ჩემი ახალი თვალებით (თვალის ოპერაცია ზუსტად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე გავიკეთე) მომიწია სრულიად სხვაგვარი სამყაროსთვის მეყურებინა. პირველი ერთი კვირა იყო სრული ქაოსი. დაბნეული კოლეგები, ბავშვები, მშობლები და სკოლის ადმინისტრაცია. მერე უცებ მივხვდით, რომ სასწრაფოდ უნდა გვემოქმედა ისე, როგორც ყოველთვის გვჩვევია და დავიწყეთ ფეისბუქზე გვერდების შექმნა, რომ მოსწავლეებისთვის, შეძლებისდაგვარად დავალებები მიგვეწოდებინა.
სანამ “თიმსის” პლატფორმაზე გადავიდოდით, დავალება დავალებაზე მოდიოდა სამინისტროდან. საათების განმავლობაში ვავსებდი ინფორმაციას მოსწავლეებზე და ვახერხებდი მშობლებთან კომუნიკაციას, რომ რაც შეიძლება მალე მიმეწოდებინა დირექციისთვის ეს დავალება, რადგან ისინი თავის მხრივ სამინისტორს წინაშე იყვნენ ვალდებულები. არა მარტო ჩემსას, სხვა კოლეგების დავალებებსაც შეძლებისდაგვარად ვაკეთებდი, რადგან მოგეხსენებათ, ახალგაზრდები უფრო ვმეგობრობთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან და ჩემი სკოლის რამდენიმე პედაგოგი დირექციასთან ერთად 24/7-ზე მუშაობდა, რომ საერთო საქმე პირნათლად ყოფილიყო შესრულებული.
მოკლედ, სულ რამდენიმე დღეში ჩემი ცხოვრება იმაზე საინტერესო გახდა ვიდრე წარმომედგინა. დავიწყე “თიმსის” პლატფორმაში მუშაობა და აღმოჩნდა, რომ გაკვეთილები ბევრად უფრო საინტერესოც შეიძლებოდა ყოფილიყო ბავშვებისთვის, ვიდრე საკლასო ოთახის პირობებში. მათ ისე უცებ აითვისეს ვირტუალური “კლასი”, რომ ზოგჯერ აქეთ იძლეოდნენ მითითებებს ამა თუ იმ ფუნქციის გამოყენებაზე. ზოგიერთმა მოსწავლემ, ვისაც გაკვეთილზე კომპლექსი ჰქონდა ხოლმე რომ ეაქტიურა, მეტი ფუსფუსი დაიწყო, ზოგმა დავალებების აქტიურად შესრულება და ნელ-ნელა ჯაჭვი უწყვეტი და ძალიან მყარი გახდა.
რა თქმა უნდა, არიან მოსწავლეები, ვინც ვერ ერთვებიან დისტანციურ სწავლებაში ინტერნეტთან წვდომის არარსებობის გამო, მაგრამ მათთანაც ვახერხებ კომუნიკაციას, ხან მშობელს ვურეკავ, ხანაც ესემესის საშუალებით ვუგზავნი დავალებებს.
დღეს “ტელესკოლამ” სერტიფიკატი გამომიგზავნა, რადგან მათ პლატფორმასაც ვიყენებდი მოსწავლეებთან და ძალიან გამიხარდა მეც ერთ-ერთი იმ ათიათასობით მასწავლებელთაგანი რომ ვარ, ვინც ამ პერიოდში დაუღალავად ემსახურებოდა მომავალ თაობაზე ზრუნვას.
მგონია, რომ პანდემიამ, მიუხედავად მისი საშინელი კვალისა, დადებითი რამეც დაგვიტოვა კონკრეტულად მასწავლებლებს – გვასწავლა რომ არ არსებობს სიტუაცია, როდესაც ჩვენ ვერ შევძლებთ ბავშვების გვერდით არ ვიყოთ. მინდა ეს თითოეულმა მოსწავლემ და მშობელმაც გაითავისოს – მასწავლებლისთვის სხვა ამოსავალი წერტილი არ არსებობს! ჩვენი ყოველი დღე იწყება და მთავრდება ჩვენს მოსწავლეებზე ფიქრით და დამიჯერეთ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, ვიდრე მოსწავლის მიერ წარმოთქმული „მიყვარხართ, მასწ!“.
ვფიქრობ, რომ მე და ჩემს მოსწავლეებს 2020 წელი არასოდეს დაგვავიწყდება.
პ.ს. მე-12 კლასელებსაც თიმსში თუ დავემშვიდობებოდი, ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი, მაგრამ არაუშავს, რამდენი გამოწვევაც არ უნდა შემოგვთავაზოს სამყარომ, პედაგოგები ყველასთან შევძლებთ ადაპტაციას!
„ჩემი მასწავლებლობის ახალი ეტაპი“ – გაკვეთილი კორონავირუსის პირობებში
„სად ხარ?“ „რატომ არ ჩანხარ?“ „ჩართე კამერა!“ – მასწავლებლის ერთი დღე კორონავირუსის შემდეგ
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება