GE

მთავრობას კერძო უნივერსიტეტის სტუდენტი არ აინტერესებს? – რატომ არის უცნობი, რა ბედი ელის ახალი რეფორმით არასახელმწიფო უნივერსიტეტებს

როგორ მიიღებს არასახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს? რამდენი ქართველის და რამდენი უცხოელის მიღების უფლება ექნება პროპორციულად? შეძლებს თუ არა შეინარჩუნოს დღემდე არსებული საგანმანათლებლო პროგრამები და სწავლის გადასახადის აქამდე არსებული ოდენობები, დარჩება თუ არა სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება არასახელმწიფო უმაღლესებში მაინც ძველი სისტემით და თუკი არა, მოუწევთ თუ არა სწავლის გადასახადის მკვეთრად გაზრდა როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებზე? – ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომლებზე პასუხებიც არც საზოგადოებას და არც კერძო უნივერსიტეტებს უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის ავტორებისგან არ მიუღიათ. ამაზე მეტყველებს არასახელმწიფო უნივერსიტეტების დუმილიც, როგორც პირად საუბრებში, ისე EDU.ARIS.GE-ს ოფიციალურ კითხვებზე.

2025-2026 სასწავლო წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე არასახელმწიფო უნივერსიტეტებში აბიტურიენტთა საერთო რაოდენობის 30%-ზე მეტი ჩაირიცხა. რიცხვებში ეს დაახლოებით 10,000 ახალგაზრდაა.

შეეხება თუ არა კერძო უნივერსიტეტებს დაფინანსების იგივე მიდგომა, რომელზეც 1-ელ დეკემბერს განათლების მინისტრმა ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე ისაუბრა – „ახლადმიღებულ სტუდენტებთან მიმართებაში სწავლა ფაქტობრივად უფასო იქნება“? დიდი ალბათობით – არა, რადგან კერძო უნივერსიტეტების პროგრამებსა და ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობას სახელმწიფო ვერ აკონტროლებს (ნაწილობრივ დღესაც აკონტროლებს, ავტორიზაცია/აკრედიტაციის საშუალებით – ავტ.), და შესაბამისად, ახალი კონცეფციით, მთავრობის დაკვეთის გარეშე მიღებული სტუდენტების სწავლებაში ფულს რატომ გადაიხდის?

მაშ რა შეიძლება შესთავაზოს საქართველოს მთავრობამ არასახელმწიფო უნივერსიტეტებს? – უცხოელი სტუდენტების გაზრდილი რაოდენობის ხარჯზე, სავარაუდოდ გაზრდილი შემოსავალების ქართულენოვან პროგრამებზე გადანაწილება? თუ სახელმწიფო დაკვეთა და, შესაბამისად, კონტროლი, კერძო უნივერსიტეტებზეც გავრცელდება და დაფინანსებაც ექნებათ? ალბათ, სხვა ვერსიებიც არსებობს.

უნივერსიტეტებზე დაფინანსება გადანაწილდება იმის მიხედვით, რომელ უნივერსიტეტზე რა მოთხოვნილება იქნება – განათლების მინისტრი

ამ საკითხის გასარკვევად ჩვენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მივმართეთ და პასუხი ვერ მივიღეთ.

შემდეგ კი მთავარ ბენეფიციარებს, არასახელმწიფო უნივერსიტეტებს ნაწილთან ვცადეთ გასაუბრება, თუმცა სრული დუმილი მივიღეთ. გონივრულია დავუშვათ, რომ სახელმწიფოსა და არასახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის „ვაჭრობის პროცესი“ დასრულებული არ არის.

ფაქტი ერთია, როგორ აისახება უმაღლესი განათლების რეფორმა არასახელმწიფო უნივერსიტეტების პროგრამების ღირებულებაზე – დღემდე უცნობია.

რით განსხვავდება კერძო უნივერსიტეტის სტუდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტისგან? – წესით, არაფრით, ისევე, როგორც კერძო სკოლის მოსწავლე საჯარო სკოლის მოსწავლისგან. მაგრამ, რატომღაც, კერძო სკოლის მოსწავლე სახელმწიფოსგან არც სახელმძღვანელოებსა და არც „ბუკებს“ იღებს საჩუქრად, თითქოს ისინი სხვა სახელმწიფოს შვილები იყვნენ.

საქართველოს პრემიერ მინისტრისა და განათლების მინისტრის საჯარო განცხადებებს თუ გააანალიზებთ, კერძო უნივერსიტეტების სტუდენტების დაფინანსების პრინციპზე საუბარი ჯერჯერობით საერთოდ არ მიმდინარეობს.

ასევე იხილეთ:

პრემიერ-მინისტრის დათვლით, თბილისში სტუდენტთა რაოდენობა 2-ჯერ უნდა შემცირდეს, ქუთაისში კი 4-ჯერ გაიზარდოს

რატომ „არა“ უმაღლესი განათლების რეფორმას? – სიმონ ჯანაშიას მოსაზრება

ნინო დობორჯგინიძე: „ეს არის მართლაც მაღალი საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილი საუნივერსიტეტო ტრადიციის გაყიდვა“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური