„ჩემი შვილი ნახევრად ინგლისურად მელაპარაკება“ – ურჩევნიათ თუ არა ქართველ მოზარდებს უცხო ენა მშობლიურს?
ენების ცოდნა სასარგებლო რამ არის, კარგია ტვინის, აზროვნების განვითარებისთვის. მაგალითად, ორ და მრავალენოვანი ადამიანების შემთხვევაში, როგორც წესი, ტვინის მაკონტროლებელი მექანიზმები უფრო მობილიზებულია, აზროვნების ტემპი უფრო მაღალი და მოქნილია, ასაკში ასეთი ადამიანები ნაკლებად ავლენენ შესუსტებას კოგნიტური უნარების თვალსაზრისით და ა.შ. რომ აღარაფერი ვთქვათ მეტ კონკურენტუნარიანობაზე შრომის ბაზარზე, ან მეტ შესაძლებლობაზე სხვა კულტურების შესაცნობად. და საერთოდ, რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარო, არაერთხელ გვსმენია.
თუმცა, მიუხედავად ამისა, არაერთგვაროვანია დამოკიდებულება თანამედროვე ბავშვებში უცხო ენებისადმი გაზრდილ ლტოლვასთან დაკავშირებით. მშობლების მცირე ნაწილი თუ თავს იმით იწონებს, რომ მათმა შვილმა ქართულთან შედარებით უკეთ იცის ინგლისური, მეორე მხრივ, ხშირად მოისმენთ მშობლებისა და მასწავლებლების მხრიდან წუხილითა და დანანებით ნათქვამ სიტყვებსაც, რომ „ახლანდელ მოზარდებს“ მშობლიურ ენაზე ლაპარაკი, წერა, სწავლა, აზროვნება უჭირთ, ეზარებათ, ან სულაც – „უტყდებათ“. ინგლისურად კი პირიქით, თავისუფლებას გრძნობენ.
რა ხდება სინამდვილეში? თავდაპირველი რეაქცია, თაობის ინგლისურით გატაცების შესახებ, აბსოლუტური აღფრთოვანება და სიამაყე იყო. მაგრამ საამაყო ნამდვილად არის? ან როგორ და რატომ იქცა უცხო, საერთაშორისო ენის სრულყოფილად ფლობა პრობლემად? ან საერთოდ, არის თუ არა ეს პრობლემა და რა სახის სირთულეებს შეიძლება ვეჯახებოდეთ? როდის გვაქვს საქმე პრობლემასთან და როდის არცთუ სასურველ, მაგრამ მაინც იმ რეალობასთან, რომელიც უნდა მივიღოთ და რომელსაც უნდა მოვერგოთ?
ამ თემაზე რამდენიმე მშობელს ვესაუბრეთ. თითოეული ძალიან ღელავს, რომ შესაძლოა, მათ შვილებს გაუცხოება ჰქონდეთ მშობლიურ ენასთან და ამან პრობლემებიც შექმნას მათი სოციალიზაციის ან აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით.
ნანა, მშობელი: “ჩემი შვილი ნახევრად ინგლისურად მელაპარაკება, ბევრად დიდი ლექსიკონი აქვს ქართულთან შედარებით და ამაზე ძალიან ვბრაზობ. ქართულად როცა წერს თემებს, ვამჩნევ, რომ ინგლისურად აქვს თავში მოფიქრებული და მერე თარგმნის ქართულად. ერთმანეთში ეს თაობა სულ ინგლისურად საუბრობს და ესეც ხელს უწყობს ქართულთან გაუცხოებას. რა თქმა უნდა, მივესალმები ენების ცოდნას – რაც მეტი, მით უკეთესი (ნეტა მეც მესწავლა მეტი ენა). უბრალოდ, ზედმეტად მოიცვა ინგლისურმა ეს „ჯენ ზ“ თაობა (90-იანი წლებიდან 2010-იანი წლების ბოლომდე შუალედში დაბადებულთა თაობა – ავტ.). არ ვიცი, ეს ასაკის ამბავია, თუ რა მჭირს, მაგრამ მინდა, რომ გავუფრთხილდეთ ქართულს. პატარების თაობაშიც მინდა, რომ ახსოვდეთ, “ვისი გორისანი არიან“ და პატივს სცემდნენ ამას”.
შვილის დასწავლის უნარ-ჩვევებზე ღელავს მეორე მშობელი, რომლის გოგონაც 11 წლისაა.
ეთო, მშობელი: “მგონია, რომ ყველა რესურსი ამოვწურე. ჩემი 11 წლის შვილი ინგლისურის და გერმანული ენის გარდა, დამოუკიდებლად ვერცერთ საგანს ვერ ამზადებს. უჭირს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა, კითხვებზე არგუმენტირებული პასუხის გაცემა. ინგლისურ ენაზე მსგავსი პრობლემები არ აქვს. ეს მხოლოდ ქართულ ენაზე ვლინდება. მე ვუკითხავ, აბზაც-აბზაც ვაწვდი ინფორმაციას და შემდეგ ვეკითხები, რა დარჩა იქიდან. ვაყურებინებ დამატებით მასალას და ვაივაგლახით ვსწავლობთ. სასოწარკვეთილებისგან რა გავაკეთო, მართლა აღარ ვიცი”.
კიდევ ერთი მშობელი, 12 წლის სანდროს დედა, აცნობიერებს, რომ ეს დროის მიერ მოტანილი და თითქმის მთელი თაობისთვის დამახასიათებელი მოვლენაა, თუმცა ეს მდგომარეობას დიდად სანუგეშოდ ვერ ცვლის.
სოფო, მშობელი: “ეს ამ თაობის უდიდესი პრობლემაა. მიზეზებს რა გამოლევს: გაძლიერებულად უცხო ენების სწავლა, რასაც მოსდევს უცხო ენაზე აზროვნება; ინტერნეტი და მასში არსებული ზღვა ინფორმაცია; გაჯეტები, რომლებმაც წიგნი ჩაანაცვლეს და ბავშვებს ფანტაზიის უნარი დაუქვეითეს, ახლა კიდევ ონლაინ სკოლა. ჩემი უფროსი 13 წლის ხდება და რომ ვუსმენ, თავის მეგობრებთან ქართულად არ ლაპარაკობს, ძირითადად ინგლისურად. სასაუბრო თემები მეტწილად კომპიუტერული თამაშები, გრაფიკული პროგრამებია, მაგრამ შემდეგ სხვა ყოველდღიურ თემებზეც ინგლისურად გადადიან. თავიდან ძალიან გავაპროტესტე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს მისი ახირება არ იყო და ყველა მეგობარი სიამოვნებით აკეთებდა ამას, ამიტომ შევეშვი. ეს პრობლემა მასწავლებლებმაც კარგად იციან. ისინიც ადასტურებენ, რომ უმრავლესობა იგივე პრობლემის წინაშე დგას. თუმცა ეს ჩვენს მდგომარეობას არ ცვლის და პრობლემა პრობლემად რჩება”.
რამდენად მასშტაბურია ეს პრობლემა და ხომ არ ვაზვიადებთ საკუთარ გამოცდილებასა და შფოთვებს? ამ კითხვებით მასწავლებლებსაც მივმართეთ.
ნინო დათაშვილი, ქართული ენის, ლიტერატურისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი:
– როგორც მასწავლებელს, მიწევს იმ ბავშვებთან ურთიერთობა, რომლებიც მშობლიურ ენაზე ასაკის შესაბამისად კარგად ვერ მეტყველებენ. ჩემი მოსწავლეები ხშირად ინგლისურად მელაპარაკებიან, როცა ქართულად ვერ გადმოსცემენ აზრს.
– როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი, თქვენი გადმოსახედიდან?
– მშობელთა უმრავლესობა დაკავებულია და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა უმრავლესობა მიჯაჭვულია ინფორმაციულ ტექნოლოგიებს: მობილური, ტელევიზორი, კომპიუტერი, საიდანაც ესმით უცხოენოვანი კონტენტი, ბავშვი ვერ ასწრებს ერთ ენაზე ამეტყველებას, ისე შემოდის სხვა ენები. მოსწავლეებმაც გარკვეული ტერმინოლოგია, ენობრივი კონსტრუქტები ინგლისურად იციან და ამიტომაც, ამავე ენაზე მეტყველება და ერთმანეთთან კომუნიკაციაც მათთვის ბევრად კომფორტულია, ვიდრე ქართულად საუბარი.
– რა რისკები შეიძლება არსებობდეს და სად გვჭირდება ყურადღება მსგავს შემთხვევებში?
– მშობლებს ხშირად არასწორად ჰგონიათ, რომ მათი შვილი ბილინგვია, მაგრამ სინამდვილეში მას ენები აქვს შერეული. ბილინგვები გამართულად საუბრობენ ორ ენაზე, იციან ორივე ენის სტრუქტურა და ა. შ.
სხვადასხვა ენის აღრევა იწვევს ბავშვის დაბნევას. ვინაიდან ენა და აზროვნება ერთმანეთთან პირდაპირ დაკავშირებულია, ეს მოქმედებს ბავშვის კოგნიტურ უნარებზე. არის შემთხვევები, ასეთ ბავშვებს ხშირად უჭირთ მეტყველება (სიტყვების სწორად წარმოთქმა), აქვთ ემოციური, ქცევითი და სოციალიზაციის სირთულეები. ეს აღრევა აქვეითებს ხანდახან დასწავლის უნარს, აფერხებს გონებრივ და მენტალურ განვითარებას, რადგან ენობრივი განვითარება პირდაპირ კავშირშია კოგნიტურ განვითარებასთან.
სამწუხაროდ, ბოლო წლებში საკმაოდ იმატა ბავშვებში ენების აღრევის შემთხვევებმა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც პრობლემა ჩნდება, პატარა ასაკში, სპეციალისტების ჩართულობით, ენობრივი სირთულეების გამოსწორება ბევრად ადვილია და სწრაფად ხდება, ვიდრე მოგვიანებით“, – აღნიშნავს მასწავლებელი.
კლინიკური შემთხვევა ადრეულ ასაკში დროულ აღმოჩენას, სპეციალისტის ჩართულობასა და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. თუმცა, მოზრდილი ბავშვების ყოველდღიურობას რომ დავუბრუნდეთ, მართლაც ხშირად შეამჩნევთ გარშემო, როცა მშობლები რამე სახალისო ისტორიას ჰყვებიან მცირეწლოვან შვილებზე, რომელიც მათთან დიალოგს მოიცავს, ეს დიალოგი ინგლისურენოვანია ხოლმე. ალბათ, თავადაც გამხდარხართ მოწმე, როცა ეთნიკურად ქართველი ბავშვები ინგლისურად საუბრობენ ერთმანეთთან ან მშობლებთან. ისეთი მაგალითებიც გექნებათ, როცა მშობელი შვილის ინგლისურის ცოდნას ვერ ეწევა და თავადაც სჭირდება მეცადინეობა იმისთვის, რომ შვილთან აქტიური და ჯანსაღი კომუნიკაცია შეინარჩუნოს. გარდა იმისა, რომ ცალკეულ ბავშვებს ან მეტიც, მთლიანად თაობას, მიეწერება სიზარმაცე, ინდიფერენტულობა და ქართულთან გაუცხოება, არცთუ იშვიათია, როდესაც მშობლები მასწავლებლებს, ხან კი პირიქით, მასწავლებლები მშობლებს ადანაშაულებენ.
ცხადია, გასაუბრება მოზარდებთანაც ვცადეთ. ჩვენს თემაზე მათეული ხედვა და ინტერპრეტაცია, ვფიქრობთ, ყველაზე ანგარიშგასაწევი უნდა იყოს. 12 წლის კესო გულახდილად, ლაკონიურად და ამომწურავად გვპასუხობს:
კესო: „ის, რომ ხშირად ინგლისურს ვიყენებთ სალაპარაკოდ, ეგ სიმართლეა. მაგრამ, პირადად მე, მარტო იმათთან ვლაპარაკობ ინგლისურად, ვისთანაც ახლოს ვარ და კარგად ვიცნობ, ვისაც თვითონაც ასე ურჩევნია, ან თუ უცხოელია. მე ყველაფერს ინგლისურად ვუყურებ (რადგან ქართულად ჩემთვის მოსაწონებელი ვიდეოები, რაღაც.. ვერ მიპოვია), რაც მაინტერესებს, ქართულად ან ვერ ვპოულობ, ან სულ არ არის. მაგრამ ამის გამო, ხანდახან გამოდის, რომ ინგლისურში უფრო დიდი მარაგი მაქვს სიტყვების და რაღაცის ახსნა ინგლისურად მირჩევნია“, – ამბობს კესო.
– გსაყვედურობენ ამის გამო?
– ხანდახან დედაჩემი მსაყვედურობს, როდესაც ქართულის თემას ვწერ და ნორმალურ სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ კარგად დავწერო. მაგრამ ინგლისურად როდესაც ვწერ, უფრო კარგად გამომდის, სამწუხაროდ.
– „სამწუხაროდო“, რომ ამბობთ, რატომ გგონიათ, რომ ინგლისურის უკეთესად ცოდნა სამწუხაროა?
– არ ვამბობ რომ ეგ ცუდი რამეა, ან მაინცდამაინც ქართული უნდა იცოდე ყველაზე კარგად და რაღაც. ეს უბრალოდ… იმხელა ისტორია აქვს ამ ენას და ა.შ, მაინც არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ წლები იბრძოლეს ამ ენის გამო და მე ინგლისური უფრო კარგად ვიცი. ეს არის ჩემი აზრი, ჩემი სურვილი, ჩემი საკუთარი თავის მიმართ და არა სხვების მიმართ, – გვეუბნება მოზარდი.
დიდიან-პატარიანად და სტატუსის მიუხედავად, ყველა ვთანხმდებით, რომ ენების ცოდნა მხოლოდ ღირსებას მატებს ადამიანს. საკითხი ასე დგას, როდის და როგორ სჯობს ისწავლოს უცხო ენა ბავშვმა.
ამასთან დაკავშირებით, უახლეს კვლევებზე დაყრდნობით, მეცნიერები გვირჩევენ, რომ ბავშვებს ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ, კონტექსტის გათვალისწინებით მივიღოთ გადაწყვეტილებები. თუმცა, რაც ყველასთვის გასათვალისწინებელი უნდა იყოს, ისაა, რომ ერთმნიშვნელოვნად ბავშვის ინტერესებშია, იმ პერიოდში შემოვიდეს უცხო ენა მის ცხოვრებაში, როდესაც მშობლიურ ენას უკვე საკმარისად ფლობს და ადეკვატურად შეუძლია ერთ ენაზე კომუნიკაცია. ასეთი ასაკი, საშუალოდ, 5 წელია ტიპური განვითარების ბავშვებში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უცხო ენის სწავლებას თამაშზე დაფუძნებული სახე ჰქონდეს და არა რუტინული მეცადინეობის.
ორენოვანი ოჯახების შემთხვევაშიც სასურველია, რომ არა მაინც და მაინც ერთ ენაზე ესაუბრონ, არამედ მშობლებმა თავად არ აურიონ ენები ერთმანეთში და იმ ენაზე იქონიონ კომუნიკაცია ბავშვთან, რომელსაც თავად უკეთესად ფლობენ.
მიუხედავად იმისა, რომ მეტყველების განვითარება უმნიშვნელოვანესია ბავშვის განვითარების გზაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, გარემოსთან ურთიერთქმედება, რომლის ერთადერთი გზა მეტყველება არ არის. კომუნიკაცია და გზა, ენა, რომლითაც ბავშვისთვის კომუნიკაცია უფრო კომფორტული და მისაღებია, თანამედროვე კვლევებით, უპირატესია.
ამიტომაცაა, რომ არასასურველია გაჯეტების ჭარბი მოხმარება, მით უმეტეს უცხოენოვანი მასალით, ადრეულ ასაკში, რადგან აქ არ ხდება ორმხრივი, ცოცხალი კომუნიკაცია, რაც, როგორც აღვნიშნეთ, ყველაზე მნიშვნელოვანია.
და მაინც, გასაგებია, რას ვითვალისწინებთ სკოლამდელი ასაკის ბავშვებში. მაგრამ რა გზას ვირჩევთ მოზარდებთან, რომლებიც, ამა თუ იმ ობიექტური და სუბიექტური მიზეზით, მათ ცხოვრებაში შემოჭრილი ინტერნეტის, გაჯეტების, ქართულენოვანი რესურსების სიმწირის გამო, გლობალიზაციის პროცესებისა და ახლა უკვე პანდემიის ხელშეწყობითაც, უკვე იმდენად გაიწაფნენ უცხო ენაზე, რომ მშობლიურმა ენამ უკანა ფლანგზე გადაიწია?
EDU.ARIS.GE-ს ამ კითხვაზე ნეიროფსიქოლოგი, სპეციალური საჭიროების მქონე პირთა განათლების ფილოსოფიის მაგისტრი, ნინო მარგველაშვილი პასუხობს:
– პატივი უნდა ვცეთ ჩვენი შვილების არჩევანს, მოიძიონ/ მიიღონ ინფორმაცია და ისაუბრონ მეგობრებთან მათთვის სასურველ ენაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ეს შეიძლება არც ისეთი სასიამოვნო იყოს. ამასთანავე, მშობლებმა დრო უნდა დავუთმოთ, გავიაზროთ, რა არის ამ ეტაპზე ოჯახის ღირებულებები (მაგ. ქართული ენის და წინაპრების პატივისცემა), რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და როგორ შეიძლება ამ ღირებულებების დანერგვა და გაღვივება თანმიმდევრულად. შვილებთან ამის გაზიარება, მათი აზრის მოსმენა და ერთობლივად ამ ღირებულებებზე მუშაობა, იმ კონფლიქტებისგან თავის არიდებაში დაგვეხმარება, რასაც მშობელი და შვილი შეიძლება ყოველდღიურად, სიტუაციურად აწყდებოდეს ერთმანეთისთვის შენიშვნის მიცემით, უხეში კომენტარების გაკეთებით, იმედგაცრუების განცდებით. შვილებისთვის შეკითხვების დასმით და მათი გადაწყვეტილებების მიღმა არსებული მიზეზების გაგებით, მშობელს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, დაეხმაროს შვილს, თუ მას კონკრეტული საჭიროება აქვს, მაგ. სკოლაში ქართული ენის სწავლისას, ან საუკეთესო შემთხვევაში, იგრძნოს შვება და შვილის ეს ნაბიჯი ახლებურად დაინახოს, – ამბობს ნეიროფსიქოლოგი.
EDU.ARIS.GE-სთან საუბრობს ფსიქოლოგი თამარ ისაკაძეც, მულტიდისციპლინარული გუნდის კოორდინატორი:
– უნდა ვაღიაროთ, რომ ქართულ ენაზე მოზარდებს მათთვის საინტერესო თემებზე მართლა არ აქვთ წვდომა. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულის მასწავლებლების მხრიდან დახმარებასაც.
მე რომ ვიყავი მე-3 კლასში, ძალიან მიყვარდა წერა, კითხვა. ჩემი შვილი კიდევ ზის და იუთუბზე უყურებს ვიღაცების ვლოგებს. რომ ვუსმენ, უცხოპლანეტელი მგონია ხანდახან. მასაც და მის მეგობრებსაც აქვთ ის ინტერესები და ერკვევიან ისეთ სფეროებში, რაც ჩვენი თაობისთვის უცხო ხილია. მეც ვბრაზდები რომ წიგნებს არ კითხულობს, მაგრამ მგონია, რომ უბრალოდ დრომ მოიტანა და სჯობს, დავაცადო. მგონია, რომ ეს ნორმაა და საგანგაშო არაფერია. უბრალოდ, თუ ეს იმდენად ხანგრძლივია, რომ ბავშვი წყდება უკვე სხვა საქმეებს, მაგალითად, აღარც ჭამს, ნამდვილ ურთიერთობებზე უარს ამბობს და ა.შ. და ეს ხელს უშლის გარემოსთან ადაპტაციაში, უკვე სირთულესთან გვაქვს საქმე და უკვე საჭიროებს ჩვენს ჩარევას. როგორც ნებისმიერ სხვა რამეზე დამოკიდებულების შემთხვევაში.
– როგორ უნდა ამოვიცნოთ პრობლემა, როცა მოზარდს სპეციალისტის დახმარება სჭირდება? როდისაა, რომ შეფასების საჭიროება დგება?
– თუ სტანდარტს საგრძნობლად ჩამორჩება, მიუხედავად სკოლის მიერ გაწეული სხვადასხვა ძალისხმევისა და თუ მეტყველებასა და კომუნიკაციაში არის შესამჩნევი სირთულეები ასაკთან შედარებით, – ამბობს ფსიქოლოგი.
თვალსაჩინო ხდება, რომ ქართული რესურსები, ენის სწავლებისადმი მიდგომები ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე ეპოქისა და ახალი თაობის მოთხოვნებს, გაქანებასა და დინამიკას. ის, რასაც მოზარდებს ვსაყვედურობთ, მხოლოდ სიმპტომია ამის. ისინი ამ გზით მხოლოდ ცდილობენ დაიკმაყოფილონ პირადი ინტერესები, ინფორმაციული შიმშილი და გარესამყაროსთან ურთიერთობის მოთხოვნილება, რომლის მასშტაბი სულ უფრო დიდია და ერთი პატარა ქვეყნის არეალში აღარ ეტევა. ცხადია, ერთი სტატიის გაქანებასა და შესაძლებლობებს სცდება მიზეზების სრულყოფილი ანალიზი და საკითხის გადაჭრის გზების დასახვა. თუმცა, იქნებ, აქ და ახლა, ამ ეპოქაში, თაობებმა, ერთმანეთის განსჯის ნაცვლად, მოკავშირეობისთვის ვიპოვოთ სივრცე, რომ ამოვავსოთ ის სიმწირე, რაც ჩვენს მშობლიურ ენაზე რესურსებსა და ინფორმაციაზე წვდომის თვალსაზრისით გვაწუხებს ყველა თაობას.
ინტერნეტით ნასწავლი უცხო ენა ბავშვებში – რა საფრთხეებზე მიგვითითებენ სპეციალისტები
გვჭირდება თუ არა გაჯეტები სკოლებში – გამოყენების სტატისტიკა და რეკომენდაციები მშობლებს
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება