GE

ქართულის გამოცდის მესამე დღეს ზოგიერთი საკითხი განმეორდა – რა დავალებები შეასრულეს აბიტურიენტებმა

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მესამე დღე კვლავ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ეთმობა. აბიტურიენტებმა გამოცდა დღესაც მხოლოდ პირველ სესიად ჩააბარეს. გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობენ, რომ იყო საკითხები, რომელიც 2 ივლისის სესიაზე გასული აბიტურიენტების ტესტებშიც მოვიდა და მათთანაც. კერძოდ, განმეორდა ჯემალ ქარჩხაძის „იუპიტერის სინანული“, რომელიც მეფე ნერონს უკავშირდება. ასევე მოვიდა “ვეფხისტყაოსანი”, თუმცა ამჯერად ნაწარმოების სხვა ნაწილი.

173-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრის აბიტურიენტი: „სარედაქტირო ტექსტში ვიპოვე 16 შეცდომა, მხატვრული ტექსტის ანალიზში “ვეფხისტყაოსანი” დავწერე. ნესტანის გათხოვების შესახებ თათბირია და შემდეგ, ნესტანი რომ იბარებს ტარიელს და ეჩხუბება. მეორე ტექსტისთვის არ გადამიხედავს, მე “ვეფხისტყაოსანი” დავწერე. ესე იყო ქსენოფობიაზე. განმარტებული იყო ქსენოფობია და ასეთი სათაური იყო მოცემული: ქსენოფობია ფეხს ვერ მოიკიდებს განათლებულ და თავისუფალ საზოგადოებაში“ – ამაზე უნდა მოგვეყვანა არგუმენტები.

ნიკა ნატროშვილი: „ვაბარებ აგრარულში პროგრამირებაზე. “ვეფხისტყოსანი” და ქარჩხაძე მოვიდა მხატვრული ტექსტის ანალიზში. ესე იყო ქსენოფობიაზე. გამოცდაზე სიცხე არ იყო, ნიავიც უბერავდა. კალამი მომცეს, მშვენივრად დავწერე. ქსენოფობიის განმარტება იყო მოცემული, რამაც გამიადვილა ესეს წერა. სარედაქტირო ტექსტში ძირითადად მძიმეები იყო ჩასასწორებელი, „დ“-ს მაგივრად „თ“ რომ უნდა, ასეთი შეცდომები იყო უფრო მეტად“.

დიანა ავაქიანი: „ტექსტის ანალიზში ქარჩხაძე დავწერე. გმირი უნდა აღგეწერა, როგორი იყო, მთავარი სათქმელი რა იყო ტექსტის. ქსენოფობიაზე იყო ესე და არგუმენტები დავწერე, არ გამჭირვებია. საგამოცდო ცენტრში ცოტა ცხელა, მაგრამ სიწყნარეა. გამაგრილებელი იყო, მაგრამ ბავშვებმა, რომლებიც ფანჯრებთან ისხდნენ, დაახურინეს, ხელს უშლიდა. შესაბამისად, ძალიან დაცხა. კალმები კარგი იყო, როგორ ცუდ სიტუაციასაც ამბობდნენ, არც ეგეთი ცუდი არ იყო“.

გუგა ვასაძე: „კარგი სიტუაციაა საგამოცდო ცენტრში. გრილა. სარედაქტირო ტექსტში მე 14 შეცდომა ვიპოვე. მხატვრული ტექსტის ანალიზში უცნობი ტექსტი ავირჩიე – ჯემალ ქარჩხაძის „იუპიტერის სინანული“. უნდა გემსჯელა მეფე ნერონის მხატვრულ სახეზე. ბოლო კითხვა ანალიზში არ დავწერე, მხატვრული გამოსახვის საშუალებებს რომელიც ეხება. ესეში წინა წლისგან განსხვავებით განმარტებები იყო, რას ეხებოდა თავად ეს ესე და ამან წერის პროცესი უფრო გამიადვილა“.

175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის აბიტურიენტი: „რთული არ ყოფილა, თუ არ ვცდები, ის თემა მოვიდა, რაც პირველ დღეს იყო, „ვეფხისტყაოსანი“ და ქარჩხაძის „იუპიტერის სინანული“ მოვიდა. მე „ვეფხისტყაოსანი“ დავწერე. არგუმენტირებული ესე იყო ქსენოფობიის შესახებ. ტექსტის რედაქტირებაც მარტივი იყო.

„ქარჩხაძის იუპიტერის სინანული ვწერე, უცნობ ტექსტად ეს მოვიდა. ნაცნობი ტექსტი “ვეფხისტყაოსანი” იყო. ესე კი ქსენოფობიაზე. ადვილი იყო გამოცდა. სიტუაციაც ნორმალური. წინ ვიჯექი და ვინტილატორი მიბერავდა. არ მცხელოდა.

„საკითხების ნაწილი განმეორდა, რაც ორშაბათს იყო იგივე თემები მოვიდა. “ვეფხისტაოსანიდან” ისევ ნესტან–დარეჯანის გათხოვებაზე, თუმცა სხვა მონაკვეთი. იგივე იყო ჯემალ ქარჩხაძის „იუპიტერის სინანული“.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ხვალ სრულდება. როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, გამოცდაზე გამოყენებული ტესტების 4–ვე ვარიანტი სწორედ გამოცდის დასრულების შემდეგ უნდა გამოქვეყნდეს. სწორი პასუხები და შეფასების სქემები კი შედეგებთან ერთად გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. არჩევითი საგნებიდან კი ყველზე მეტი აპლიკანტი გეოგრაფიას, ისტორიას და მათემატიკას აბარებს. 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები თბილისის მასშტაბით 9 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ხოლო ქვეყნის მასშტაბით სულ 22 ცენტრი ფუნქციონირებს. აბიტურიენტები, მასწავლებლები, მასწავლებლობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მაგისტრობის მსურველები გამოცდებს 26 ივლისს დაასრულებენ.

ამავე თემაზე:

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე დღე – რა საკითხები შეხვდათ აბიტურიენტებს

რა საკითხები შეხვდათ აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის პირველ ვარიანტში

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადეს:

გვანცა ღვედაშვილმა

ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური