GE

„განათლების ბაღი“ – ერთი მასწავლებლის იდეით შექმნილი გარემო, რომელმაც მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება შეცვალა

მარნეულის N2 საჯარო სკოლის ეზოში, მოსწავლეების მონაწილეობით, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა თემურ სუყაშვილმა „განათლების ბაღი“ შექმნა, რომელიც ყველა მოსწავლისთვის საყვარელი ადგილი გახდა.

სამოქალაქო განათლების მენტორი მასწავლებელი თემურ სუყაშვილი მარნეულის N2 საჯარო სხვა საგნებსაც, გეოგრაფიას, ისტორიას, ეკონომიკას და სახელმწიფოს, ასწავლის. ის ასევე მარნეულის N5 საჯარო სკოლის მასწავლებელია. თემურ სუყაშვილი 2018 წლის ათ საუკეთესო მასწავლებელს შორის დასახელდა. 2019 წელს დასახელდა წლის საუკეთესო მასწავლებლად სამოქალაქო განათლების საგანში.

თემურ სუყაშვილი EDU.ARIS.GE-ს უყვება, როგორ გაჩნდა სკოლის ეზოში „განათლების ბაღი“, Edugarden, როგორც მას სკოლაში ეძახიან, შექმნის იდეა.

„არაერთი პროექტი გვქონდა სკოლაში. ერთ-ერთი გასულ წელს დავიწყეთ, პანდემიის შემდეგ როცა დავბრუნდით სკოლაში, გაზაფხულზე. ერთ-ერთი საკლასო ოთახში, მეორე სართულზე მიწევდა გაკვეთილების ჩატარება. მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში არ გვაქვს სივრცე. 300 მოსწავლეა. არ გვაქვს სპორტული დარბაზი, პატარა ბიბლიოთეკაა. სკოლის შენობის უკან იყო ეზო, სადაც ნარჩენები, ჩამოწერილი მაგიდები და სხვა ნივთები ეყარა. სკოლის დირექტრს ვუთხარი, რომ აქ შეიძლებოდა პატარა ბაღის მოწყობა. ისიც დამთანხმდა. თავიდან კონტაქტური ბოსტნის იდეა მქონდა, შემდეგ ისე კარგად გავასუფთავეთ, რომ მოხატვის იდეაც გაჩნდა. მოვხატეთ მთლიანი კედლები. ძალიან საინტერესო სივრცედ გადაიქცა. მეორადი ნივთები გამოვიყენეთ. მშობლები „პადონებს“ გვწირავდნენ და სპორტის მასწავლებელი აკეთებდა მისგან სკამებს და მერხებს. ცუდი მიწა ეყარა და ნიადაგის გამოცვლა გადავწყვიტეთ ყვავილებისთვის. მთელი სკოლა ჩაერთო ამ პროცესში. წარმოიდგინეთ, 1300-მა ბავშვმა რომ მოიტანოს ცელოფნით მიწა. გავამწვანეთ ეს ტერიტორია.

“შემდეგ შევიტყვეთ, რომ ორგანიზაციამ, „რუსთავის ინოვაციების ჰაბი“, გამოაცხადა იდეების კონკურსი „იდეიდან წარმატებამდე“. „განათლების ბაღის“ იდეა წარვადგინეთ ამ კონკურსში, რომელიც მოიწონეს. 5000 ლარი იყო საპრიზო თანხა, თუ შევძლებდით მოთხოვნილი თანხის 10%-ის შეგროვებას. მეტი თანხაც შეავგროვეთ. ამ 5000 ლარით ავაშენეთ ფანჩატური, დავაგეთ მწვანე საფარი. შევიძინეთ ხმის გამაძლიერებელი ლექციების ჩასატარებლად. შეგროვილი თანხიდან ისევ გრძელდება მოპირკეთება. გარე განათების ნათურები გვინდა, რომელიც ყინვას უძლებს. ასევე შევიძინეთ დეკორატიური ღობეები, მოსწავლეები ღებავნენ, რომ წლები გაძლოს,“ – ამბობს თემურ სუყაშვილი.

„განათლების ბაღის“ შექმნამ სხვა იდეაც გააჩინა.

„ყავილები რომ დაჭკნა, ამოვთხარეთ, გავასუფთავეთ ტერიტორია და დიდი რაოდენობით ნარჩენი დაგვრჩა. გადაყრა დაგვენანა და ძველი ნივთებისგან შევკარით კომპოსტის ყუთი. ასევე დაგვებადა კომპოსტის წარმოების იდეა. ინტერნეტში გავეცანით, როგორ კეთდება კომპოსტი.
ქუჩებში მოვაგროვეთ დიდი რაოდენობით დაყრილი ფოთლები და წავიღეთ, გამოვიყენეთ. თებერვალ-მარტში გვექნება კომპოსტის პირველი მოსავალი. ნაცარი სახლებიდან მოაქვთ ბავშვებს. ფენა-ფენა უნდა დაეყაროს ფოთლებს. მშობლები ამბობდნენ, მიწა გასაგებია, ეს ნაცარი რაში გინდათ? გაკვირვებულები იყვნენ“, – გვიყვება თემურ სუყაშვილი.

მარნეულის N2 საჯარო სკოლის ეზოში მოწყობილ სივრცეს სხვა მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც იყენებენ: ბუნების გაკვეთილებს ატარებენ, აქვთ კლუბური შეხვედრები, როცა კარგი ამინდია. სკოლაში მოქმედებს სოციალური საწარმო. ხელნაკეთ ჩანთებს ამზადებენ მოსწავლეები და „განათლების ბაღის“ სივრცეს ამისთვისაც იყენებენ. აშენებულ ფანჩატურში ფილმის ჩვენების კვირეულის გამართვაც უნდათ. გასათბობად ძველი ღუმელის დადგმაც გადაწყვიტეს.

როგორც თემურ სუყაშვილი ამბობს, „განათლების ბაღთან“ დაკავშირებით სხვა გეგმებიც აქვთ.

„ახლა უნდა დავარეგისტრირო გუნდი „ნიკო კეცხოველის პრემიაზე“. მთლიანად გარემოს დაცვით აქტივობებზეა ეს პრემია ორიენტირებული. ერთ-ერთმა ორგანიზაციამ გამოაცხადა კონკურსი, „გაამწვანე შენი სკოლის ეზო“. ჩვენ ნახევარი გამწვანებული გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, გაზაფხულისთვის სხვანაირად გავამწვანოთ ეს სივრცე. გვინდა ეს სივრცე ვაქციოთ მარნეულში თითით საჩვენებლად“, – აღნიშნავს მასწავლებელი.

თემურ სუყაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი აქტივობების მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:

„მოსწავლეებს ძალიან უყვართ კეთება და პროცესში მონაწილეობა. ძალიან სიამოვნებთ პასიური მდგომარეობიდან აქტიურ მდგომარეობაში გადასვლა, როცა თვითონ არიან ამ ყველაფრის შემქმნელები. მათი ინიციატივები არ არის იგნორირებული. ინიციატივები არ არის დასჯადი. ეს ყველაფერი გაკეთდა მათი ჩართულობით. გაკვეთილების შემდეგ რჩებიან და იქ მეცადინეობენ“, – ამბობს პედაგოგი.

მისი თქმით, მასწავლებლისთვის ეროვნული სასწავლო მიზნებში გაწერილი საგნობრივი სტანდარტის შედეგების მიღწევა მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მსგავსი აქტივობები.

„არ არის ამის შექმნა მარტივი, ამაში დაიხარჯა ჩემი ძალიან დიდი ენერგია. ხშირად, ოჯახის წინაშეც ვყოფილვარ დამნაშავე, დრო მომიკლია მათთვის, მაგრამ ღირს ამის გაკეთება, რადგან ეს ცვლის მოსწავლეს უკეთესობისკენ. შეიძლება მოვძებნოთ კომპანიები, სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები. სკოლა რომ გახდეს მოსწავლისთვის მეორე ოჯახი, უნდა იყოს სკოლაში მსგავსი ადგილები“.

„განათლების ბაღი“ მარნეულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ძალიან საყვარელი ადგილი გახდა და თავიანთ შთაბეჭდილებებს EDU.ARIS.GE-ს უზიარებენ.

მეათეკლასელი ედიტა ამბობს, რომ ძალიან უყვარს გაკვეთილების დამთავრების შემდეგ დარჩენა „განათლების ბაღში“ , იქ გაკვეთილების მომზადება ან მეგობრებთან ყოფნა.

„განათლების ბაღში“ უჩვეულო ატმოსფეროა. ვფიქრობ, ყველა სკოლაში უნდა იყოს მსგავსი ადგილი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ მოსწავლეებმა მასწავლებლების დახმარებით უნდა ააგონ ამგვარი ბაღი. ჩემთვის ეს ის სივრცეა, სადაც მოსწავლეები იღებენ ცოდნას, მაგრამ ჩვეულებრივ კი არა, როგორც კლასში, არამედ – ინტერაქტიულად. ასე ცოდნის მიღება ხდება უფრო საინტერესო და მოსწავლე სიამოვნებით სწავლობს. მე, მაგალითად, როდესაც პირველად გავიგე, რომ ჩვენს სკოლაში შეგვეძლო გაგვეკეთებინა „განათლების ბაღი“, აღფრთოვანებული ვიყავი ამ იდეით. მართალია, თავიდან არ მეგონა, რომ ასეთი საოცარი სივრცე გამოგვივიდოდა, მაგრამ შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ბაღი გამოგვივიდა საუკეთესოზე საუკეთესო. ძალიან მიხარია, რომ ერთ ლამაზ დღეს გადავწყვიტეთ, ასეთი რამ შეგვექმნა. ჩვენი სასკოლო ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა“, – გვიყვება ედიტა.

მეათეკლასელი დანიელი კი აღნიშნავს, რომ მისთვის „განათლების ბაღი“ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება ბავშვმა დაისვენოს, ლამაზ ყვავილებს მოუაროს და გაერთოს.
„ღია სივრცეში ბავშვები უფრო აქტიურად აზროვნებენ. ასეთი ადგილის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია პანდემიისას, როცა შეგიძლია შესვენების დროს გახვიდე და სუფთა ჰაერი ისუნთქო. „განათლების ბაღის“ შექმნაში მონაწილეობამ ჩემზე დადებითად იმოქმედა, რადგან მეგობრებთან ერთად ვიყავი ჩართული ამ პროექტში. ამ პროცესმა უფრო დაგავაახლოვა ერთმანთთან, გავიგეთ ერთმანეთის გემოვნება, აზრები სხვადასხვა თემის შესახებ და უფრო მეგობრულები გავხდით“, – ამბობს დანიელი.

მეათეკლასელი ნაზაქეთისთვის “განათლების ბაღი” ბევრ რამეს ნიშნავს. მისთვის ეს არის – მრავალფეროვანი აქტივობის სულ სხვანაირად ჩატარების შესაძლებლობა თავისუფალ სივრცეში.
„გაკვეთილის ასეთ სივრცეში ჩატარება მას უფრო საინტერესოდ ხდის. სკოლაში ასეთი გარემოს შექმნა და ასეთი სივრცის არსებობა მეტად მნიშვნელოვანია ბავშვის სწავლა-განვითარებისთვის.
პირადად ჩემთვის, ჩემს სასკოლო ცხოვრებაშიც და სკოლის გარეთ ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. ახლა უფრო გულგახსნილი ვარ, აზრებს არ ვმალავ, უფრო აქტიურად ვარ ჩართული ბევრ სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში. ვფიქრობ, რომ ბევრ მნიშვნელოვანი რაღაც ვისწავლეთ და ვისწავლით, რომელიც მომავალში აუცილებლად გამოგვადგება“.

ასევე იხილეთ:

ტაბუდადებული სქესობრივი განათლება და ტაბუს შეწირული თაობები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური