GE

EMIS -ის გაფრთხილება პედაგოგებს ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS )ცნობით, ელექტრონულ ჟურნალში სემესტრულ შეფასებას დადასტურების ღილაკი დაემატა, თუმცა მისი გამოყენება მიმდინარე სასწავლო წელს სავალდებულო არ არის. ინფორმაცია 14 ივნისს გამოქვეყნდა.

„ელექტრონულ ჟურნალში სემესტრულ შეფასებას დაემატა დადასტურების ღილაკი. მასზე დაწკაპებით თქვენ ადასტურებთ საბოლოო შედეგად მოცემულ შეფასებას. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ჟურნალში მოცემული შეფასებები არის საბოლოო, ,,დადასტურების” ღილაკს ნუ დააწკაპებთ. მით უფრო, ამ სასწავლო წელს აღნიშნული ღილაკის (დადასტურების) გამოყენება სავალდებულო არაა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პედაგოგებს ასევე აფრთხილებს, რომ საბოლოო წლიური ნიშნების გამოყვანისას, ორივე სახის ჟურნალის წარმოების შემთხვევაში უპირატესობა მატერიალურ ჟურნალს მიენიჭება.

„სკოლა, რომელიც 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში აწარმოებდა როგორც მატერიალურ ჟურნალს, ასევე – ელექტრონულ ჟურნალს, მოსწავლეთა პირველი და მეორე სემესტრის, ასევე – წლიური შეფასებების გამოთვლა უნდა განახორციელოს საკლასო ჟურნალის მიხედვით. სკოლა, რომელიც 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში აწარმოებდა მხოლოდ ელექტრონულ ჟურნალს, მოსწავლეთა როგორც პირველი და მეორე სემესტრის, ასევე – წლიური შეფასებების გამოთვლა უნდა განახორციელოს მართვის სისტემის მიერ მიწოდებული ექსელის ფაილისა და ელექტრონულ ჟურნალში მასწავლებლის მიერ აღურიცხავი შეფასებების მიხედვით. რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ცდომილების შემთხვევაში რედაქტირების საშუალება მატერიალური სახით გექნებათ. ამრიგად ,თუ ელ.ჟურნალში ცდომილებაა შეფასებაზე,მოსწავლე არ დაზარალდება ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე“, – აცხადებენ უწყებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური