რა გამოწვევებია დღეს სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მხრივ – უახლესი მოკვლევა და რეკომენდაციები მთავრობას
„მოსწავლეების ჯანმრთელობის დაცვა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა ვერ იქნება მიღწეული თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არ იქნება დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები და ხარისხიანი სასმელი წყალი“, – ვკითხულობთ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ანგარიშში, რომელიც საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური და სკოლის ექიმების ნორმების დაცვის პრაქტიკასა და არსებულ გამოწვევებს წარმოგვიდგენს.
ზემოაღნიშნული ჩანაწერის ფონზე, საქართველოს პარლამენტისთვის სკოლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ რომ არ არსებობს ტექნიკური რეგლამენტი და ერთიანი სამოქმედო ჩარჩო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაში და სკოლების მიერ განხორციელებული ღონისძიებები, მეტწილად ეფუძნება COVID 19-ის პანდემიის დროს შემოღებულ ღონისძიებებს.
კადრების დეფიციტი და მათი ანაზღაურების სიმწირე
მარტის თვეში გამოქვეყნებული მოკვლევის ანგარიშში მნიშვნელოვან დაბრკოლებად არის წარმოდგენილი სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე პასუხისმგებელი კადრების საკითხი და მათი მწირი ანაზღაურება:
“სკოლების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამოვლინდა, რომ მათი უმეტესობა სირთულეებს აწყდება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალისთვის კადრების მოძიებაში- „ადამიანური რესურსი საკმარისი არ არის“ და „ჭირს კვალიფიციური კადრის მოძიება“. ასევე დაფიქსირებულია, რომ დასაქმებულ პერსონალს აქვს დაბალი შრომითი ანაზღაურება, რაც არ შეესაბამება მათ მიერ ნაკისრ პასუხისმგებლობას და გაწეულ შრომას. მსგავსი შეფასება გაკეთდა სკოლების ხელმძღვანელ პირებთან და ექიმებთან შეხვედრის დროსაც”.
სველი წერტილების სიმცირე
ანგარიშის თანამად, სკოლების ნაწილი აღნიშნავს, რომ არსებული სველი წერტილები რაოდენობრივად ვერ აკმაყოფილებს სკოლის კონტინგენტს.
მაგალითად, მოყვანილია მონაცემები, რომ სკოლაში მყოფი 1000 მოსწავლისთვის გამოყოფილია სულ 8 სველი წერტილი, რაც არ არის საკმარისი. აღნიშნული წარმოქმნის რიგს სველ წერტილებთან, მოსწავლეები ვერ ახერხებენ დასვენებისთვის განკუთვნილ შეზღუდულ დროში ისარგებლონ სველი წერტილებით. ეს საკითხი უფრო მეტი სიმწვავით დგას ქალაქად არსებული სკოლებისთვის.
რეგიონებში არსებული მძიმე რეალობა
მოკვლევით დადგინდა, რომ სოფლად არსებულ სკოლებში სველი წერტილები მოწყობილია როგორც სკოლის შიდა ტერიტორიაზე (შენობაში), ასევე გარეთაც. წლის ცივ სეზონებზე გარეთ არსებულ სველი წერტილების გამოყენება დამატებით გამოწვევას ქმნის როგორც სკოლის მოსწავლეებისა და პერსონალისთვის, ასევე დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პირებისთვისაც.
იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც სარგებლობენ ჭის წყლით, არ დგინდება ჭების ინფრასტრუქტურისა და მოვლა-პატრონობის ხარისხი, გამოყენების წესები შეესაბამება თუ არა ნორმატიული აქტით – გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს ბრძანება №297/ნ-ით დამტკიცებულ წესებს და ტექნიკური რეგლამენტით „წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლებში“ დადგენილ წესებს.
მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული საფრთხეები
სკოლები გამოთქვამენ შეშფოთებას მიუსაფარ შინაურ ცხოველებთან დაკავშრებით – „გვაშფოთებს უპატრონო და მიუსაფარი ძაღლების თემა, რადგან უპასუხისმგებლო ადამიანები სოფლის ცენტრში და სკოლის წინ ხშირად უპატრონოდ ტოვებენ ძაღლებს, ლეკვებს, კნუტებს, რაც მოსწავლეთა ემოციებზე ახდენს გავლენას“ , „ცხოველები ადვილად აღწევენ სკოლის ეზოში, რაც, თავისთავად, საფრთხის შემცველია“, „მშობლებთან კომუნიკაციის გზით და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან კომუნიკაციით“ ისინი ცდილობენ აირიდონ მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული საფრთხეები. რა თქმა უნდა არსებული პრობლემების გადაწყვეტა საჭიროებს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მჭიდრო ჩართულობას.
მოკვლევის ავტორთა რეკომენდაციების ადრესატები არიან განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები:
- სკოლებში სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის, წყლისა და ჰაერის ხარისხის საყოველთაო შეფასება, რომელიც ასევე მოიცავს მართვის არასწორ პრაქტიკასთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხეებისა და რისკების გამოვლენას.
- სკოლებში სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის სათანადო მართვის უზრუნველსაყოფად ერთიანი სავალდებულო ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება, რომელიც მოიცავს სანიტარიულ-ჰიგიენური, სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო, სასმელი წყლის, სკოლების მოწყობის, აღჭურვისა და ფუნქციონირების ნორმებს, წესებსა და პირობებს. მნიშვნელოვანია დოკუმენტი მოიცავდეს სსსმ და შშმ პირთა საჭიროებებსაც.
- სკოლებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე პასუხიმგებელი პირების რაოდენობის და მათი სახელფასო პოლიტიკის გადახედვა.
- სკოლებში მღრღნელების, მავნებლებისა და დაავადებების გადამტანი მწერებისგან თავდაცვის, მონიტორინგისა და მართვის სისტემის შემუშავება.
- სკოლებში სასმელი წყლის ხარისხზე განხორციელდეს სისტემური კონტროლი და განისაზღვროს სასმელი წყლის უვნებლობის კონტროლზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება.
- სკოლის ექიმისთვის/ექთნისთვის საჭირო სპეციფიკური, პროფესიული უნარების გაძლიერების მიზნით შემუშავდეს, სპეციალური უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამა და მოხდეს მათი ეტაპობრივი გადამზადება.
- გაფართოვდეს სკოლის ექიმის განათლებისა და გამოცდილების სავალდებულო მოთხოვნების ჩამონათვალი და შეფასდეს სკოლის ექიმის სახელფასო პოლიტიკა.
მოკვლევა მოუწოდებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესში გადაიხედოს და საჭიროების შემთხვევაში გაძლიერდეს ჰიგიენასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სწავლება.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანმრთელობასა და ჰიგიენასთან დაკავშირებული საკითხები უწყვეტად ისწავლება I-XII კლასებში და წარმოდგენილია რამდენიმე საგნობრივ ჯგუფში: ბუნებისმეტყველება, საზოგადოებრივი მეცნიერებები და სპორტი.
დეტალურად გამოვლენილი გამოწვევების შესახებ მოკვლევის მიგნებები სხვადასხვა მიმართულებით დაიყო და შეგიძლიათ იხილოთ ანგარიშში.
ასევე იხილეთ:
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება