GE

რექტორობისა და ნასამართლეობის თავსებადობის საკითხი – საკანონმდებლო ინიციატივის დეტალები

საქართველოს პარლამენტში „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შესახებ ინიციატივა დარეგისტრირდა. კანონპროექტის ავტორები „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატები არიან. ისინი მოითხოვენ, რომ უმაღლეს სასწავლებლებში რექტორის არჩევის წესი შეიცვალოს და ნასამართლევ პირს უნივერსიტეტის ხელმძღვანელის პოსტის დაკავების უფლება არ ჰქონდეს.

კანონპროექტი პარლამენტში 1 ივნისს დარეგისტრირდა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძის თქმით, რექტორის არჩევა უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლების მიერ პირდაპირი არჩევნების წესით, ფარული კენჭისყრით უნდა განხორციელდეს, საკანონმდებლო ინიციატივაც მოქმედ კანონში მსგავსი მუხლების დამატებას ითვალისწინებს.

პოლიტიკური გაერთიანების განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა ნანა ტოხვაძემ, 3 ივნისს EDU.ARIS.GE -სთან საუბარში განაცხადა, რომ კანონპროექტის ინსპირაციის წყარო, საქარათველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილის პროტესტი გახდა. სტუდენტები რექტორის სამართლებრივ წარსულთან დაკავშირებული კითხვების გამო, მის გადადგომას მოითხოვდნენ.

EDU.ARIS.GE საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების მცირე ნაწილის პროტესტზე ასე წერდა -იხ. ვენდეტა ქართულად

იმ შემთხვევაში, თუ დავუშვათ და საქართველოს პარლამენტი ოპოზიციური პარტიის ინიციატივას გაიზიარებს და რექტორების არჩევის წესი შეიცვლება, კანონპროექტის მოქმედება უკვე არჩეულ და მოქმედ რექტორებზე არ გავრცელდება.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ინსპირაცია მოდის სტუდენტების პროტესტიდან და ეს იყო გახმაურებული საქმე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორ დავით გურგენიძესთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, კანონპროექტის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, კონკრეტულად დავით გურგენიძის გადაყენება, უკვე შესაძლებელი იქნება უნივერსიტეტის შიდა განაწესიდან გამომდინარე, ან უკვე ფართო საზოგადოების პროტესტიდან გამომდინარე. მოქმედი კანონმდებლობა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შექმნილი პრეცედენტი, თუ ვადა არ ამოეწურება, უკვე არჩეული პირისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას არ ითვალისწინებს. მაგრამ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება პრევენციული ზომა იმისთვის, რომ სხვა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში მსგავსი პრეცედენტი აღარასდროს დაიშვას და მაღალი რეპუტაციის და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე რექტორები გვყავდნენ ხელმძღვანელ პირებად.

„იმედს ვიტოვებთ, რომ მთელ პროფესურას, სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ამავე უმაღლესებში შედიან, აკადემიური პერსონალის თითოეულ წარმომადგენელს მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის უფლება. დღეს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი გვეუბნება, რომ მხოლოდ აკადემიური საბჭო, ანუ წარმომადგენლობითი ორგანო არის უფლებამოსილი. ამ კანონპროექტით გარანტირებული იქნება სამართლიანი კონკურენცია და იმედი მაქვს, მივაღწევთ და „ქართული ოცნება“ არ გვეტყვის, რომ აუცილებლად 4-ჯერ ნასამართლევი პირი უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელი“, – ამბობს ნანა ტოხვაძე.

 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ საკანონმდებლო ინიციატივა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შემდეგი სახის ცვლილებებს ითვალისწინებს.

კანონში საერთოდ უნდა გაუქმდეს ჩანაწერი სადაც აღნიშნულია, რომ რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო.

უნდა შეიცვალოს კანონის 21-ე მუხლის ის ნაწილი, სადაც აკადემიური საბჭოს 1/3-ის მოთხოვნით რექტორის უფლებამოსილების საკითხის დაყენებაზეა საუბარი, პროექტის თანახმად ტექსტი ასე უნდა ჩამოყალიბდეს.

„აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, აკადემიური საბჭოს წევრების 2/3-ის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას“.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ასევე ითხოვს მოქმედი კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შეცვლას, სადაც რექტორის თანამდებობის დასაკავებლად რეგისტრაციის წესზეა საუბარი. კანონპროექტში ეს მუხლი საერთოდ შეცვლილია და საუბარია რექტორის არჩევნების ჩატარების თარიღის გამოცხადებაზე. ასევე რექტორის არჩევნებს და პროცედურულ საკითხებს ეხება მე-8 , მე-9, მე-10, მე-11 პუნქტებში ინიცირებული ცვლილებები.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) არჩევნების ჩატარების მიზნით, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, იქმნება საარჩევნო კომისია. საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შედის შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის თითო წარმომადგენელი. აკადემიური საბჭოს წევრი არ შეიძლება შედიოდეს საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში. საარჩევნო კომისიის ფუნქციონირებისა და უფლებამოსილების განხორციელების წესი განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ“, – ვკითხულობთ კანონპროექტში.

ინიციატივის თანახმად, „უმაღლესი განათლების კანონის“ 22-ე მუხლს უნდა დაემატოს მე-12, მე-13, მე-14 და მე- 15 მუხლები, რაც მოქმედ რედაქციაში არ გვხვდება, მათ შორის მე-15 პუნქტი რექტორის ნასამართლობის საკითხს ეხება.

„დაუშვებელია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელად არჩეული იქნეს წარსულში განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი (რექტორი), მიუხედავად იმისა ნასამართლობა აქვს თუ არა მოხსნილი ან/და გაქარწყლებული“, – ნათქვამია ინიციატივაში.

კანონპროექტს პარლამენტის ბიურო განსახილველად შესაბამის კომიტეტს გადაუგზავნის. ამის შემდეგ გაირკვევა გაიზიარებს თუ არა უმრავლესობა ოპოზიციური პარტიის მოთხოვნებს.

როგორ პასუხობს „სტრატეგია აღმაშენებელი“ განათლების პროგრამის შესახებ კითხვებს?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური