GE

ეროვნული გამოცდების პირველი დღე დასრულდა – რა საკითხები წერეს ქართულში 2024 წლის აბიტურიენტებმა ორივე სესიაზე

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე ზუსტად 18:00 საათზე დასრულდება. აბიტურიენტებმა 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტზე იმუშავეს, გამოცდა კი ორ სესიად წარიმართა.

საქართველოს მასშტაბით გახსნილი სხვადასხვა საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები თავიანთ საკითხებსა და შეფასებებს EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტებს უზიარებენ:

პირველი სესია

ცენტრებში განაწილებული აბიტურიენტებიდან მეორე სესიაზე გამოცხადდა 93%-ზე მეტი გამოსაცდელი.

ელე ლოლაძე, 175-ე სკოლის საგამოცდო ცენტრი: „ვინც ადრე გამოვიდა, მათთვის შედარებით მარტივი იყო ალბათ. რედაქტირება გამიჭირდა, დაკვირვებით ვკითხულობდი, სიტყვებში იყო შეცდომები. ერთ სიტყვას აკლდა „ს“, მეორე სიტყვაში 2 „ა“ იყო ერთის ნაცვლად. სასვენ ნიშნებში მძიმეები იყო გასასწორებელი და ერთგან სამი წერტილი. მეც „სტუმარ-მასპინძელი“ ავირჩიე. ღირებულებების მაგალითად მოვიყვანე სულხან-საბა და თერგდალეულები, ასევე, “ოთარაანთ ქვრივი”. რაც შეეხება სავარაუდო პასუხებიან კითხვებს, “ამ ნაწილის მიხედვითო” ეწერა და უნდა დასკვნა გამოგვეტანა. სააზროვნო იყო და ალბათ უფრო მეტი დროც ამიტომ დამჭირდა“.

„პირველ სესიაზე ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ და რევაზ ინანიშვილის მოთხრობა მოვიდა“ – აბიტურიენტები საკითხების შესახებ

ანა მოსაზლაშვილი, 39-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: „სტუმარ-მასპინძელი” დავწერე. თემა იყო ურთიერთობებზე და იმაზე, რომ ერთნაირი ინტერესი და საფუძველი საჭიროა, რომ ჰქონდეს ურთიერთობას. კონტრარგუმენტად მოვიყვანე “შუშანიკის წამება”, კერძოდ, შუშანიკის და ვარქსენის ურთიერთობა, ვინაიდან მათ საერთო ფასეულობები არ გააჩნდათ და, ამის გამო, მათი ამბავი ცუდად დამთავრდა. ასევე, მაგალითად მოვიყვანე ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი”. რაც შეეხება რედაქტირებას, ადვილი იყო, რადგან შეცდომები შესამჩნევი იყო. მგონია, რომ კარგად დავწერე. თითონ გამოცდაზე სიტუაცია კარგი იყო, დამკვირვებლები ფსიქოლოგიურად დადებითად მოგვიდგნენ”.

საბა, აბიტურიენტი 175-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “კარგათო” ეწერა და სწორი ფორმაა “კარგად”. 14 შეცდომა ვიპოვე, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ სწორად გავასწორე თუ არა. კიდევ იყო სიტყვა „დახმარება სთხოვა“ თუ რაღაც ასეთი, ამოვწერე “თხოვა”. პროგრამულის დავალების შერჩევა არ მინდოდა, თემა კი მარტივი იყო, მაგრამ უფრო რთული იყო კითხვები შემოსახაზში და არაპროგრამული ავირჩიე. მანდ დავწერე, რომ კარგი ადამიანი ცნობილიც თუ ხარ, ყველას უყვარხარ უფრო მეტად და პატივს გცემენ. ბევრი მაგალითი მოვიყვანე წარმატებული სპორცმენების, მუსიკოსების. ვინც ამბობს მარტივი იყოო, ასე არაა, მაგრამ ალბათ უფრო რთული ან საშუალო იყო, ვისთვის როგორ“.

მეორე სესია

ცენტრებში განაწილებული აბიტურიენტებიდან მეორე სესიაზე გამოცხადდა 93%-მდე გამოსაცდელი. დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.

207-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრთან მისულმა აბიტურიენტებმა გამოცდაზე შესვლამდე საკუთარი ვარაუდები გაგვიზიარეს. მათ შორის იყო გიორგი ნინუა, რომელსაც სურდა, რომ “დიდოსტატის მარჯვენა” შეხვედროდა, რადგან კარგად ჰქონდა დამუშავებული.

გიორგის გაუმართლა, რადგან უკვე დიდი ხანია, “დიდოსტატის მარჯვენა” გამოცდებზე არ მოსულა.

“რაც მინდოდა, ეგ მომივიდა და რომ დავინახე, მომეშვა. უფრო რთული მეგონა, რადგან პირველი გამოცდაა. ის ეპიზოდი იყო, სადაც ფხოველები და შორენა გიორგი მეფის მიმართ შეთქმულებას აწყობენ და კონსტანტინე არსაკიძე შეესწრება ამ მომენტს.

თეზისი იყო – ხშირად შურისძიება ადამიანს აკარგვინებს რეალობის ობიექტურ აღქმას. დავეთანხმე, რადგან, ტექსტიდან გამომდინარე, თვითონ კონსტანტინეს ისეთი მაგალითები აქვს მოყვანილი, რაც ერთი-ერთში შეგეძლო გადმოგეტანა.

გრამატიკის დიდად კმაყოფილი არ ვარ. 11 შეცდომა ვიპოვე, შავად დავწერე და მერე გადმოვიტანე, 50 წუთი დავუთმე, ამიტომ დავტოვე და მალე გადავედი ტექსტზე, უკან დაბრუნების დრო აღარ დამრჩა.

რჩევა მომავალ გამოსაცდელებს: რედაქტირება აბზაცებად დაყავით და ხაზების მიხედვით დაითვალეთ, ხაზში რამდენი შეცდომაა. მძიმეები შემოხაზეთ, ასე ბევრად გაგიადვილდებათ”,  – ამბობს აბიტურიენტი გიორგი ნინუა.

ნათია გოგობერიშვილი 39-ე საგამოცდო ცენტრიდან ტესტის სირთულესა და შინაარსზე: “მე პირველად გამოცდები ხუთი წლის წინ ჩავაბარე. ახლა უბრალოდ საკუთარი თავის გადამოწმება მინდოდა. ბევრი რამეა შეცვლილი იმის შემდეგ, რაც მე პირველად ჩავაბარე. სიურპრიზი მინდოდა ყოფილიყო, თუ რა დამხვდებოდა, ამიტომ როცა შევედი, მაშინ ვნახე, რა იყო შეცვლილი. ძველთან შედარებით ცოტა გამარტივებული მეჩვენა, რეალურად არ ვიცი არის თუ არა. დავწერე თემა “დიდოსტატის მარჯვენაზე”, თეზისი იყო შურისძიების შესახებ. პარალელი გავავლე და შურისძიება გავაიგივე ბრბოს ფსიქოლოგიასთან და ნაწარმოებ “ნატვრის ხესთან”, მარიტას ისტორიასთან. სიტყვის თავისუფლების მხრივ პარალელი გავავლე “მესაფლავესთან” – რომ ჩვენი მიცემული სიტყვა შეიძლება გავტეხოთ და ამით არაფერი არ შეიცვლება. მთავარია მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება”.

ქართულის მეორე სესიაზე „დიდოსტატის მარჯვენა“ და „ლექსი ვეფხისა და მოყმისა“ მოვიდა – პირველი აბიტურიენტების კომენტარები

175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან აბიტურიენტი თაკო ლაშხი: “არაპროგრამულიდან ვწერე – “ლექსი ვეფხისა და მოყმისა”. ბევრად მარტივი თეზა მოვიდა, თუმცა კითხვებში უფრო მეტად გვთხოვდნენ მხატვრულად შეგვეფასებინა. მაგალითად, რას და რატომ გამოხატავდა ეს კონკრეტული შედარება. რაც შეეხება თეზას, როდესაც ადამიანს ტრაგედია აქვს, მხარდაჭერა სჭირდება და ეს იქნება მოტივაცია მისთვის, რომ თავადაც იყოს მხარდამჭერი. არგუმენტებად მოვიყვანე ჩვენი ქვეყნის ისტორია, ის რომ ჩვენ გვერდით ვუდგავართ ყველას. ჩემთვის ძალიან რთული ვარიანტი იყო, რადგან ასე მარტივი არ არის არგუმენტების მოყვანა, მით უფრო ტრაგედიებზე, ბევრი არაფერი გამახსენდა. რედაქტირებაში მეტი იყო სტილისტური შეცდომა, სასვენი ნიშანი ორგან იყო მხოლოდ დასამატებელი. ალბათ, ეს ვარიანტი ყველაზე რთულად დასახელდება, რადგან რამდენად სწორად ვიმსჯელეთ, არ ვიცი”.

ხვალ, 4 ივლისს, აბიტურიენტებისთვის გამოცდა ისევ ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ისევ ორ სესიად ჩატარდება. 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

ასევე იხილეთ:

„პირველ სესიაზე ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ და რევაზ ინანიშვილის მოთხრობა მოვიდა“ – აბიტურიენტები საკითხების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური