რა აქვს გასაკეთებელი განათლების სამინისტროს ბილინგვური განათლების უზრუნველსაყოფად – სახალხო დამცველის რეკომენდაციები
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოში ეროვნული უმცირესობების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ განათლების უფლების კონტექსტშიც საუბრობს და საპარლამენტო ანგარიშში წერს, რომ ამ მიმართულებით არაერთ უწყებას აქვს ნაბიჯები გადასადგმელი. მათ შორის ყველაზე მეტი რეკომენდაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართ არის გაცემული.
სახალხო დამცველი, წლებია, აღნიშნავს, რომ ეროვნულ უმცირესობათა სრულფასოვანი სამოქალაქო ინტეგრაციის აუცილებელი საფუძველია ბილინგვური განათლება. ომბუდსმენი მიესალმება, რომ როგორც სკოლამდელ, ასევე ზოგადი განათლების მიმართულებით არის ჩართულობა გაზრდილი, თუმცა 2023 წელს, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების მიერ ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედ სკოლამდელ და ზოგადი განათლების მიმღებ დაწესებულებებში ჩატარებულმა შეხვედრებმა ბილინგვური განათლების დანერგვის პროცესში არაერთი გამოწვევა გამოავლინა.
„2023-2024 სასწავლო წლისთვის პროგრამაში ჩართულია 184 საჯარო სკოლა, მაშინ, როცა 2022-2023 სასწავლო წელს ამ პროგრამაში ჩართული იყო 41 სკოლა. თუმცა, საგულისხმოა, რომ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ჯამში 295 არაქართულენოვანი სკოლა/სექტორია. არაერთგვაროვანია სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების პრაქტიკა, რაც, მათ შორის, შესაბამისი კადრების დეფიციტით არის გამოწვეული“, – წერს სახალხო დამცველი.
გამოწვევები ასევე უკავშირდება კონსულტანტ მასწავლებლებს, პრაქტიკოსი მასწავლებლების სტატუსის საკითხსა და სახელმძღვანელოებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს ასეთი რეკომენდაციებით მიმართავს:
1. ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში გააფართოოს სკოლამდელი ბილინგვური პროგრამების დაფარვის არეალი;
2. იმ სკოლებში, სადაც სწავლა მიმდინარეობს ეროვნული უმცირესობების ენაზე: დაინერგოს მულტილინგვური სწავლების მოდელი; შემუშავდეს მულტილინგვური სწავლებისთვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოები; მომზადდნენ/გადამზადდნენ ორენოვანი პედაგოგები;
3. საქართველოს სომხური, აზერბაიჯანული და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შედგენის, გამოცემისა და ამ საგნებში სასწავლო პროცესის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით უზრუნველსაყოფად, დაიწყოს ქმედითი ღონისძიებების გატარება;
4. უზრუნველყოს მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ენების (ოსური, ჩეჩნური, ხუნძური/ავარული, უდიური, ასურული და ქურთული/ყურმანჯი) სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადება და გამოცემა, აგრეთვე, პედაგოგთა გადამზადება;
5. მულტილინგვური პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, განახორციელოს სტუდენტური და მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამები ქვეყნის ფარგლებს შიგნით;
6. ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ხელი შეუწყოს, მათ შორის, ტექნიკურად და ლოჯისტიკურად დაუჭიროს მხარი კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების ფარგლებში განხორციელებულ სასწავლო-საგანმანათლებლო ღონისძიებებს.
ასევე იხილეთ:
„დროულად ამოქმედდეს უფასო, ჯანსაღი სასკოლო კვების პროგრამა!“ – სახალხო დამცველი განათლების მინისტრს
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება