„აშკარად ჩანს, რომ ახალი სახელფასო ფორმულა არაერთ პედაგოგს დააზარალებს“ – მენტორი მასწავლებელი
მენტორი მასწავლებელი, მზია კახაძე 10 აპრილს, საკანონმდებლო ორგანოში განხილული ცვლილების პროექტს ეხმიანება, რომლის თანახმად, მასწავლებლის საშვებულებო ანაზღაურების საკითხი 2024 წლის პირველი ივლისიდან ასამოქმედებელი და ჯერაც საზოგადოებისთვის უცნობი ახალი სახელფასო ფორმულის შესაბამისად უნდა დარეგულირდეს.
მასწავლებლის საშვებულებო ანაზღაურება ახალი წესით დარეგულირდება – ცვლილების პროექტი პარლამენტშია
სსიპ -ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი თვლის, რომ განათლების მინისტრის დაპირება – “აბსოლუტურად ყველა პედაგოგს გაეზრდება ხელფასი ახალი ფორმულით”, – რეალობასაა აცდენილი, თავად ახალი ფორმულა კი ახალ ზგემ-ს!
მასწავლებელი საკუთარ პოზიციას ასე აყალიბებს:
“პედაგოგთა საშვებულებო თანხის გაანგარიშების წარმოდგენილი პროექტიდან აშკარად ჩანს, რომ ახალი ფორმულა არათუ ყველა პედაგოგს უზრდის ხელფასს, არაერთს აზარალებს კიდეც. კერძოდ, დოკუმენტის (შვებულების გაანგარიშების ცვლილების კანონპროექტი. ავტ.) პროექტში წერია, რომ ვისი ხელფასიც მცირდება, ახალი ფორმულით გაანგარიშებისას, მას შვებულება მიეცემა არსებული (ანუ ძველი) წესის შესაბამისად.
უკვე არაერთ შეხვედრაზე ითქვა, რომ საათის ღირებულება გაიზრდება. გამოდის, დანამატის ხარჯზე უმცირდება პედაგოგთა ნაწილს ხელფასი. კერძოდ, მცირეკონტიგენტიანი სკოლების ისტ-ის და მეორე უცხო ენის მასწავლებლებს, რომელთაც აქამდე სრული დანამატი ეძლეოდათ არასრული დატვირთვის შემთხვევაშიც, ახალი წესით განესაზღვრება საათების პროპორციულად დანამატის მიცემა, ან კიდევ, რამდენიმე სკოლაში მუშაობის შემთხვევაში მიეცემათ მხოლოდ ერთი დანამატი.
ახალი ზგემის დოკუმენტში ვკითხულობთ: თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ‘ციფრული მოქალაქეობის’ უნარის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელიც ყოველდღიურად შეძლებს ტექნოლოგიური და ციფრული მიღწევების ეფექტიან გამოყენებას…
ამ ფონზე კი ხელფასს ვუმცირებთ კომპიუტერული ტექნოლოგიების მაღალკვალიფიციურ მასწავლებლებს, რითაც ვაძლიერებთ ამ კადრების სისტემიდან და ქვეყნიდან გადინების ისედაც მაღალ რისკს.
რაც შეეხება მეორე უცხო ენის (ევროპული ენები) პედაგოგთა ანაზღაურებას, ამ ენების კარგი ცოდნის გარეშე, შეუძლებელია ტექნოლოგიური ან სამეცნიერო მიღწევების არათუ განვითარებაში წვლილის შეტანა, არამედ თვალის მიდევნებაც კი, რადგან თანამედროვე შრომებისა და საფუძვლიანი კვლევების 97% არც კი ითარგმნება ქართულ ენაზე. იმედია, სამინისტროც გუგლ თარჯიმნის იმედად არ ფიქრობს ფონს გასვლას, რადგან მისი დახმარებით სამეცნიერო შრომების კი არა, პოპულარული ლიტერატურის ხარისხიანად თარგმნაც შეუძლებელია ქართულ ენაზე.
სავარაუდოა, რომ დაწყებითის კომბინირებული საგნების სპეციალისტებსაც არასახარბიელო მდგომარეობაში აგდებს “ახალი ფორმულა”…
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთად გავუფრთხილდეთ განათლებას, ბატონებო!”, – წერს 10 აპრილს გამოქვეყნებულ წერილში მზია კახაძე.
ამავე თემაზე:
- ყველაზე მეტი სკოლა იმერეთში ფიქსირდება – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 2024-2025 სასწავლო წლისთვის by ARIS.GE-განათლება
- სკოლის მოსწავლეთა პროტესტი მშობლიურ სკოლებთან (03.12. 2024 განახლებადი) by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს აჭარაშიც 6 მოადგილე ეყოლება – თორნიკე რიჟვაძის დადგენილება უკვე ძალაშია by ARIS.GE-განათლება