GE

„გაკვეთილზე რამდენჯერმე დედა დავუძახე და ამან სიცილი გამოიწვია“ – რა დისკომფორტთან არის დაკავშირებული იყო შვილის მასწავლებელი

არაერთგვაროვანია პასუხები კითხვაზე – უნდა შეეძლოს თუ არა მშობლებს ასწავლოს საკუთარ შვილს სკოლაში?

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებითა თუ გადაუწყვეტელობით, ამჟამად არ არსებობს არანაირი კანონი, ან ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, მშობელმა შვილს არ უნდა ასწავლოს. აღნიშნულის აკრძალვას კი საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავს, ძირითადად კი, სწორედ ის მასწავლებლები და მოსწავლეები, რომლებმაც სწავლა-სწავლების ასეთი მოცემულობა საკუთარ თავზე გამოსცადეს.

EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტმა გამოკითხვა ჩაატარა იმის გასაგებად, თუ რას ფიქრობდნენ საკითხთან დაკავშირებით და რა პირადი გამოცდილება ჰქონდათ როგორც მშობლებს, ისე მოსწავლეებს. რესპონდენტთა უმრავლესობის თქმით, რთულია დაიცვა ბალანსი მასწავლებლობასა და მშობლობას შორის, სიმკაცრესა და ლმობიერებას შორის და ყურადღებასა და უყურადღებობას შორის.

გამოიკვეთა, რომ ძირითადად არსებობს ორი კატეგორიის მასწავლებლები: ისინი, ვინც შვილებს ზედმეტ ყურადღებას აქცევენ და ისინი, ისინი ვინც ნაკლებად ყურადღებიანნი არიან. მასწავლებლის შვილები ხშირად იჩაგრებიან და თავს არაკომფორტულად გრძნობენ ზედმეტი ყურადღებისა და კონტროლის გამო, რომელსაც არა მხოლოდ მშობლები, არამედ სხვა მასწავლებლები, კლასელები და მათ ირგვლივ მყოფები იჩენენ. ასევე, იჩაგრებიან მშობლების მხრიდანაც, რადგან მშობელი ზოგჯერ კარგავს ობიექტურად აღქმის უნარს და ხშირად აფასებენ შვილის ცოდნას დაბალი ნიშნებით, რადგან მიაჩნიათ, რომ სხვანაირად შვილების ცოდნა მაინც დაიჩრდილება და იტყვიან, რომ დაუმსახურებლად ჰყავს მაღალი ნიშნები მხოლოდ იმ სტატუსის გამო, რასაც „მასწავლებლის შვილი“ ჰქვია.

სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთმა რესპოდენტმა საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა და აღნიშნა, რომ დღემდე ნანობს შვილის მასწავლებლობას. მიუხედავად, იმისა, რომ საგანს, რომელსაც დედა ასწავლიდა შვილი უნაკლოდ და კლასის სხვა მოსწავლეებზე უკეთაც კი ფლობდა, დედა საკუთარ თავს უფლებას არ აძლევდა დაეწერა ობიექტური მაღალი ნიშანი, არ იძახებდა ხშირად და ერიდებოდა მოსწავლე შვილის შექებას.

„ჩემზე ცუდი მასწავლებელი არ ვიცი თუ ჰყავდა ჩემს შვილს… სკოლისკენ რომ მივდიოდით გზაში სულ ხტუნვა-ხტუნვით მომყვებოდა, მესაუბრებოდა და სკოლაში რომ შევიდოდით უნებურად ხელსაც მიშვებდა და თქვენობითზე გადადიოდა… გამოძახებითაც სხვებზე ნაკლებად ვიძახებდი, ვითომ ისედაც ხომ ვიცოდი რა იცოდა, შექებითაც სხვაზე ნაკლებს ვაქებდი, სხვებს რომ ცუდად არ მიეღოთ და ხანდახან სხვების ნაცვლადაც არ ,,ვიშურებდი” საყვედურს… სირცხვილით ვკვდები როცა გამახსენდება რა საშინელი მასწავლებელი ვყავდი…“ – ამბობს ნინო ღურჭუმელიძე.

ნინი ქაცარავაც (ყოფილი მოსწალე) მიიჩნევს, რომ შეცდომაა ასწავლო საკუთარ შვილს სკოლაში, რადგან ეს არ გაძლევს საშუალებას იყო ობიექტური და იძულებული ხარ „დაჩაგრო“ ბავშვი.
„როცა შენი შვილი კარგად სწავლობს შენს საგანს და ობიექტურად უწერ მაღალ ნიშანს, სხვების გადმოსახედიდან სულ არის ის მომენტი, რომ – “თავისი შვილია და უწერს”.

გამოდის, რომ სულ კონკურენციის ქვეშ გყავს, არაფრის პატიება არ შეგიძლია, ყველაზე მეტად ის ისჯება, არა და ისიც ბავშვია და სხვას თუ პატიობ რამეს, მასაც უნდა ეპატიოს წესით. მეორე მომენტი, მოსწავლეებისგან გამიგია, “სთხოვე რა ,დედაშენს, მოგვიმატოს ნიშანი…”, – იხსენებს ნინი.

პედაგოგებს შორის, რომელიც მიიჩნევს რომ არ უნდა ასწავლო შვილის არის ნონა ივანიძეც:
„ორივე შვილს ვასწავლიდი. საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა, უამრავი კუთხით, ფაქტობრივად ანგარიშვალდებული ხარ სხვა მოსწავლის, მშობლისა და სკოლის წინაშე-ათმაგად და ასმაგად. ბავშვისთვის კიდევ- ცალკე თემაა და გადმოცემა რთულია, ვფიქრობ უმჯობესია, შვილს არ ასწავლიდე.

არიან მასწავლებლები, ვინც განსხვავებულად ფიქრობენ და მიაჩნიათ, რომ მთავარი ბალანსის დაცვაა და არანაირ დისკომფორტს არ ქმნის შვილის მასწავლებლობა.
„მე ვიყავი ჯერ შვილების, შემდეგ შვილიშვილების მასწავლებელი და რეპეტიტორიც. არანაირი შეღავათი არ გამიკეთებია არასოდეს მათთვის. ყველანი წარმატებულები არიან. დისკომფორტი მათ უფრო ჰქონდათ ჩემგან, ვინაიდან მკაცრი და ზედმეტად მომთხოვნი ვიყავი და ახლაც ვარ. კარგია, იყო შვილის მასწავლებელი“, – გვითხრა ლალი ტუკვაძემ.

პედაგოგის შვილი მოსწავლეები ამბობენ, რომ მათი მთავარი დისკომფორტი საზოგადოების დამოკიდებულებაა, იმ გარემოცვის, სადაც სწავლა უწევთ.

„დედაჩემის გაკვეთილი ყველაზე მეტად არ მიყვარდა. დაძაბული ვიყავი და ხშირად არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი. რამდენჯერმე გაკვეთილზე „დედა“ დავუძახე და ამან გამოიწვია მთელი კლასის სიცილი. რაც არ უნდა სცადო მაინც ჯერ დედაა და შემდეგ მასწავლებელი და აჯობებს საერთოდ არ შევიდეს დედა შვილის კლასში“, – ზუკა, 17 წლის.

ანა ხატიძე კი დედასთან სასკოლო ურთიერთობას წლების შემდეგ დადებითად აფასებს:
„დედაჩემი იყო ჩემი ინგლისურის მასწავლებელი სკოლაშიც და სახლშიც, შემდეგ უმაღლესში ჩავაბარე ინგლისურ ფილოლოგიაზე, მაგრამ დედაჩემის ნასწავლი მომყვა დღემდე, იმ ცოდნას ვიყენებ ახლაც და თუ რამე დახმარება დამჭირდა, ისევ დედაჩემს მივმართავ“.

edu.aris.ge-სთვის მოამზადა მარიამ დარბაიძემ

ავტორის სხვა სტატიები:

სამსახური გაკვეთილების ნაცვლად – „სკოლის მიტოვების მიზეზი ის პრობლემები იყო, რომელიც ოჯახში გვქონდა…“

დაკარგა თუ არა მნიშვნელობა დიპლომმა და უმაღლესმა განათლებამ და რას აქცევენ ყურადღებას დამსაქმებლები?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური