მოსწავლეთა სწავლის შედეგების შეფასების სისტემის შექმნაზე გამოცდების ცენტრი მუშაობს – როგორი იქნება დიაგნოსტიკური შეფასების ახალი მოდელი?
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შეფასების შესახებ ჩატარებული კვლევის ანგარიში ამბობს, რომ გამოკითხული მასწავლებლების 80% და დირექტორების 90% ერთიანი ეროვნული გამოცდების ესგ-ის მოთხოვნებთან სინქრონიზაციის აუცილებლობას ადასტურებს.
გამოქვეყნდა მასწავლებლის სქემისა და ეროვნული სასწავლო გეგმის შეფასების კვლევების შედეგები
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მოკლევადიან გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნები ამჟამად არ არის თანხვედრაში ესგ-ს მოთხოვნებთან, რაც მასწავლებლებში, მშობლებსა და მოსწავლეებში უკმაყოფილებას წარმოქმნის და რეფორმის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებებს განაპირობებს. გრძელვადიან პერსპექტივაში გამოწვევას წარმოადგენს მოსწავლეთა დიაგნოსტიკური შეფასების სისტემის შექმნა და ამოქმედება.
აღნიშნული ჩანაწერის კვალდაკვალ, კვლევის ავტორი, განათლების სამინისტროს სსიპ გასცემს რეკომენდაციებს, რომ:
- განისაზღვროს მოკლევადიანი გეგმა ერთიანი ეროვნული გამოცდების ესგ-ს მოთხოვნებთან სინქრონიზაციის მიმართულებით და მოხდეს ამ გეგმის კომუნიკაცია საზოგადოებასთან;
- შეიქმნას მოსწავლეთა სწავლის შედეგების დიაგნოსტიკური შეფასების სისტემა;
- განხორციელდეს მოსწავლეთა შედეგების სახელმწიფო შეფასებები ახალი სასწავლო გეგმის პრინციპებზე დაყრდნობით.
კვლევის თანახმად, მოსწავლის შედეგების შეფასების საკითხზე მსჯელობა კვლევის ფარგლებში ორი მიმართულებით წარიმართა: „რესპონდენტების ერთი ჯგუფი საკითხს უფრო ვიწრო გადმოსახედიდან უყურებს და მოსწავლეთა შედეგების შეფასების არსებული სისტემის დახვეწის, ესგ-ს პრინციპებთან თანხვედრაში მოყვანის საჭიროებაზე საუბრობს (დისკუსია, ძირითადად, შეეხებოდა ერთიან ეროვნულ გამოცდებს); რესპონდენტების მეორე ჯგუფი ყურადღებას უფრო ფართო, სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე ამახვილებს და შეფასების ახალი სისტემების შექმნის საჭიროებაზე მიუთითებს“.
განმავითარებელი დიაგნოსტიკური შეფასების ახალი მოდელი
დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ მოსწავლეთა შედეგების დიაგნოსტიკური შეფასების სისტემის აწყობა რეფორმის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და კონცეპტუალური საკითხია, რომელზეც ამჟამად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობს.
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი ანგარისში წერს, რომ ესგ-ის მოთხოვნების თანახმად, სკოლა მუდმივად უნდა ხედავდეს და ამოწმებდეს საკუთარ პროგრესს. ამისათვის ქვეყანაში უნდა აეწყოს სისტემა, რომლის გამოყენებითაც პერიოდულად შესაძლებელი იქნება მოსწავლის შედეგების გადამოწმება თითოეული კლასის და სკოლის დონეზე. ეროვნული შეფასებების მიმდინარე მოდელისგან ამ სისტემას ის გამოარჩევს, რომ დიაგნოსტიკურ კვლევებში ყველა სკოლა უნდა მონაწილეობდეს. ახალი მოდელით ქვეყანაში დაგეგმილია მეოთხე, მეექვსე და მეცხრე კლასებში სკოლის ყოველწლიური პროფილების შექმნა.
„დიაგნოსტიკური შეფასების სისტემის აწყობა ეხმიანება სკოლების ანგარიშვალდებულების გაძლიერების იდეას. ამგვარი მონაცემების გარეშე სკოლა ვერ შეძლებს კურიკულუმის განვითარების ციკლის აწყობას“, – ვკითხულობთ კვლევაში.
რაც შეეხება მოდელის შექმნის სამუშაო პროცესს, ამის თაობაზე კვლევის ავტორებს რეფორმის განმახორციელებელი გუნდის წარმომადგენელი უხსნის, რომ „ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს მუშაობა ქართულსა და მათემატიკაში ამგვარი სისტემის შექმნაზე, მხოლოდ დაწყებით კლასებში. დიაგნოსტიკური შეფასებების სისტემის შექმნას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ესგ-ს იდეის განხორციელებისათვის“.
კვლევის მონაწილე რესპონდენტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ახალი თაობის ესგ-ის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი კონცეპტუალური ცვლილებები უნდა შევიდეს მოსწავლეების სწავლის შედეგების შესამოწმებელ დავალებებში, რაც ეხმიანება საერთაშორისო გამოცდილებას – ინფორმაციის მონაკვეთების ცოდნის შემოწმებიდან აქცენტმა მოსწავლის ჰოლისტურ შეფასებაზე უნდა გადაინაცვლოს.
აი, რას ამბობს კვლევის ფარგლებში გამოკითხული საგნობრივი ექსპერტი: „ესგ-ის პრინციპებიდან გამომდინარე, დავალებების მიზანი უნდა იყოს ცოდნის გამთლიანების და პრაქტიკაში გამოყენების შემოწმება. ჩემი აზრით, ეროვნული გამოცდების ტესტები უფრო მეტად უნდა დაემსგავსოს PISA-ს დავალებებს – მოსწავლეს უნდა მიეცეს ცხოვრებისეულ სიტუაციებში პრაქტიკული ხასიათის, პრობლემის გადაჭრის უნარის დემონსტრირების შესაძლებლობა. მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზნით გამოვიყენებთ ამ დავალებებს – განმსაზღვრელი თუ განმავითარებელი შეფასებისთვის“.
კვლევაში ხაზგასმულია, რომ სასწავლო პროცესში დიაგნოსტიკური შეფასების ინტეგრირებისთვის მნიშნელოვანი როლი აქვს ე. წ. სწავლის მართვის ელექტრონული სისტემების (Learning Management System / LMS) ამოქმედებას, რაც თუ ანგარიშში მოცემულ რეკომენდაციებს გადავხედავთ, იგეგმება კიდეც.
განმარტებულია, რომ სხვა მრავალ უპირატესობასთან ერთად, LMS-ის გამოყენებით შესაძლებელი იქნება მოსწავლეთა შეფასების პროცესების მართვა და შედეგების ანალიზი ელექტრონულ პლატფორმაზე და მათი გათვალისწინება სასწავლო პროცესის კორექტირებისას. ასევე, შესაძლებელი იქნება მონაცემების აგრეგირება და ტენდენციების დანახვა კროსსექციულად (დროის კონკრეტულ მონაკვეთში), ისევე როგორც ლონგიტიდურად (დროთა განმავლობაში) კლასების, საგნების, მოსწავლეთა კოჰორტების, სკოლის და სისტემის დონეზე.
საფრთხე, რომელზეც კვლევა მიუთითებს: „დიაგნოსტიკური შეფასების სისტემის აწყობის კონტექსტში კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს სკოლების შიგნით ამ მონაცემების ინტერპრეტაციის და გამოყენების შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს. ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევები მკაფიოდ მიუთითებს, რომ სკოლის დონეზე ამ უნარების განვითარების გარეშე ეს მოდელი, შესაძლებელია, დიდი ზიანის მომტანი იყოს სისტემისათვის“.
ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაკვეთილი ზემოაღნიშნული კვლევის ფარგლებში დისკუსიებისა და ინტერვიუების სერია 2023 წლის ზაფხულში განხორციელდა და საერთო ჯამში 100-ზე მეტი რესპონდენტი მოიცვა. მსჯელობის პროცესში ჩამოყალიბებული პირველადი დასკვნები და რეკომენდაციები კი, კვლევის თანახმად, 10 000-ზე მეტ მასწავლებელთან და 600-ზე მეტ სკოლის დირექტორთან გადამოწმდა.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება