კარგი მასწავლებელი – 10, 11, 12 კლასის მოსწავლეებისთვის – „ასეთი პედაგოგი არ შეიძლება პროფესიონალად ჩაითვალოს“
ბევრი პასუხი თემაზე – როგორია კარგი მასწავლებელი, ბუნდოვანია. მოსწავლეებს, მშობლებს და სკოლის ადმინისტრაციას კარგი მასწავლებლის დახასიათებისთვის სუბიექტური არგუმენტები აქვს. მაგრამ არსებობს შეფასება, რომელიც თავად პედაგოგისთვის კარგის სტატუსს განსაზღვრავს და ის უმნიშვნელოვანესია – მომენტი, როდესაც ყველა შენი მოსწავლე – წარჩინებულიც და ზარმაციც გეუბნება, რომ შენ საუკეთესო ხარ. ყველაზე რთული კი, ასეთი შეფასების მიღება, მასწავლებლების აზრით, მაღალკლასელი მოსწავლისგან არის.
სტატიების სერიის ფარგლებში EDU.ARIS.GE ახლა უკვე გთავაზობთ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და მათი მშობლების მოსაზრებებს, თუ როგორი (არ)უნდა იყოს კარგი მასწავლებელი, როგორია მათი „დაკვეთა“ მასწავლებლებისადმი.
ნუკი გაბრიჩიძე, მე-11 კლასის მოსწავლე: „ვფიქრობ, კარგ მასწავლებელს ბავშებთან უნდა შეეძლოს კომუნიკაცია და ჩართოს გაკვეთილის მიმდინარეობაში აუცილებლად, არ უნდა გააკეთოს ისე, როგორც ამას ახლა აკეთებენ. მიმაჩნია, რომ მას უნდა შეეძლოს საკუთარი ცოდნის გადმოცემა და ენერგიის დახარჯვა მოსწავლეებში. ვემზადებოდი ერთ-ერთ მასწავლებელთან, ვხვდებოდი, რომ მასწავლებელმა იცოდა, მაგრამ გაკვეთლზე არ გადმოსცემდა, არ გვიხსნიდა. წელს დავიწყე მასთან კერძოდ მომზადება და ბევრად უკეთესად მიხსნიდა. სკოლაში ამას არ აკეთებდა და იქ, სადაც ფულს იღებდა, კი. ზოგადად, მასწავლებლები ასე აკეთებენ. ძალიან იშვიათია მასწავლებელი, რომელიც ცდილობს, რომ მართლა გასწავლოს და გაკვეთილზევე გადმოგცეს ყველაფერი. კარგ მასწავლებელს ბავშვებთან კომუნიკაცია უნდა შეეძლოს, ეს აკლიათ; ასევე გადმოცემის უნარი, განათლება იმ საგანში, რასაც ასწავლიან. ბავშვები უნდა უყვარდეს და თავისი საგანი, რომელსაც ასწავლის. ძველი დროის მასწავლებლები უფრო არიან ასეთები, ახალგაზრდა მასწავლებლები კი არა. მასწავლებელი მხოლოდ ის ხომ არაა, დაჯდეს და საგანი გასწავლოს, უნდა შემოვიდეს კომუნიკაციაში, სირთულის გადაწყვეტაში დაგემხაროს. დამრიგებელი მყავს ასეთი- საგანსაც მასწავლის, გაკვეთილზევე ცდილობს ეს გააკეთოს, შეგიძლია ათასჯერ დაუსვა კითხვა და არ დაეზარება.
კიდევ მყავს მასწავლებელი, რომელიც ამბობს: „ერთხელ რომ ვხსნი, ვხსნი, მეორედ არ ავხსნი!“. ყველა ბავშვი ხომ ინდივიდუალურია. მე შეიძლება ერთელ ახსნილი გავიგო, შეიძლება მეორედ ახსნაც დამჭირდეს და მასწავლებელმა არ უნდა მითხრას ასეთი რამ. რუსულის მასწავლებელი მყავს, თვითონაც არ იცის, და რა უნდა მასწავლოს?! ზოგადად, გაკვეთილიც არ ტარდება ხოლმე, ბავშვები არ უსმენენ. ქართული მასწავლებელი მყავს ძველი ყაიდის ქალი, გვთხოვს ხოლმე, ყველანაირად გვთხოვს. ისე არ გვიშვებს, რომ არ ჩავაბაროთ. ქიმია მიყვარს და ფიზიკას – მასწავლებლის სიყვარულის გამო ვსწავლობ. შეიძლება საგანი ვერ გაიგო ვერ ხვდებოდე, მაგრამ მასწავლებელი ისეთი მიდგომით მოვიდეს, შემოვიდეს შენთან კომუნიკაციაში, რომ ასეთი მასწავლებლის გაკვეთილს ისწავლი“.
ანდრია ს. მე-10 კლასის მოსწავლე: უპირველესი, რაც დღეს მასწავლებელს აკლია არის – სიახლეზე ორიენტირება. ზოგიერთი ჩემი მასწავლებლისთვის მე და ჩემი კლასელები ვართ – „კომპიუტერებსა და მობილურებში ცხვირებჩარგული ბავშვები“. არადა, ძალიან ხშირად, სწორედ იქ ვიღებ ინფორმაციას. წიგნიც კარგია, მაგრამ მე პირადად ვერ ვკითხულობ წიგნში ვერაფერს, მაშინვე მამთქნარებს, აი კომპიუტერში კი შემიძლია უამრავი რამ წავიკითხო, რაც მაინტერესებს, ეს არ ესმით. რომ ვთხოვ ხოლმე რაღაცები გვითხრას – ბმულები, თუ სად წავიკითხო, ჰგონია რომ დავცინი. აი ეს არ მომწონს დღეს მასწავლებლებში. უნდა მიხვდნენ რომ სხვა ეპოქაა და სხვა თაობა ვართ. კიდევ მყავდა მასწავლებელი, აკეთებდა ცდებს და ეს ჩვენ არ გვაინტერესებდა, იმიტომ რომ ინტერნეტში, ისეთ მარტივ ცდებს ვნახულობთ ხოლმე, არცკი შეედრება გაკვეთილისას და რა გასაკვირია, რომ არ დავინტერესდეთ. მოკლედ, მასწავლებელი უნდ მიყვებოდეს ფეხდაფეხ მოსწავლის ასაკსა და განვითარებას, სხვანაირად მე და ჩემნაირებზე ყოველთვის იტყვიან, რომ არ ვუსმენთ გაკვეთილს. დამაინტერესოს და მოვუსმენ!
თიკო ლეკიაშვილი, 141-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასელი: ჩემი აზრით, მასწავლებელი, გარკვეულწილად შეიძლება, მკაცრიც იყოს და დამთმობიც. უნდა შეეძლოს წახალისებაც, რომ მოსწავლეს მოტივაცია მიეცეს. გამგებიანი უნდა იყოს, თუ მოსწავლე ეტყვის, რომ გუშინ არ მეცალა, ვერ ვიმეცადინე, ეგრევე ორიანი არ უნდა დაუწეროს, (რა თქმა უნდა, თუ გაკვეთილზე მოუმზადებელი მისვლა იშვიათი შემთხვევაა). მის მდგომარეობაში უნდა შევიდეს და ერთხელ აპატიოს. მოსწავლე მასწავლებელთან უნდა იყოს არა როგორც მოსწავლე, არამედ როგორც მეგობარი, ამის უნარი უნდა ქონდეს. მეგობარს უნდა უწოდებდე მასწავლებელს, ჩემი აზრით. 6 წელია უცვლელი ისტორიის მასწავლებელი მყავს, მხოლოდ მის გამო ვშლი ისტორიის წიგნს და ვსწავლობ. ბავშვებისადმი არის ძალიან თბილი და გამგები და ძალიან განათლებული ქალი. იმდენად საინტერესოდ გიყვება და გადმოგცემს, შეუძლებელია არ დაგაინტერესოს. იმდენად გასაგებად გვიხსნის, იქვე, გაკვეთილზევე ვსწავლობ დავალებას. აი ქართული მასწავლებელი, ძალიან განათლებულია, მაგრამ გაიძულებს ყველაფერი სიტყვა-სიტყვით ისწავლო, იძულებულს გხდის ბევრი საათი ჩაუჯდე საგანს, რომ სიტყვა არ გამოგრჩეს ისე ისწავლო და შეგაზიზღოს საგანი. მაინც გამომიჩხრიკავს ხოლმე რაღაცას“.
მარიამ ყვარელაშვილი, ნაფარეულის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე: „მთელი 12 წლის განმავლობაში ჩემთვის ნათელი გახდა გაანთლების სისტემის დადებითი და უარყოფითი მხარეები. და წელს, როცა უკანასკნელად მაქვს შეხება, ვიაზრებ როგორი მნიშვნელოვანია გამართული სისტემა და შედეგზე ორიენტირებული მასწავლებელი. რომელიც მისცემს მოსწავლეს შესაძლბლობას აზრის თამამად გამოხატვის, იმ შემთხვევაშიც თუ განსხვავებული იქნება უმრავლესობისაგან. შეუქმნის გარემოს, რომელშიც მოახდენს მოზარდი რეალიზაციას და ასწავლის, როგორ სცეს პატივი განსხვავებულს. ვინაიდან, მასწავლებელი მოსწავლის მთავარი ავტორიტეტია განსაკუთრებით კი დაწყებით კლასებში და შესაბამისად, სწორად აღზრდილი თაობა გვეყოლება მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა მასწავლებელი არამხოლოდ საგნის შესწავლით იქნება დაინტერესებული, არამედ პიროვნულ ჩამოყალიბებაზეც იფიქრებს. მე, საბედნიეროდ მყავდა ქართულში ისეთი მასწავლებელი, რომელიც საშუალებას მაძლევდა გამომეთქვა ჩემი აზრი თამამად და არ შემშინებოდა, თუ ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს დაუპირისპირდებოდა, რადგან ყოველთვის ვიცოდი, მას ჰქონდა მიმღებლობა განსხვავებული აზრის და არც შეცდომაზე მიმითითებდა ძალადობით. სწორედ ასეთი მასწავლებლები გვჭირდება დღეს, ადამიანები, რომლებიც დაგვეხმარებიან და გვასწავლიან აზროვნებას და არ მოგვაქცევენ საზოგადოების მიერ დაწესებულ ჩარჩოებში. მაგრამ, იყვნენ ისეთებიც, რომელთა საგნის კარგად ცოდნა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მოსწავლეს ეს საგანი შეყვარებოდა, ვინაიდან მათ არ გააჩნდათ მთავარი- სიყვარული საგნისა და ბავშვების მიმართ. და თუ მასწავლებელს არ შეუძლია თითოეულ მოსწავლეში დაინახოს ამომავალი მზე, რომელიც მოვა დრო და შეცვლის მომავალს, შეუძლებელია ჩაითვალოს შემდგარ პროფესიონალად“.
სხვა სტატიები:
რა სურთ მასწავლებლისგან 7, 8, 9 კლასის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს – კარგი მასწავლებლის პორტრეტი
როგორია კარგი მასწავლებელი – 1-6 კლასის მოსწავლეებისა და მშობლების თვალსაზრისი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება