GE

განათლების სამინისტრომ სისტემის მთავარი გამოწვევები დაასახელა

განათლების სისტემის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შეუსაბამობა განათლების სამინისტრომ ნომერ პირველ გამოწვევად აღიარა და ამ ორი დარგის დაახლოება 2017-2021 წლების ერთიანი სტრატეგიის დოკუმენტის პროექტში გაწერა.

მომავალი წლების პრიორიტეტებში მოხვდა განათლების ყველა საფეხურზე სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება, განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა, მეცნიერული კვლევების ხელშეწყობა და საგანმანათლებლო ჩიხების აღმოფხვრა.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიზანია ჩამოაყალიბოს იმგვარი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლას და ხარისხიან განათლებაზე თანაბარ ხელმისაწვდომობას, რათა სისტემამ თითოეული პიროვნება მოამზადოს მომავალი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს დასაქმებას, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს შესაბამის სამინისტროებთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან, მათ შორის დარგობრივი განათლების პოლიტიკისა და კოორდინაციის მექანიზმის შემუშავების მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას, გაგრძელდება შემეცნებითი, ხელოვნების აქტივობების, აქტიური სწავლისა და დასვენების ხელშეწყობა“, – ნათქვამია 2017-2021 წლების სტრატეგიის პროექტში.

განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტი ბოლო 5 წლის განმავლობაში, 650 მილიონი ლარიდან 1.1 მილიარდამდე გაიზარდა და 2017 წელს მშპ-ს 3.1 %-ს მიაღწია.

„სტრატეგიული პრიორიტეტები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა განათლების პროგრამების შესაბამისობის უზრუნველყოფა შრომის ბაზრის მიმდინარე და მომავალ მოთხოვნებთან, სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა, ყველა დონეზე განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, დასაქმებაზე მიბმული პროფესიული მომზადება, უმაღლესი განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კავშირი ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებასთან“, – ნათქვამია 2017-2021 წლების სტრატეგიის პროექტში.

სტრატეგია ხუთ წელზეა გათვლილი, თუმცა როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მიზნების სრულად განხორციელება უფრო ხანგრძლივ პერიოდთან არის დაკავშირებული.

სტრატეგიის პროექტის დამტკიცების შემდეგ მისი მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდება. 2019 წელს დასახული გეგმების შუალედური შეფასება მოხდება. სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ შედეგების შესაბამისად სტრატეგიის კორექტირება მოხდეს.

სამინისტრო ახალგაზრდა პედაგოგებისთვის მოტივაციის ამაღლებას გეგმავს

ბაღის მასწავლებლების კვალიფიკაცია განათლების სამინისტროს არ აკმაყოფილებს

მოამზადა მეგი კავთუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური