GE

რა ეტაპზეა ელექტრონული სწავლება საქართველოში

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ელექტრონული სწავლების მეთოდი დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ამ კუთხით არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა. უფრო მეტიც, როგორც EDU.ARIS.GE-იმ გაარკვია, ზოგიერთ და თანაც საკმაოდ მაღალი დონის უნივერსიტეტებში სწავლების ეს მეთოდი არათუ დანერგილი ან ხელმისაწვდომია, არამედ მის შესახებ ინფორმირებულნიც კი არ არიან. ამ ვითარებას კი არსებული კანონმდებლობაც ამწვავებს, რომელიც დღეის მდგომარეობით, არც თუ ისე მიმზიდველად გამოიყურება.

სწორედ ზემო აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ელექტრონული მეთოდით სწავლის მსურველ სტუდენტებს საკმაოდ მწირი არჩევანი აქვთ და შესაბამისად, მხოლოდ რამდენიმე უმაღლეს უნივერსიტეტში. თავად თემა კი ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციებიდან გამომდინარე აქტუალურია იმდენად, რამდენადაც დღეს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ელექტრონული სწავლების მნიშვნელობა გაურკვეველი და ბუნდოვანია.

ცნობისთვის, სწავლების ეს ფორმა სპეციალურად სტუდენტისთვის ან სტუდენტთა იმ ჯგუფისთვისაა შექმნილი, რომლებიც ტრადიციულ აუდიტორიაში ან კაბინეტში ფიზიკურად არ იმყოფებიან. ეს მეთოდი განსაკუთებით მოქნილია სტუდენტთა იმ ჯგუფებისთვისაც, ვისაც განათლების მიღება მუშაობის პარალელურად სურთ.

აგრეთვე მისაღები და მეტად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისა და პენიტენციურ სისტემაში მყოფი პირებისათვის, ანუ პატიმრებისთვის. სტუდენტები კი ამ მეთოდის უპირატესობაზე  EDU.ARIS.GE-სთან თავად საუბრობენ.

„ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, მუშაობა დავიწყე. პარალელურად, მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება მსურდა, თუმცა დროისა და ფინანსების სიმცირის გამო, ამას ვერ ვახერხებდი. ინტერნეტში ელექტრონული სწავლების შესახებ ინფორმაცია მოვიძიე და გადავწყვიტე სწავლა ამ ფორმით გამეგრძელებინა.

ჩემი აზრით, ელექტონული ფორმით განათლების მიღება მოქნილი და კომფორტული საშუალებაა, რათა განათლება სასურველ დროსა და ადგილას მიიღო. თანაც, ისე, რომ სამუშაო პროცესს არ მოწყდე. ამასთან, ვფიქრობ, ფულის დაზოგვის ეფექტური საშულებაა – ღირს შედარებით იაფი, ვიდრე აუტიდორიული სწავლება და არ გაქვს ყოველდღიური ხარჯი. მაგალითად, გზის, ქსეროასლების, კვების და ა.შ. თუმცა, როგორც კი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი ვნახე, რომ საქართველოში არც ერთ უნივერსიტეტს ელექტონული სწავლება არ გააჩნია. რამდენიმე უნივერსიტეტში ეს მხოლოდ ტრადიციული სწავლების დამატებით განისაზღვრება, დისტანციური სწავლება კი დამოუკიდებლად არ არსებობს,“ – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას 26 წლის ანა სარალიძე.

ჩვენ შევეცადეთ გამოგვერკვია რა ეტაპზეა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ამ მეთოდის დანერგვის პროცესი. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ელექტრონული სწავლება ჯერ კიდევ არ არსებობს ან სულ ცოტა ხანია, რაც  ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადაიდგა.

მოძიებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ელ-სწავლების დანერგვა აქტიურად 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც ის  პროექტში „ელექტრონული სწავლება კავკასიაში“ ჩაერთო. ამ პროექტის  ფარგლებში სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს 20-ზე მეტ საგანმანათლებლო დაწესებულებაში  პილოტური ელექტრონული სასწავლო კურსები შემუშავდა და დაინერგა. თუმცა, ეს მხოლოდ პირველი საფეხურები იყო.

რაც შეეხება უშუალოდ კანონმდებლობის ნაწილს, 2011 წელს  აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შევიდა “უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში”, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცეს.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოში მცხოვრებ პირებს საშუალება ეძლევათ, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე განათლება ელექტრონული ფორმით მიიღონ, თუმცა  ეს არის მხოლოდ ტრადიციული სწავლების დამატება, ანუ გამოდის, რომ სტუდენტს  მისი გამოყენება მხოლოდ ტრადიციული მეცადინეობების პარალელურად შეუძლია.

რა მდგომარეობაა უმაღლეს სასწავლებლებში?

EDU.ARIS.GE შეეცადა გაერკვია რა მდგომარეობაა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ელექტრონული სწავლების მეთოდის დანერგვისა და გამოყენების თვალსზრისით. აღმოჩნდა, რომ ეს მეთოდი მხოლოდ რამდენიმე უნივერსიტეტში, თუმცა სხვადასხვა ფორმითაა დანერგილი. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გვითხრეს, რომ ელექტრონული სწავლების დანერგვა თსუ-ში 2009 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა სწავლება წარმოდგენილია კომბინირებულად, ტრადიციული ფორმით ორგანიზებულ სწავლებასთან ერთად.

„მეთოდი ხელს უწყობს უნივერსიტეტში სწავლისა და სწავლების პროცესის გააქტიურებასა და ხარისხის ამაღლებას. ელექტრონული სასწავლო კურსები (e-learning.tsu.ge) პროფესორებს ეხმარება საიტზე სასწავლო პროგრამა განათავსოს, სხვადასხვა აქტივობები, დავალებები ონლაინ რეჟიმში აწარმოოს.

„დღეისათვის თსუ-ში 900-მდე ელექტრონული კურსია შექმნილი, რომლითაც შვიდივე ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები სარგებლობენ, თუმცა მხოლოდ ტრადიციულ სწავლებასთან ერთად,“ – განუცხადეს EDU.ARIS.GEს თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

გარდა ამისა, თსუ-ში შექმნილია დისტანციური სწავლების  (e-courses.tsu.ge)  კურსი „ქცევის მართვა“, რომელიც დისტანციური სწავლების ცენტრში თსუ-სა  და არასამთავრობო ორგანიზაციასთან „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა.

კურსი გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობების და რისკ ჯგუფებში შემავალი მოზარდების პედაგოგებისთვის. როგორც თსუ-ში გვითხრეს, ონლაინ სივრცეში ეს კურსი ახალ წლამდე გაიშვება.

„ევროკავშირის პროგრამის  Erasmus + ფარგლებში, ევროპელ პარტნიორებთან ერთად თსუ-ში მზადდება კიდევ ერთი დისტანციური სწავლების კურსი, რომელიც  გარემოსდაცვითი პრობლემებით დაინტერესებული სტრუქტრურების წარმომადგენელთათვის არის გამიზნული.

უახლოეს მომავალში უწყვეტი განათლების ცენტრთან ერთად დაგეგმილია რამდენიმე ელექტრონული სასერტიფიკატო კურსის შექმნა,“- აღნიშნავენ თსუში.

რაც შეეხება ტექნიკურ უნივერსიტეტს, იქ მოცემული ვითარება შედარებით განსვავებულია. ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის არსებობს ვირტუალური ლაბორატორია, რომლის გამოყენებითაც ამ ფაკულტეტის სტუდენტებს შეუძლიათ ცდები ვირტუალურად ჩაატარონ.

როგორც სტუ-ს პროფესორმა, ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით სონღულაშვილმა განგვიცხადა, ამჟამად განათლების სამინისტროსთან მიმდინარეობს მოლაპარკება, რათა სწავლების ეს მეთოდი ოფიციალურად დაინერგოს და სტუდენტებმა შეძლონ სწავლების ამ ფორმით კრედიტების დაგროვება.

„ამ ლაბორატორიას აქვს შესაძლებლობა სტუდენტებს არა მხოლოდ ონლაინ გაკვეთილები, არამედ ცდები უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ, დისტანციურად ჩაატარონ. ლაბორატორია თავისი შესაძლებლობებით უნიკალურია,“ – დასძინა სონღულაშვილმა.

ილიასახელმწიფო უნივერსიტეტში კი  2014 წლიდან ელექტრონული სწავლების კურსი სხვადასხვა  მიმართულებითაა ჩაშვებული. სწავლების კურსი სრულიად უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გახდეს სერტიფიცირებული. ამისთვის კი საჭიროა დარეგისტრიტდეს ილიაუნის ელექტრონული სასწავლო კურსის საიტზე – online.iliauni.edu.ge და აირჩიოს სასურველი მიმართულება. რაც მთავარია, მსურველს შეუძლია კურსი მისთვის სასურველ ვადაში დაასრულოს.

უცხოეთის გამოცდილება

ამჟამად უკვე ზოგიერთ ქვეყანაში  დისტანციური უნივერსიტეტებიც ფუნქციონირებენ. მაგალითად, თურქეთში ასეთ უნივერსიტეტში ქვეყანაში დარეგისტრირებული სტუდენტების ნახევარზე მეტი სწავლობს.

ხოლო აშშ-ს უმაღლესი სასწავლებლების 81%  სტუდენტებს სულ ცოტა ერთ კურსს მაინც დისტანციური სწავლებით სთავაზობს. ბევრი მათგანი დისტანციურ სწავლებას სტრატეგიულად მნიშნელოვან მიმართულებად მიიჩნევს, რადგანაც ამ სერვისს სხვადასხვა ქვეყნიდან  უამრავი ადამიანი  იყენებს, ვისაც ამა თუ იმ ქვეყანაში ჩასვლის სურვილი ან საშუალება არ აქვს.

რა არის პროექტზე დაფუძნებული სწავლება?

რომელ მსჯავრდებულებს მიეცემათ უმაღლესი განათლების მიღების უფლება და როგორი იქნება სწავლება

მოამზადა სალომე სარიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური