ბრძოლა სკოლის მართვისთვის – რა საეჭვო სცენარებზე საუბრობენ მოქმედი დირექტორები და დირექტორობის მსურველები
2020 წლის სექტემბერში, 2014 წელს საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების მერ არჩეულ დირექტორებს უფლებამოსილების ვადა ეწურება. შესაბამისად, დირექტორთა ახალი არჩევნებიც სექტემბერში უნდა ჩატარდეს. მოქმედი სერტიფიცირებული დირექტორები საკანონმდებლო ხარვეზებზე საუბრობენ, რაც მათ საკუთარ სკოლებში კანდიდატურის წამოყენებას უკრძალავს. დირექტორობის მსურველები კი – პოლიტიკურ გავლენებზე და უკვე წინასწარ შედგენილ სცენარებზე აკეთებენ აქცენტს.
2020 წლის სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების გამოცდაზე, რომლის ჩატარებაც 6-7 მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა ამ დროისთვის გადადებულია, 2 244 მსურველი დარეგისტრირდა. მათ ორ ეტაპიანი კონკურსი უნდა გაიარონ ტესტირება და გასაუბრება. აღნიშნული გამოცდის ჩაბარების ვალდებულება იმ დირექტორებსაც აქვთ, რომლებიც წლებია სკოლაში მუშაობენ, მაგრამ მოვალეობის შემსრულებლები არიან.
ვის შეუძლია გახდეს სკოლის დირექტორი – რა წერია „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში
საქართველოში არსებული 2083 საჯარო სკოლიდან 1022-ს სწორედ მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს. შესაბამისად, მათ მუშაობის გასაგრძელებლად სერტიფიკატების მოპოვება დასჭირდებათ, თუმცა თანამდებობებზე დასარჩენად სხვადასხვა გზაც არსებობს, მაგალითად თუ არჩევნებზე სკოლის სამეურვეო საბჭო სხვა წარდგენილ კანდიდატს არ აირჩევს და მინისტრი კვლავ ძველ მოვალეობის შემსრულებელს დანიშნავს.
დირექტორის სერტიფიკატის მოპოვების შემთხვევაში აპლიკანტებისთვის ბრძოლის შემდეგი ეტაპი დაიწყება, მაშინ როცა საჯარო სკოლებში დირექტორთა ვაკანსიები გამოცხადდება.
ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე, სკოლა და მისი ხელმძღვანელობა ყოველთვის განიხილებოდა ადგილობრივი თვითმმართველობების პოლიტიკურ დასაყრდენად, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც სკოლა ერთადერთ საზოგადოებრივ დაწესებულებას წარმოადგენს. პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში სკოლების და საბავშვო ბაღების ადმინისტრაციების ჩართულობაზე ხშირად საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და საარჩევნო დამკვირვებლები. წლების მანძილზე სკოლების თანამშრომლების რესურსს აქტიურად იყენებენ საარჩევნო შეხვედრების დროს მმართველი პარტიის კანდიდატები. შესაბამისად, გასაკვირი არც უნდა იყოს, რომ სკოლის დირექტორის არჩევნები პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ის სულ რაღაც ერთი თვით უსწრებს ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებს.
სკოლის დირექტორობის ერთ-ერთი მსურველი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ დირექტორების არჩევის სცენარი რესურსცენტრებში უკვე არსებობს და სკოლის დირექტორებად ისევ ხელისუფლებისთვის სასურველი კადრების დატოვება იგეგმება. კანდიდატს ამ ვარაუდის საფუძველს ისიც აძლევს, რომ დირექტორობის მსურველთათვის საკონკურსო მასალა გვიან გამოქვეყნდა და აპლიკანტებს მისი საფუძვლიანი შესწავლის დრო არ აქვთ.
„კონკურსი გამოაცხადეს, მაგრამ კარგად ხანი არც საცდელი ტესტი გვქონდა ნანახი და არც სხვა საჭირო დეტალი ვიცოდით გამოცდის თაობაზე. ცუდად დუმდა სამინისტრო ამ საკითხებზე. შემდეგ, როგორც იქნა გაიჟღერა მარტის დასაწყისშია გამოცდაო. მავნებლობენ დირექტორები ადგილებზე, გვირჩიესო სამეურვეო საბჭოს დააბლოკინეთ ყველა კანდიდატიო, მერე მინისტრი ისევ თქვენ დაგნიშნავთ მოვალეობის შემსრულებლადო. ჩემმა დირექტორმა სამეურვეო საბჭო როგორც დააკომპლექტა ომით, მუქარით, მშობლების დაშინებით, ისე მთავრობა არ აკეთებს. როგორც გავიგე, რესურსცენტრის დირექტორმა დააკვალიანა, მექანიზმი ასეთიაო, ყველა დირექტორს მოუნდა უვადოდ დარჩენა, ორი ვადა დაასრულეს არჩევითი, ორი ვადა უნდათ დანიშვნით მოვალეობის შემსრულებლად, მერე ისევ შეეძლებათ თავიდან სერტიფიცირების გავლა. მთელი კოლექტივი მხარს მიჭერს, დირექტორთან დაახლოებული პირების გარდა. ძალიან უნდა ყველას სხვანაირი სკოლა. ეს გარემო რომ აღარ გვინდა, იმიტომ გადავწყვიტე გამოცდაზე გასვლა. უმოქმედოდ ვერ ვიქნები, სკოლა იშლება, სიახლე გვინდა“, – ამბობს დირექტორობის მსურველი EDU.ARIS.GE -სთან საუბარში და კიდევ ერთი მექანიზმის შესახებაც საუბრობს:
„გარდა პირველი მექანიზმისა, სადაც რესურსცენტრის როლი იკვეთება, არსებობს სხვა მექანიზმებიც, ერთი ალტერნატივა კანდიდატების დაბლოკვაა, მეორე – დაარეგისტრირეს გამოცდებზე თავისი ნდობით აღჭურვილი პირები, სამეურვეო საბჭო არ აირჩევს დირექტორობის რეალურ მსურველს, აირჩევს დირექტორის ფავორიტ კანდიდატს, მაგრამ მინისტრის მიერ მის დამტკიცებამდე, ხსნის კანდიდატურას და ყოფილი დირექტორი ავტომატურად რჩება მოვალეობის შემსრულებლად. რესურსცენტრის დირექტორმა შესაძლებელია უშუამდგომლოს სამინისტროსთან რომ არ გამოჩნდა კანდიდატი და ძველი დირექტორი დარჩეს“, – ამბობს დირექტორობის მსურველი პედაგოგი.
სკოლის დირექტორობის კიდევ ერთი მსურველი, რომელსაც ამ ეტაპზე ვინაობის გასაჯაროება არ სურს, ფიქრობს რომ სამინისტროს კიდევაც რომ ჰქონდეს სურვილი ძველი დირექტორები შეცვალოს, არსებული სამეურვეო საბჭოების ფონზე გაუჭირდება, რადგან მისივე თქმით, ეს ორგანოები თითქმის ყველა სკოლაში არსებული დირექტორების კადრებითაა დაკომპლექტებული.
“ვარ პედაგოგი მრავალწლიანი გამოცდილებით, სკოლის მართვასთან დაკავშირებით მაქვს ჩემი ხედვები და სურვილი მაქვს დირექტორის სერტიფიკატი მოვიპოვო. გამოცდისთვის მზადების პერიოდში ურთიერთობა მაქვს სხვა კანდიდატებთანაც და ისინი ამბობენ, რომ ბევრი სირთულე იქნება, ზოგ მათგანს იმედიც არ აქვს. მათი თქმით, შესაძლებელია ტესტირება კი ჩააბარონ, მაგრამ გასაუბრებაზე დაბლოკონ, როგორც ეს გასულ წლებში ხდებოდა. თუ დავუშვათ და სერტიფიკატი მოიპოვეს, უკვე სამეურვეო საბჭოს მხრიდან არჩევის იმედი არ აქვთ. მე რატომღაც, ამ ეტაპზე მაქვს განცდა, რომ აქვთ რეალურად სურვილი ცვლილებების, აბსოლუტურად აპოლიტიკური მხრიდან ვსაუბრობ. გარკვეულ სკოლებში, სადაც ნამდვილად ბევრი პრობლემაა, აქვთ სურვილი სიტუაციის გამოსწორების და ჩანაცვლების. ნუთუ მართლა წარმოუდგენელი და დაუშვებელია სკოლებში ავტოკრატული მმართველობის შეცვლა? ასე ჩქარა რომ დანიშნეს ეს გამოცდა, ჯერ მექანიზმი შეეცვალათ. ვფიქრობ, სამეურვეო საბჭო ხორცმეტივითაა სკოლაში, არაფრის მაქნისი და მიკერძოებული. მე რომ ვიყო სისტემა, გავაუქმებდი ამ ნაწილს და ბოლოს და ბოლოს დავნიშნავდი დირექტორს. ასეთ გამოცდას გავდივართ, უამრავი მასალაა და ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უნდა იცოდეს დირექტორმა და პედაგოგმაც. ასეთი გამოცდა თუ ჩავაბარე, გასაუბრებაც, ეს ყველაფერი თუ გავიარე, მერე დირექტორს რომ ოთხი დაქალი ჰყავს სკოლაში მათ უნდა დამბლოკონ? თუმცა ვიმეორებ, რომ რატომღაც მგონია ცვლილებები უნდათ“, – ამბობს ჩვენი რესპონდენტი.
საკანონმდებლო ხარვეზებზე საუბრობენ მოქმედი დირექტორებიც, „საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ ორი ვადით არჩეულ დირექტორებს სამინისტრო „ზოგადი განათლების შესახებ კანონის“ თანახმად არჩევნებზე გასვლის უფლებას არ აძლევს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ელზა ბადაშვილი 22 წელია თბილისის 136-ე საჯარო სკოლის დირექტორია. ის ამბობს, რომ წლების მანძილზე მოქმედი დირექტორების პროფესიულ განვითარებისთვის სახელმწიფომ სერიოზული რესურსები დახარჯა, ახლა კი გამოდის, რომ მათ კენჭისყრის უფლება მხოლოდ სხვა სკოლაში აქვთ. მისივე თქმით, ის სკოლები, სადაც წლებია წარმატებული დირექტორები მოღვაწეობენ, სწავლების მაღალი ხარისხით არიან ცნობილები.
„ძალიან მტკივნეული საკითხია ჩვენთვის, 400-მდე ვართ ასეთი, რომლებიც ორჯერ ვართ არჩეულები ერთსა და იმავე სკოლაში დირექტორად. პირველი არჩევნები იყო 2003 წელს, შემდეგ ვიყავით მოვალეობის შემსრულებლები, რადგან სამინისტრომ ვერ მოახერხა არჩევნების ჩატარება. 2014 წელს მეორედ აგვირჩია სამეურვეო საბჭომ. მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში ყველა ასეთ პირს გვიმთავრდება ვადა და მიუხედავად იმისა, რომ არჩევიდან არჩევამდე გვქონდა წყვეტა და ვიყავით მოვალეობის შემსრულებლები, სამინისტრო გვეუბნება, რომ ეს ზედიზედ ორჯერ არჩევად ითვლება და თქვენს სკოლაში კანდიდატურის დაყენების უფლება აღარ გაქვთო. ჩვენ ამ სკოლებში ვმუშაობთ ამდენი წელი, ყველა კვალიფიციური კადრია დიდი გამოცდილებით. „ლიდერთა აკადემიის“ ხუთი მოდული გავიარეთ, ძალიან ბევრი ფინანსები ჩაიდო არსებულ დირექტორთა კორპუსში. ბევრი მათგანი თან მასწავლებელია, გამოდის რომ მას ეუბნება სამინისტრო –შენს სკოლაში პედაგოგობაც დატოვე, თანამდებობაც და სხვა სკოლაში წადიო. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მივმართეთ და მათგან ველოდებით სამართლებრივ შეფასებას.
„საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი ყველა მოქალაქეს ანიჭებს თავისუფალი არჩევანის უფლებას. მაშინ, როდესაც სერტიფიცირებით სახელმწიფოს მიერ დადასტურებული და აღიარებულია დირექტორთა პროფესიული კვალიფიკაცია (სერტიფიკატს არ აწერია, რომ გარკვეული დროის მიხედვით მას სკოლის არჩევაში შეზღუდვა ექნება, მეტიც, იგი მოქმედი დირექტორების შემთხვევაში უვადოა ავტ.), საქართველოს კანონში „ზოგადი განათლების შესახებ“ არსებული ჩანაწერი ზღუდავს დირექტორის (მოქალაქის) კონსტიტუციურ უფლებას არჩევანის თავისუფლების შესახებ. სახეზეა კანონთა შორის კოლიზია – წინააღმდეგობა. ამ პირობებში, როდესაც კადრების დეფიციტია ყველა მიმართულებით, ასეთი მომზადებული კადრები შესაძლოა დატოვონ უმუშევარი, ჩვენ სხვა სკოლებში არ შევალთ“, – ამბობს ელზა ბადაშვილი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
„საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი სერტიფიცირების პროცესის ხარვეზებზეც საუბრობს. მისი თქმით, კანდიდატებს იმდენად მცირე დრო აქვთ მასალის მოსამზადებლად, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება რამდენად კვალიფიციური კადრების შერჩევას შეძლებს სამინისტრო.
„არ ვიცი რატომ და რისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს, როდესაც 31 იანვარს იღებ კანონს და ერთ თვესაც კი არ აძლევ მოსამზადებლად აპლიკანტს. 10 თებერვალს დაიწყო მსურველთა რეგისტრაცია და დაიდო სავალდებულო პროგრამა, 10 ათას გვერდამდეა იყო წასაკითხი. მარტო წაკითხვა ხომ არაა ესაა დამუშავება, გააზრება, დასკვნების გამოტანა და გამოცდას უნიშნავ ასე სწრაფად 6-7 მარტს. ძალიან ცოტა დრო იყო, ვერავინ ვერ მოასწრებდა ამხელა მასალის დამუშავებას. მე, რომელსაც ამხელა გამოცდილება მაქვს, გამოცდაც ორჯერ ჩავაბარე, მეც კი ვერ მოვასწრებდი ამ პერიოდში მომზადებას. ამდენი მასალის დასამუშავებლად ამ ხალხს მისცეს 18 დღე და მათ შორის მხოლოდ 5 დასვენების დღე. მერე იმას იტყვიან, ვერ ჩააბარესო და მასწავლებლებივით დასაცინს გახდიან ამ ხალხს“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდა 6 და 7 მარტს აღარ ჩატარდება
საქართველოს „ზოგადი განათლების შესახებ კანონის“ თანახმად, სამეურვეო საბჭო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარდგენილ, კონკურსგავლილ დირექტორობის კანდიდატთაგან დირექტორს ირჩევს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე.
საჯარო სკოლის დირექტორი ირჩევა/ინიშნება 6 წლის ვადით. ერთ სკოლაში პირის დირექტორად არჩევა/დანიშვნა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
სამეურვეო საბჭოს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
აუცილებელი ინფორმაცია სკოლის დირექტორობის მსურველთათვის:
სავალდებულო და დამხმარე ლიტერატურა სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების გამოცდისთვის
რომელი კანონები უნდა იცოდეს სკოლის დირექტორობის მსურველმა სერტიფიცირების გამოცდისთვის
საგამოცდო პროგრამა საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირებისთვის დამტკიცდა
შეეხებათ თუ არა სერტიფიცირება მოქმედ სკოლის დირექტორებს და მოვალეობის შემსრულებლებს
საჯარო სკოლის დირექტორთა ახალი სტანდარტი დამტკიცდა – დოკუმენტი
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება