GE

სკოლის მოსწავლეებს დახეული ჯინსების ტარება გორის სკოლაშიც აეკრძალათ

EDU.ARIS.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ სამეგრელოს სკოლების მსგავსად, დახეული ჯინსების ჩაცმას შიდა ქართლის სკოლებშიც კრძალავენ. ერთ-ერთი ასეთი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის სკოლაა. მისი ადმინისტრაცია, მოკლე კაბას, გაშლილ თმას, დახეულ ჯინსებს და გალაქულ ფრჩხილებს სასწავლო პროცესისთვის ხელის შემშლელად მიიჩნევს.

აღნიშნულის შესახებ EDU.ARIS.GE -ს სკოლის მოსწავლეებმა აცნობეს.

„აი, დღეს, გაკვეთილის დაწყებამდე, კიდევ ერთხელ გვითხრა მასწავლებელმა, რომ სკოლაში დახეული ჯინსებით არ უნდა ვიაროთ“, – ეს შეტყობინება ერთ-ერთ მოსწავლეს ეკუთვნის.

ამ ინფორმაციას მისი კლასელებიც ადასტურებენ, თუმცა მოსალოდნელი ზეწოლის თავიდან არიდების მიზნით, ბავშვებს საკუთარი ვინაობის საჯაროდ გამხელა არ სურთ.

37901„დახეული ჯინსების გარდა, ზოგიერთი მასწავლებელი, მოკლე კაბის ტარებას და თმის გაშლასაც გვიშლის“, – ამბობენ გოგონები.

ჩვენთან საუბარში, მოსწავლეები სკოლის შინაგანაწესზეც საუბრობენ, რომელიც სხვა სკოლების მსაგვსად, მათთანაც არსებობს.

„არსებობს ასეთი დოკუმენტი, რომელიც სკოლაშია გამოკრული, მაგრამ ამ აკრძალვების შესახებ იქ ასეთი ზუსტი ჩანაწერი არ გვხვდება. უბრალოდ წერია, რომ ყველა მოსწავლეს უნდა ეცვას სადად და ასაკთან შესაფერისად, მაგრამ ეს ხომ სადაო განმარტებებია, რადგან მაგალითად, ჩვენ, მოსწავლეები ვფიქრობთ, რომ სწორედაც ამ ასაკში შეგვეფერება დახეული ჯინსებიც და მოკლე კაბებიც“, – გვიხსნიან კარბში მცხოვრები ახალგაზრდები.

მათგან მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ჩვენ სკოლის დირექტორს ნინო კოლოტაშვილს დავუკავშირდით. მისი თქმით, სკოლაში დახეული ჯინსებით არავინ დადის, რადგან მოსწავლის ჩაცმის სტილი სკოლის შინაგანაწესით რეგულირდება.

„მოსწავლეს უნდა ეცვას მოსწავლის შესაფერისად. ამას ამბობს ჩვენი სკოლის შინაგანაწესი. დახეული ჯინსები, სარაფნები და შორტები არ არის სასკოლო ტანსაცმელი. ამიტომაც არავინ არ იცვამ აქ ასე. რაც შეეხება გალაქულ ფრჩხილებს, მოკლე კაბას და გაშლილ თმებს, ამაზე ჩვენ არავის არაფერს ვეუბნებით და ვისაც სურვილი აქვს, გაშლილი თმითაც დადის, მოკლე კაბითაც და გალაქული ფრჩხილებითაც“, – გვითხრა კოლოტაშვილმა.

დირექტორი ფიქრობს, რომ სკოლის შინაგანაწესს მოსწავლეთა მშობლებიც ეთანხმებიან, რადგან ამ დრომდე პროტესტი აკრძალვების შესახებ არავის გამოუთქვამს.

სკოლა დახეული ჯინსების წინააღმდეგ

მოსწავლის ქცევის კოდექსი

სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი

მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი

მოამზადა გვანცა დოლუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური