GE

ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, – ვეცდები, ვიყო ღირსეული მასწავლებელი საქართველოსი

საქართველოში 5 ოქტომბერს კონკურსის “მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” გამარჯვებული უნდა დაასახელონ. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და კოალიცია „განათლება ყველასათვის-საქართველო“-ს ინიციატივით დაფუძნებულ „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე“ საკონკურსო აპლიკაცია 700-ზე მეტმა პედაგოგმა შეავსო, აქედან 114 იყო დასრულებული განაცხადი და სწორედ მათგან მოხდა ჯერ 10, შემდეგ კი 5 საუკეთესოს გამოვლენა.18 სექტემბერს 5 ფინალისტი გამოვლინდა.

ეკა წულუკიძე – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯაროს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ნათია ფურცელაძე – ქ.თბილისის კერძო სკოლა “ქორალის” ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ნინო აბულაძე – ქ.თბილისის N43 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი; ვლადიმერ აფხაზავა – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და ასევე სპეც.მასწავლებელი. თეა ნონიკაშვილი – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის ბიოლოგიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.

ჟიურიმ საუკეთესო ერთი პედაგოგი სწორედ მათ შორის უნდა დაასახელოს, რომელიც „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი გახდება და კამპანიის გენერალური სპონსორისგან, ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა. დანარჩენ ოთხ ფინალისტს დააჯილდოვებს “ლიბერთი” ბანკი 1000-1000 ლარით.

21931766_10154804928466881_712044734_o„ძალიან ემოციური იყო ჩემთვის ფინალისტად დასახელება. ისეთ ადამიანებს შორის მოვხვდი, რომლებსაც კარგად ვიცნობ და მინდა, პირველობაზე ვუსურვო წარმატება. ჩემთვის ძალიან საპასუხიმგებლოა ხუთეულში მოხვედრა და ვეცდები, ვინც მამხნევებდა და მეუბნებოდა, რომ 5 ფინალისტს შორის მოვხვდებოდი, მათი იმედები გავამართლო ბოლომდე. ეს არის გზის დასაწყისი, რომ მე ვიყო მართლა ღირსეული მასწავლებელი საქართველოსი“, – უთხრა ერთ-ერთმა ფინალისტმა ნინო აბულაძემ EDU.ARIS.GE-ს.

იგი ჟიურიმ მოსწავლეებისთვის ისტორიის ინოვაციური სწავლებისთვის გამოარჩია. ნინო აბულაძე აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში. მისი ერთ ერთი ინოვაციაა მოსწავლეებთან ერთად კომპიუტერულ თამაშ Minecraft-ში საქართველოს რეგიონებისა და ძეგლების აგება და One note-ის სასწავლო რესურსი მსოფლიო ისტორიაზე. 2017 წელს ნინო აბულაძემ გამოსცა ისტორიის დამხმარე სახელმძღვანელო, ამჟამად მუშაობს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ისტორიის სახელმძღვანელოს შექმნაზე.

ფინალისტებს შორის მოხვედრილი პედაგოგი ეკა წულუკიძე ჟიურიმ მესტიის სოფელ ფარის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის საინტერესო სწავლებისთვის გამოარჩია. 2012 წელს ეკა წულუკიძემ ჩამოაყალიბა სამოქალაქო კლუბი „ცოდნა ძალაა“, 2016 წლიდან შექმნა კლუბი „ Green space”, ასევე ხელმძღვანელობს ლიტერატურულ კლუბს „ჯინსების თაობა“, 2017 წელს მოსწავლეებთან და ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან ერთად დააფუძნა სოციალური საწარმო „მზეკო“, სადაც სხვადასხვა ასაკის გოგონები და ქალბატონები ეუფლებიან ხელსაქმეს.

„ნამდვილად ბევრ ღირსეულ პედაგოგს შორის მომიწია ამ ეტაპების გავლამ. ვფიქრობ, ალბათ, იმ აქტიურობიდან და საზოგადო საქმიანობიდან გამომდინარე შემარჩიეს, რასაც ჩვენს თემში ვახორციელებ. გარდა იმისა, რომ პედაგოგიურ მოღვაწოებას ვეწევი, ვახორციელებ ბევრ აქტივობებს ახალგაზრდებისთვის და, ალბათ, ეს გახდა გადაწყვეტილების მიღებისას განმსაზღვრელი.

ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო თვითონ ათეულში მოხვედრა. იმიტომ რომ საქართველოს ნამდვილად ბევრი გამორჩეული პედაგოგი ჰყავს. ამ დიდ კონკურენციაში ასეთ შედეგს არ ველოდი. ხუთეულში მოხვედრა ხომ წარმოუდგენელი რამ იყო. ახლა უკე რახან ეს მოხდა, 50-50-ზე ვაფასებს ჩემს შანსებს.  საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავს. ღირსეული პედაგოგები იყვნენ ათეულში წარდგენილები და ხუთეულშიც უძლიერესები იქნებიან“,  – ამბობს ეკა წულუკიძე.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის გიორგი მაჩაბელის თქმით, როგორც კერძო სკოლიდან, ასევე საჯაროდან შეეძლოთ პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენა. შეფასების კრიტერიუმებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ მასწავლებლის საქმიანობა შეფასდა იმის მიხედვით,  რამდენად აქტიურები იყვნენ ისინი საკუთარ თემში, სოციუმში. სკოლაში რამდენად აქტიურად ახორციელებდნენ დამატებით აქტივობებს და რამდენად ეხმარებოდნენ საკუთარ კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში.

„რა შედეგი ჰქონდა მიღწეული მასწავლებელს, იმის მიხედვით ვაფასებდით. მთავარი იყო ის დასაბუთება, რაც მათ უნდა წარმოედგინათ ინფორმაცია, თუ რას ახორციელებდნენ, როგორც სასწავლო პროცესის წარმართვის კუთხით, ასევე, ზოგადად, თემში აქტიურობის კუთხით. ჩვენმა მონიტორებმა შეისწავლეს ეს ინფორმაცია. გადაამოწმეს ადგილებზე და ამის შემდეგ გამოვლინდა ეს ხუთეული.

შერჩევისას გათვალისწინებული იყო მასწავლებლების მონაწილეობა პროფესიული განვითარების მიმართულებით. თუ როგორ წარმართავდნენ და უძღვებოდნენ სასწავლო პროცესს და როგორ ეხმარებოდნენ თავიანთ კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში. იყო საინტერესო ქეისები, არ დავმალავ და შესაბამისად შეფასდა კიდეც“, – აღნიშნა გიორგი მაჩაბელმა.

კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარის  ირინა ხანთაძის თქმით, საქართველოში ნამდვილად არსებობენ ბევრი სხვა ღირსეული პედაგოგები, თუმცა ამ ეტაპზე მათ შორის გაკეთდა არჩევანი, ვინც „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე“ საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.

ხანთაძის თქმით, „მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე“, რომლის გამარჯვებული მილიონ ლარს მიიღებს პრიზად,  სამყაროს ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია მონაწილეობის მიღება და ამის გაკეთება „ეროვნული ჯილდოს“ გარეშეც შეიძლება. არანაირი წინაპირობა ამისთვის არ არის. გარდა იმისა, რომ ის უნდა იყო მოქმედი მასწავლებელი მოქმედ სკოლაში. თუმცა ამ შემთხვევაში კოალიცია და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე გამარჯვებულ კანდიდატს გაუწევენ რეკომენდაციას.

„იყო შენიშვნა, ერთი მასწავლებელი რატომ უნდა შეირჩეს, როცა კარგი ბევრია. ასევე, სოფლის და ქალაქის სკოლების მასწავლებლები, სადაც განსხავებული პირობებია, რამდენად იქნებიან ერთ პირობებში ჩაყენებული გადაწყვეტილების მიღების დროს. ეს კითხვები ისმოდა და ვფიქრობთ, რომ მეტი აქტიური კომუნიკაცია უნდა ვაწარმოოთ, რომ მასწავლებლებმა უფრო იაქტიურონ.

114 აპლიკაცია შემოვიდა. მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად კარგი აპლიკაციები იყო. დიდი მოტივაციით და მზაობით ჰქონდათ შევსებული მასწავლებლებს და არ იყო ჟიურისთვის მარტივი, თუნდაც საუკეთესო ათი მონაწილის შერჩევა. თუმცა შეზღუდვა ასეთ კონკურსებში ყოველთვის არის ის, რომ რაღაც მომენტში გადაწყვეტილება უნდა მიიღო, რაც არ უნდა რთული იყოს.

თუ მასწავლებელს აპლიკაცია შემოტანილი არ ჰქონდა, ჩვენ მის კანიდიდატურას წელს ვერ განვიხილავდით არსებული წესით. მომავალი წლისთვის ვფიქრობთ, როგორ გავაუმჯობესოთ პირობები და შემოვიტანოთ ნომინაციის ელემენტი, რომ არა მხოლოდ მასწავლებლებმა საკუთარი ინიციატივით შეძლონ განაცხადის შემოტანა, ასევე სხვადასხვა დაინტერესებულმა პირებმა წარადგინონ და ჯგუფებმა. ასე რომ, ვინც კარგი პედაგოგების გულშემატკივრები არიან,  მათი დასახელების და წარმოდგენის სარბიელი მივცეთ“, – აღნიშნა ირინა ხანთაძემ.

გაიცანით ფინალისტები:

საქართველოში მასწავლებლებისთვის ეროვნული ჯილდო დაწესდება

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური