„პედაგოგთა სასერტიფიკატო ტესტებში ბარიერი უნდა იყოს, მე ბარიერის მომხრე ვიქნებოდი“
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე პედაგოგთა ზამთრის გამოცდების გაუქმებას მიესალმება და ამბობს, რომ მისი შემოღების მომხრე იმთავითვე არ ყოფილა. მისივე თქმით, ცენტრშიც თითქმის ყველას ანალოგიური მოსაზრება ჰქონდა და ამას ღიადაც გამოხატავდნენ.
შემდეგი გამოცდა, მინდაძის თქმით, ზაფხულში ჩატარდება და მასში მცირე ცვლილებებიც შევა. კერძოდ, პედაგოგებს წინ უკვე არა ერთი, არამედ ორი დამოუკიდებელი გამოცდა ელით – საგნის და პროფესიული უნარ-ჩვევების.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საპირისპიროს ფიქრობს მინდაძე სასერტიფიკაციო გამოცდებში ბარიერის მოხსნასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მისი აზრით, ბარიერი უნდა შენარჩუნებულიყო.
ივა მინდაძე: ვფიქრობ, რომ ზამთრის გამოცდების არჩატარება და გაუქმება ძალიან ლოგიკურია, რადგან სისტემაში რამდენიმე პროცესი მიმდინარეობს, რომლებსაც, ჩემი აზრით, ყურადღება უნდა მივაქციოთ. პირველ რიგში, ესაა ცვლილებები მასწავლებელთა განვითარების სქემაში.
რა ცვლილებები შედის მასში, ამ კითხვის ადრესატი ჩვენი ცენტრი ვერ იქნება, მაგრამ რამდენადაც ჩემი გადასახედიდან ჩანს, მასწავლებელთა პროფესიული განვითრების სქემაში პრინციპული მიდგომა იცვლება. აქცენტი გრძელვადიან მომზადებასა და მასწავლებელთა საჭიროებების უკეთ შესწავლაზე კეთდება. ვფიქრობ, რომ ასე ხშირ-ხშირად გამოცდის ჩატარება მიზანშეწონილი არ იყო.
გარდა ამისა, თავად გამოცდის მიზანიც, როგორც ჩანს იცვლება. ეს არსებითია. ვფიქრობ, რომ პირველ რიგში მასწავლებელთა პროფესიული სქემის და დაგეგმილი ცვლილებების ამოქმედებას უნდა ვაცადოთ და შემდეგ, ამ კონტექსტში განვიხილოთ გამოცდაც. ახლა უფრო მოლოდინის რეჟიმში ვართ – თუ როგორ გამოიყურება მასწავლებელთა პროფესიული სქემა განვითარების შემდეგ საფეხურზე.
-ზამთრის გამოცდის გაუქმებასთან დაკავშირებით ინიციატივა ცენტრში აქამდეც არსებობდა?
ი.მ: გულახდილი რომ ვიყო, მე პირადად ზამთრის გამოცდის შემოღების მომხრე არც ვიყავი. არ შევცდები თუკი ვიტყვი, რომ ცენტრშიც ჭარბი უმეტესობა არ იყო ზამთარში გამოცდების ჩატარების მომხრე. თუკი ადამიანმა გერმანული, ან მათემატიკა ზაფხულში არ იცის, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამ თვეში დიდი ცვლილებები მოხდეს. ვფიქრობ, აქ უფრო გრძელვადიანი პროცესების წარმართვის აუცილებლობა დგას. ასე რომ, ზამთრის გამოცდების აზრი ჩემთვის მაინცადამაინც ნათელი არასოდეს ყოფილა.
-გქონდათ თუ არა გადაწყვეტილების მიღებამდე ამ თემაზე მინისტრთან კონსულტაციები?
ი.მ: ზამთრის გამოცდებთან დაკავშირებით შეხვედრები სამინისტროშიც გვქონდა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრშიც. ყოველთვის ღიად ვამბობდით, რომ ეს რესურსებისა და დროის არცთუ ისე აზრიანი ხარჯვა იყო. მათ შორის შარშანაც, როცა გამოცდაზე მასწავლებელთა დიდი ნაწილი არ გამოცხადდა.
-მინისტრის თქმით, ეს პირადად მან გადაწყვიტა და თქვენ ამბობთ, რომ ამაში ცენტრიც ჩართული იყო?
ი.მ: ცხადია, ეს მინისტრის პრეროგატივა და პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რაც მისი კომპეტენციაა.
-მაგრამ კონსულტაციებში მონაწილეობას ცენტრიც იღებდა?
ი.მ: როგორ გითხრათ, იმ დროის განმავლობაში, რაც ეს გამოცდები ტარდებოდა, მისით აღფრთოვანებულები არასოდეს ვყოფილვართ და ამას ტელევიზიითაც, პრესითაც და ყველა შეხვედრაზეც ღიად ვამბობდით. რამდენად შეიძლება ამას კონსულტაცია ეწოდოს, არ ვიცი.
-როდის იქნება შემდეგი გამოცდა?
ი.ვ: ზაფხულის გამოცდა შენარჩუნდება და ალბათ ივლისში ჩატარდება.
-ანუ, ზაფხულის გამოცდა გეგმიურად გაიმართება?
ი.ვ: დიახ, იმიტომ, რომ სწორედ ამ დროს ხდება რესურსების მაქსიმალური მობილიზება და ლოგიკურია, რომ თითოეული ასეთი დიდი აქტივობა მაშინ ჩატარდეს.
-როგორი ფორმით ჩატარდება იგი? შედის თუ არა რაიმე ცვლილებები მისი ჩატარების წესში, ან ორგანიზებაში?
ი.მ: ორგანიზებაში ნაკლებად, ისე ჩატარდება, როგორც შარშან. შინაარსს რაც შეეხება, ცვლილებები ალბათ იქნება, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან არ მგონია ეს ცვლილებები მასშტაბური იყოს. შეიძლება მასწავლებელთა პროფესიული უნარების ტესტი დაემატოს, რომელიც ორი წლის წინ გაუქმდა. ყველაზე დიდი შინაარსობრივი სიახლე ალბათ ეს იქნება.
-ამ გამოცდის დაბრუნება რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ?
ი.მ: მიმაჩნია, რომ ცოდნა, რომელსაც პროფესიული უნარების ეს ტესტი ამოწმებს, პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ტესტის ხელახალი დანერგვა პოზიტიური მოვლენაა.
ასეთი ტიპის გამოცდების მიზანი ისაა, რომ დავრწმუნდეთ – კანდიდატს ის უნარები, შესაძლებლობები და ცოდნა აქვს, რაც გაკვეთილის მაქსიმალურად ეფექტურად წარმართვისათვის აუცილებელია.
-საგნობრივი და პროფესიული უნარების გამოცდები ერთად ჩატარდება, ორნაწილიანი ტესტის სახით, თუ ცალ-ცალკე დღეს ჩაინიშნება?
ი.მ: ეს ცალკე ტესტირებაა. ცალკე დღეს ჩაინიშნება. იგი მიზნად იმ უნარების შემოწმებას ისახავს, რომელიც პედაგოგს მის ყოველდღიურ საქმიანობაში სჭირდება- რამდენად შეუძლია პედაგოგს მოსწავლის საჭიროებების იდენტიფიცირება, კლასის მართვა, საკლასო პროცესის დაგეგმვა და მსგავსი აქტოვობები, რომელიც ყველა საგნის პედაგოგისთვის საერთოა. ამ ტიპის ტესტირებაზეა საუბარი.
-მისი ჩაბარებაც ნებაყოფლობითი იქნება მასწავლებლებისთვის?
ი.მ: ცხადია, ყველაფერი ნებაყოფლობითია. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელთა პროფესიული სქემის ნაწილია ყველა ის აქტივობა, რომელსაც დღეს გამოცდას ვეძახით და რომელსაც კვალიფიკაციის დადასტურება ან რაიმე შეიძლება დაერქვას. ეს მხოლოდ სახელწოდების ცვლილება არაა, მიზნობრიობის შეცვლაცაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სქემაში დაგეგმილი ცვლილებების უკეთ შესწავლას ველოდებით.
-ამ გამოცის შინაარსობრივ მხარეზე ცენტრი დამოუკიდებლად მუშაობს თუ სამინისტროსთან ერთად?
ი.მ: ცენტრი იმ დოკუმენტებს ეყრდნობა, რომელიც სისტემაში არსებობს- მასწავლებლის სტანდარტსა და ეროვნულ სასწავლო გეგმას და ასევე, ითვალისწინებს იმ ცვლილებებს, რომელიც ამ დოკუმენტებშია დაგეგმილი.
უშუალოდ ტესტს კი, ცხადია, ჩვენი ცენტრი დამოუკიდებლად ადგენს. აქ ბევრი ისეთი თემაა, რაც ცენტრმა დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს.
-არის თუ არა უკვე მზადება მასწავლებელთა ზაფხულის გამოცდებისთვის?
ი.მ: ცენტრის სამუშაო გრაფიკში ეს გამოცდები არის და მზადება მათთვის სექტემბერშივე იწყება, როცა წინა გამოცდები მთავრდება. ანუ, ამ წუთში ცენტერი სხვა ყველაფერთან ერთად ამ გამოცდების მიმართულებითაც მუშაობს.
ვფიქრობ, რომ ჩვენიც და თქვენი ყურადღებაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემისაკენაა მიპყრობილი. რა ფორმას მიიღებს ის, როგორ დაიხვეწება, ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი ასპექტებია, რომლებიც არ ვიცი როგორ შეგვეხება.
-ბარიერის გაუქმებასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?
ი.მ: ბარიერთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და მოსაზრებები ორივე მხარეს აქვს. პირადად მე მგონია, რომ სასერტიფიკატო ტესტებში ბარიერი უნდა იყოს. მე ბარიერის შენარჩუნების მომხრე ვიქნებოდი.
-უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს ცენტრის პოზიციაცაა?
ი.მ: მე ჩემ პირად აზრს ვამბობ და მინდა ამას ხაზი გავუსვა. პირადად მე ვფიქრობ, რომ სასერტიფიკატო ტიპის ტესტებში ბარიერი უნდა იყოს.
“პირადად გადავწყვიტე, რომ ზამთარში მასწავლებლების გამოცდა აღარ ჩატარდება”
„გაუგებარია რას გულისხმობს მინისტრი პედაგოგების მიერ ბარიერის არგადალახვაში“
თაკო არის© მათეშვილი
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება