GE

ფინური განათლების მოდელი ჩავარდა – ხომ არ უნდა გავიხედოთ აზიისკენ?

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ 2022 წლისთვის განათლების დაფინანსება 3 მილიარდი ლარი უნდა გახდეს, დამატებით განმარტებაში ითქვა, რომ განიხილება რომელიმე ქვეყნის მაგალითზე სკოლის მოდელის შერჩევა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში უნდა დაინერგოს და რამდენიმე ვარიანტთან ერთად (ფინეთი, ნორვეგია, დანია, სინგაპური, კორეა) ფინური მოდელიც არის, რომელიც განათლების მასშტაბური რეფორმის იდეის ავტორებში ლიდერობს კიდეც. „ჩვენთვის ძალიან საინტერესოა საშუალო განათლებაში ფინური გამოცდილება“, – ამბობს საქართველოს მთავრობის მეთაური. სწავლების ქართული მოდელის შესახებ მეტი დეტალი მაისის თვეში იქნება ცნობილი, იქამდე კი, ამ ფონზე საინტერესოა ბოლო კვლევების შედეგები, რომელიც ამბობს, რომ ფინური განათლების მოდელი „ჩავარდა“.

პირველად, 2000 წელს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკონიმიკური თანამშრომლობისა და განვითარების“ მიერ განხორციელდა პროექტი PISA  (Program for International Student Assessment), რომელიც მიზნად ისახავდა 15 წლის მოსწავლეების აკადემიური მიღწევების შესწავლა-შეფასებას და საუკეთესოს გამოვლენას. ტესტირებამ შეაფასა მათი ცხოვრებისეული უნარები და ცოდნა.

კვლევის მიხედვით, ფინელმა მოსწავლეებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს წაკითხულის გააზრებაში, მათემატიკასა და მეცნიერების სფეროებში. მას შეიძლება შევადაროთ აშშ-ის მიღწევებიც, სადაც მოსწავლეთა საშუალო დონე დაფიქსირდა. ამ მონაცემების შემდეგ ფინეთს გაუჩნდა პრეტენზია მსოფლიოში საუკეთესო განათლების სისტემის ქონაზე და პედაგოგებმა თუ პოლიტიკოსებმა ღიად დაიწყეს საუბარი მათ მიერ ნაპოვნი „ოქროს წესების“ შესახებ.

ამის შემდეგ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. 2006-2012  წლის ტესტირებებში მოსწავლეების შედეგებმა მეცნიერებაში, კითხვასა და მათემატიკაში ნელ-ნელა კლება დაიწყო და ნამუშევრების შეფასებებია აღარ აღემატებოდა 18-ს, 23-სა თუ 29-ს. 2015 წელს „პიზამ“ ფინური განათლების სისტემის კიდევ ერთი ჩავარდნა დაგვანახა, რომლის პარალელურად, კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნები კვლავ ჩვეულ პოზიციაზე იყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ფინეთი კვლავ რჩება ლიდერის ამპლუაში, ექსპერტები თამამად აკრიტიკებენ ფინურ მოდელს. კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტთა შეფასებისა და განვითარების ცენტრის დირექტორი ტიმ ოათესი PISA-ს საცდელ, 2000 წლის შედეგებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ასეთი მონაცემების მიღების მიზეზი არასრულყოფილად ჩატარებული კვლევა იყო:

„ფინეთი ზედმეტად დამრეც ფერდობზე არაერთხელ მოგვევლინა. 2000 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ყველა ვარაუდი მისი განათლების სისტემის განვითარებისკენ მიდიოდა და ეს იყო პიზას შეცდომა, რომელიც ლონგიტოდინალური (გრძივი) კვლევის მეთოდით ჩატარდა და არა  კროსსექციური, ჯვარედინი შესწავლის გზით (როდესაც სხვადასხვა ასაკის მონაწილეთა ჯგუფებს დროის მოცემულ მომენტში აკვირდებიან და ადარებენ ერთმანეთს)“, – ამბობს ოათესი.

სინამდვილეში როგორი გაკვეთილები ტარდება ფინეთში?

ფინეთში გატარებული რეფორმები მიზნად ისახავს სკოლების ავტონომიასა და მოსწავლეებისთვის გაკვეთილის წარმართვის უფლებას. მათი მოდელის მთავარ ნაკლად რამდენიმე პუნქტს ასახელებენ: სკოლის გვიან დაწყება, ნაკლები საშინაო დავალება, მცირე რაოდენობით ტესტირებები.

როგორ უნდა განუვითარდეს მოსწავლეს კრიტიკული აზროვნება და რა „საამაყო“ მოდელზე საუბრობს განათლების მინისტრი?

ამ მოსაზრებას განათლების მკვლევარი გაბრიელ ჰელერ შალგრენი არ იზიარებს და ამტკიცებს, რომ ფინეთის რეფორმების წარმატება ჯერ კიდევ 70-იან წლებში ვიხილეთ. საკუთარ მონოგრაფიაში „ნამდვილი ფინური გაკვეთილები“ ის ადრეული 90-იანების სკოლებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ მანამდე ფინური სწავლება იყო ცენტრალიზებული და დომინანტი იყო პედაგოგი.  დეცენტრალიზაციის რეფორმა კი მოგვიანებით გატარდა, რასაც ფინეთის ინდუსტრიული განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის პარალელუად საგანმანათლებლო საქმიანობის გაძლიერება მოჰყვა. შალგნერი მიიჩნევს, რომ ეს მოვლენები აღმოსაველთ აზიის ანარეკლად გვევლინება.

ის ეთანხმება იმ პოპულარულ განცხადებებს, რომლებიც ფინელი პედაგოგების თაყვანისცემას ემსახურება, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ ეს არაა ახალი ფენომენი და მასწავლებლის როლი, მისი ჩართულობა ქვეყნის მშენებლობაში მე-19 საუკუნიდან დაიწყო:

„ფინეთის ისტორია არის მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს გაკვეთილები, რომლებსაც თავად მოსწავლეები წარუძღვებიან და სისტემა, რომელიც ნაკლებად სტრუქტურირებულ სკოლის გარემოს ქმნის“,- ამბობს შალგნერი.

მისივე თქმით, ბოლო ტესტირებაში ფინეთის შედეგები ფინური ფანტასტიკიდან  რეალობის გამორკვევაში გვეხმარება.

ფინელების მარცხის პარალელურად, წინ მიიწევს აზიური განათლების სისტემები, რომლებმაც ტესტირებაში, განსაკუთრებით მათემატიკისა და მეცნიერების დარგებში, ფინელებზე უკეთესი შედეგები აჩვენეს. ბოლო მონაცემებით, ლიდერად აღიარებულ განათლების სისტემას წინ უსწრებს სინგაპურის, ჩინეთისა და იაპონიის მიღწევები.

კორესპონდენტმა ჰანამინა ტანიენიმ, რომელიც წარმოშობით ფინელია, მაგრამ ამჯერად აზიაში ცხოვრობს, განათლება ორივე ქვეყანაში მიიღო, გაკვეთილებს აზიის სკოლებშიც დასწრებია და ფინეთშიც. ის აღნიშნავს, რომ ფინური განათლების მოდელი, მსოფლიოში მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც დიდწილად მასწავლებლების დამსახურებაა. განმარტავს იმასაც, რომ ფინელებს შეუძლიათ, აზიიდან რამდენიმე კარგი რამ ისწავლონ:

1. აზიაში სწავლას ადრეულ ასაკში იწყებენ, მუშაობენ ბევრს და დიდხანს. ისინი დიდ დროს უთმობენ უნარების განვითარებას და ცოდნის შეძენას.

2. ფინური განათლების მოდელი აკნინებს მოსწავლის ნიჭსა და უნარებს. აზიური განათლების სისტემა მიზნად ისახავს მოსწავლემ ბევრი შრომით მიაღწიოს უნივერსალურ სტანდარტებს.

3. აღმოსავლეთ აზიური სისტემები ხელს უწყობს მოსწავლეებში კონკურენციის გაჩენის სურვილს. ფინურ კულტურაში კი ღია კონკურენცია მიუღებელია.

4. ფინეთი ცდილობს, სწავლება გახადოს მხიარული და შემოქმედებითი, თუმცა ტანიანი ამტკიცებს, რომ რიგ შემთხვევაში ეს მიდგომა არახელსაყრელია და შესაძლოა, მას მსხვერპლად შეეწიროს განათლების სისტემის მიღწევები, თუ მოსწავლის წარმატება მისი სიამოვნების არეალზე იქნება დამოკიდებული.

გენდერი ფინური განათლების სისტემაში

ბრუკინგის ინსტიტუტის ბრაუნის განათლების პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ტომ ლოველი, ნაშრომში – „გოგონები, ბიჭები და კითხვა“, წერს, რომ ფინეთში გენდერული თვალსაზრისით განსხვავება ბიჭებისა და გოგონების კითხვის უნარებს შორის 2-ჯერ აღემატება აშშ-ის იგივე მონაცემებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სწავლა პრიორიტეტულია მხოლოდ ერთი გენდერის – გოგონებისთვის.

საინტერესოა, რომ ზოგადად ბიჭებს მათემატიკასა და მეცნიერებებში უფრო კარგი შედეგები აქვთ, ვიდრე გოგონებს, მაგრამ ფინეთის შემთხვევაში, „პიზას“ ტესტის შედეგები საპირისპიროს ამტკიცებს. ამ შემთხვევაშიც უკეთესი მიღწევები გოგონებს აქვთ, თუმცა ეს ხარვეზები პიზას გამოცდის მიღმაც ვრცელდება. სტატისტიკურად, ფინეთში უმაღლეს განათლებას უფრო მეტი ქალი იღებს, ვიდრე საპირისპირო სქესის წარმომადგენელი.

„ფინეთი მსოფლიოში საუკეთესო საშუალო სკოლებით 2000-იან წლებამდე გამოირჩეოდა, თუმცა არა შემდეგ“,- განუცხადა ლოველმა „ვაშინგტონ პოსტს“.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური