ომბუდსმენი მთავრობას ქართულ ენაში მომზადების პროგრამებში დაფინანსების გაზრდისკენ მოუწოდებს
2024 წელს, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ზოგადი უნარების ტესტების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსება გაორმაგდა, რის შედეგადაც, დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობაც გაიზარდა. ამის შესახებ საუბარია საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის უახლეს ანგარიშში, რომელიც 2024 წელს, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას ეხება.
ომბუდსმენი, 2025 წლის ზაფხულში, საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში, ეროვნული უმცირესობების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ განათლების უფლების კონტექსტში, უთითებს, რომ მნიშვნელოვანია, სტუდენტების დასაფინანსებლად თანხის გამოყოფისა და გაზრდის პრაქტიკა მომდევნო სასწავლო წლებშიც შენარჩუნდეს.
სახალხო დამცველს ანგარიშში მოჰყავს კონკრეტული სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, 2024 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების თანახმად, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სომხურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და ოსური ენის ტესტის საფუძველზე, ჯამში 1 483 აბიტურიენტი ჩაირიცხა. მათგან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სომხურენოვანი ტესტით 423, აზერბაიჯანულენოვანი ტესტით – 1 055, ხოლო ოსური ენის ტესტით – 5 აბიტურიენტი ჩაირიცხა. 1 483 აბიტურიენტიდან სახელმწიფო სასწავლო გრანტი 26%-მა მოიპოვა. ეს მაჩვენებელი 2023 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას, რომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტების, ასევე ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხა გაიზარდოს.
სახალხო დამცველი ანგარიშში წერს არაანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემაზეც: მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩასარიცხად აუცილებელი და სავალდებულო არ არის აბიტურიენტებს დამთავრებული ჰქონდეთ აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი სკოლა/სექტორი, საზოგადოების ნაწილს ამ საკითხთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია აქვს. მათი აზრით, ქართულენოვან სკოლაში/სექტორში სწავლის შემთხვევაში, აბიტურიენტები ამ პროგრამაზე ჩარიცხვას ვერ შეძლებენ. ეს, როგორც აზერბაიჯანულენოვან, ისე სომხურენოვან თემში, ამ პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული მუშაობის გააქტიურების საჭიროებაზე მიუთითებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამავე თემაზე:
„გთხოვთ, აღიაროთ თქვენი შეცდომა!“ – ეროვნული გამოცდების მონაწილეები NAEC-ს მიმართავენ
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება