GE

ფსიქოლოგებისა და წიგნიერების სპეციალისტების შეფასებით 4-5 წლის ასაკში წერა-კითხვის სწავლება დასაშვებია

აკადემიური განათლების მიღება წერა-კითხვის სწავლით იწყება და გასაკვირი არაა, რომ სწავლების ეს პროცესი ერთ-ერთი ყველაზე განხილვადია. კითხვაზე, უნდა ვასწავლოთ თუ არა ბავშვს წერა–კითხვა ნაადრევ ასაკში, განსხვავებული პოზიცია აქვთ ფსიქოლოგებს, წიგნიერების სპეციალისტებს, მშობლებსა და პედაგოგებს. ნაწილი მიიჩნევს, რომ 4 წლის ბავშვი წერა-კითხვის შესასწავლად მზადაა და შესაფერის გარემოში უფრო ადვილადაც კი სწავლობს. მეორე ნაწილის აზრით, მოსწავლეები, რომლებიც პირველ კლასში პროგრამას უსწრებენ, გაკვეთილზე ინტერესს კარგავენ.

წიგნიერების სპეციალისტი პაატა პაპავა დასაშვებად მიიჩნევს სკოლამდელ ასაკში წერა-კითხვის სწავლას და საკუთარ მოსაზრებას საერთაშორისო კვლევების შედეგებით ამყარებს, რომლის მიხედვითაც უკეთესია იმ მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები, რომლებიც 4-5 წლის ასაკში გარკვეულწილად ფლობენ ანბანს. მისივე თქმით, ბავშვის ინტერესი წერა-კითხვის მიმართ დამოკიდებულია ოჯახზე და საბავშვო ბაღში შეთავაზებულ აქტივობებზე:

„შეხედულება იმის შესახებ, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს წერა-კითხვა არ უნდა ვასწავლოთ, დღეისათვის საკმაოდ მოძველებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ. კვლევები და პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სინამდვილეში –პირიქითაა. სკოლამდელი ასაკის ბავშვები ადვილად ეუფლებიან კითხვისა და წერის უნარებს, თუკი ოჯახსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საამისოდ შესაფერისი გარემოა შექმნილი. დღეს სულ უფრო ხშირად ნახავთ საკლასო ოთახს, რომელშიც მოსწავლეთა ნაწილმა ანბანიც იცის და სიტყვებსაც გამართულად კითხულობს, ზოგიერთისთვის კი ქართული მშობლიური ენა არ არის.

„წერისა და კითხვის უნარ-ჩვევების აღმოცენება სკოლამდელ ასაკში, ოჯახურ გარემოში იწყება. 3 წლის ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახებშიც უფროსები ხშირად კითხულობენ და წერენ, „კითხვობანას“ და „წერობანას“ თამაშს იწყებენ. მათ მიერ მოხაზული გამოსახულებები თანდათანობით ემსგავსება მშობლიური ენის ანბანის ასოებს. თუ ამ პროცესში მშობლები, ძიძები, ბებიები და პაპები, ბაღის აღმზრდელებიც გააქტიურდნენ, სკოლაში შესვლის პერიოდისთვის ბავშვებს უკვე შეუძლიათ სიტყვებისა და წინადადებების წაკითხვა, მარტივი წერითი სავარჯიშოების შესრულება. საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს, რომ განათლების ზედა საფეხურებზე განსაკუთრებულ წარმატებებს სწორედ ის ბავშვები აღწევენ, რომლებსაც 4-5 წლის ასაკში სახლში ხშირად უკითხავდნენ წიგნებს, საბავშვო ბაღში სთავაზობდნენ მრავალფეროვან თამაშებსა და სავარჯიშოებს ანბანის დასაუფლებლად და ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად.  ბევრ ქვეყანაში განათლების სისტემა ისეა მოწყობილი, რომ წიგნიერების განვითარების ეს ადრეული პროცესი სკოლაში ბუნებრივად გრძელდება სათანადო მეთოდიკისა და რესურსების გამოყენებით“, – ამბობს პაპავა.

მისივე პოზიციას იზიარებს ბავშვთა ფსიქოლოგი სოფო ბარამიძე და EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას განმარტავს, რომ  ბავშვი სკოლაში ინტელექტუალურად მომზადებული უნდა მივიდეს, რაშიც დიდი როლი ოჯახსა და ბაღს აკისრია. მისივე თქმით, წიგნიერ საზოგადოებაში მცხოვრები 4 წლის ბავშვი წერა-კითხვის სასწავლად უკვე მზადაა:

„აუცილებელია, სკოლაში ბავშვი სათანადოდ მომზადებული მივიდეს, როგორც ემოციურად ისე ინტელექტუალურად, რადგან ცხოვრებაში მის მიერ დამოუკიდებლად გადადგმული პირველი ნაბიჯები წარმატებული იყოს. ამ დროისათვის ბავშვს უკვე უნდა ჰქონდეს შემუშავებული ცოდნის მიღების საკუთარი მეთოდი და სტრატეგია.

კითხვისა და წერის უნარები ზეპირი მეტყველების საფუძველზე ვითარდება. ამდენად, პირველ რიგში,  ოჯახისა და სკოლამდელი დაწესებულებების როლი უნდა აღინიშნოს.

იმის მიხედვით, თუ რა პასუხს გავცემთ შეკითხვას, რას ნიშნავს კითხვის სწავლა? – სწავლების პროცესი განსხვავებულ სახეს იღებს. არსებობს ორი ძირითადი პასუხი: 1. კითხვის სწავლა გულისხმობს ასო ­ბგერების ცნობას, სიტყვების, წინადადებებისა და მთლიანი ტექსტის ამოკითხვას; 2. კითხვის სწავლა გულისხმობს  წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებას, წიგნებთან და ტექსტთან ურთიერთქმედებას, კითხვის პროცესში წაკითხულის გაგება/გააზრებას.

წიგნიერ საზოგადოებაში მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობა ადრეულ ასაკში (4­-დან 6-წლამდე) განსაკუთრებული სირთულის გარეშე ეუფლება მშობლიურ ენაზე კითხვას. ამ ასაკში ბავშვებს აქვთ გარკვეული მზაობა ცოდნის მისაღებად და თავადვე გვკარნახობენ საჭიროებებს. აუცილებელია, გამოვიყენოთ  მათთვის გასაგები ენა და მისაღები ფორმა – თამაში“, – ამბობს ბარამიძე.

72-ე სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი ნაირა ნატროშვილი კი საპირისპიროს ამტკიცებს. ის საკუთარი გამოცდილებით ამბობს, რომ მოსწავლეებს, რომლებმაც წერა-კითხვა სკოლაში შესვლამდე იციან, გაკვეთილზე ინტერესი ეკარგებათ, რაც შესაძლოა, სამომავლოდ მოტივაციის დაკარგვის მიზეზადაც იქცეს. პედაგოგი მიიჩნევს, რომ სკოლაში შესვლამდე ბავშვს მოსმენის კულტურა და თხრობის უნარი უნდა განვუვითაროთ:

„სკოლამდე წერა-კითხვის სწავლება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ის ბავშვი, რომელმაც იცის წერა-კითხვა, გაკვეთილზე ინტერესს კარგავს, მისთვის სკოლა უკვე მოსაწყენ ადგილად იქცევა. მასწავლებელს კი ორმაგი მუშაობა უწევს, რათა მოტივაცია არ დაუკარგოს. სკოლამდე ბავშვი უნდა მოვამზადოთ წერა-კითხვისათვის ჩამოვუყალიბოთ მეტყველების კულტურა, ვასწავლოთ მოსმენა, თანმიმდევრული თხრობა, სურათის აღწერა, მოსმენილზე ჩანახატის გაკეთება, დიდი დრო დავუთმოთ გაფერადებას, რათა დავუმუშავოთ მოტორიკა, ამ აქტივობით მას გავუადვილებთ ბადიან (უჯრიან) რვეულში მუშაობას“, – ამბობს პედაგოგი.

5 წლის მარიამი სკოლაში სექტემბრიდან შედის, მან ციფრებისა და ასოების წერა უკვე იცის და ნელ-ნელა სიტყვების ამოკითხვასაც სწავლობს. მარიამის დედა, ნონა ახალაძე ფიქრობს, რომ ეს მისი შვილისთვის წინგადადგმული ნაბიჯია და სკოლაში არათუ ხელს შეუშლის, პირიქით, პედაგოგის მცირედი შექებაც კი მოტივაციას გაუზრდის და კალიგრაფიის დახვეწაზე დაიწყებს მუშაობას:

„მარიამი ინტერესიანი გოგონაა. მგონია,რომ ეს „პრივილეგია“ კიდევ უფრო მეტის სწავლის სურვილს გაუჩენს და თუ წერის გამო მასწავლებლის შექებას დაიმსახურებს, ის უკვე კალიგრაფიის დახვეწაზე დაიწყებს მუშაობას“, – ამბობს მშობელი.

კითხვაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი საკლასო ოთახში, სადაც ნაწილმა იცის კითხვა, მეორე ნაწილმა კი არა, პედაგოგი ნაირა ნატროშვილი გვპასუხობს, რომ ბავშვებს პრივილეგირებულობა არ უნდა ვაგრძნობინოთ და აქტივობების სწორად არჩევით არც მოტივაცია დავაკარგვინოთ:

„მასწავლებელმა უნდა შეურჩიოს ისეთი აქტივობები, რომ ბავშვის ფსიქიკაზე ცუდად არ იმოქმედოს. ამისთვის კი უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ორივე კატეგორია – ვინც იცის, და ვინც არ იცის წერა-კითხვა და საგაკვეთილო პროცესში თითოეული მოსწავლე უნდა ჩართოს შესაძლებლობების გათვალისწინებით. არავითარი პრივილეგია არ უნდა მივცეთ, თუმცა არც მოტივაცია დავუქვეითოთ“, – აღნიშნავს ნატროშვილი.

წიგნიერების სპეციალისტი პაატა პაპავა აღნიშნავს, რომ პედაგოგს უნდა ჰქონდეს მოსწავლეთა ცოდნის შეფასების უნარი და საჭიროების მიხედვით შესთავაზოს მათ განსხვავებული აქტივობები:

„საგანგებო ზრუნვაა საჭირო სკოლის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით, რათა მათ შეძლონ სკოლაში მოსული ბავშვების კითხვის უნარის დიაგნოსტირება, სათანადო მეთოდებისა და რესურსების შერჩევა, მრავალფეროვანი აქტივობებით სასწავლო პროცესის გამდიდრება. თანამედროვე სკოლამ უნდა მოახერხოს განსხვავებული მონაცემებისა და წინარე ცოდნის მქონე მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა, რესურსების შერჩევა, მრავალფეროვანი მიდგომებით მუშაობა“,- ამბობს პაპავა.

ამავე თემაზე:

წერა-კითხვის დაუფლება ადრეულ ასაკში – სწავლის ხელშეშლა თუ წახალისება

თუ ბავშვს კითხვა არ უყვარს პრობლემა ყოველთვის სიზარმაცეში არ არის – ექიმების რეკომენდაციები მშობლებს

როგორ ვაწავლოთ ბავშვს კალმის სწორად დაჭერა: ტოპ 5 ხერხი

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური