„რა საჭიროა ამდენი წერა-კითხვა?“ – მასწავლებელი მოსწავლეთა დიაგნოსტიკურ შეფასებაზე
„დიაგნოსტიკური შეფასებით რაღაც მეხუთე ბორბალს ვიგონებთ, გააკეთეთ, არა უშავს, ბევრი რამ გვიკეთებია არასაჭირო, ძლიან ბევრი რამ“ – ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა დიაგნოსტიკურ შეფასებასთან დაკავშირებით გამართულ ონლაინ შეხვედრაზე პედაგოგმა ლალი ხუროძემ, სადაც მასწავლებლების მიერ დასმულ კითხვებს განათლების რეფორმის ჯგუფის წარმომადგენლები პასუხობდნენ.
„მოსწავლის დიაგნოსტიკური შეფასების აღწერა ოთხი ტიპის სკოლას დაგვანახებს“ – ნიკო სილაგაძე
26 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ონლაინ ფორმატში 1000-ზე მეტი პედაგოგი ესწრებოდა, სულ ორად ორი კრიტიკული აზრი გაისმა და ორივე კითხვის ავტორს აინტერესებდა, რა საჭიროა მოსწავლეების მიღწევების აღწერა და შემდეგ ამის ელექტრონულ ჟურნალში ატვირთვა, თუ ამან არც მოსწავლისა და არც მასწავლებლის შეფასებაზე არ უნდა იმოქმედოს.
„დიაგნოსტიკურია, ეს არის, თუ ის არის, ამას ჩვენ ისედაც ყველა ბავშვისთვის ვაკეთებთ. იქნებ ჯერ ნიმუში, ტესტების ნიმუში გამოგეგზავნათ და მერე გვემსჯელა, რამდენად საჭიროა და რა არის ისეთი, რომ ამის პროცესის დროს მოსწავლემ წიგნი უნდა გადაშალოს. რა არის ეს, არ მესმის, ვერ გავიგე. ბავშვმა თუ ნაწერი სახლში უნდა წაიღოს, ვიღაცას მშობელი უფრო განათლებული და განვითარებული ჰყავს, ვიღაცას არ ჰყავს განათლებული მშობელი და ესე იგი, ის ბავშვი უნდა დაიჩაგროს? რეალურად შევხედოთ, თორემ გაუკეთებელი კი არაფერია. არის ასეთი ანეგდოტი, ეუბნებიან, უნდა ჩამოიხრჩოთ თავიო და თოკებიც ჩვენ მოვიტანოთო? გააკეთეთ, არა უშავს, ბევრი რამ გვიკეთებია არასაჭირო, ძლიან ბევრი რამ… რა საჭიროა ამდენი ზედმეტი წერა-კითხვა, ამდენი წერა… მეორე სემესტრის დასაწყისში სამი კომპლექსური დავალება ჩავატარე მეექვსე კლასში, მაგრამ არცერთზე დამიწერია ასეთი რაღაცები“, – თქვა შეხვედრაზე პედაგოგმა ლალი ხუროძემ, რომელსაც მისი თქმით, 50 წელზე მეტი ხნის სტაჟი აქვს პედაგოგიურ საქმიანობაში.
ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა ნიკო სილაგაძემ ხუროძეს უპასუხა, „თუ ასე თვლით, შეგიძლიათ, არც გააკეთოთო”, თუმცა იმავე შეხვედრაზე მანვე განაცხადა, რომ დიაგნოსტიკური შეფასების წერა ყველა IV-IX კლასის მოსწავლისთვის აუცილებელია.
„პერიოდულად მნიშვნელოვანია ბავშვის მიღწევების შეჯამება, რომ სხვა მასწავლებლებს ვუთხრათ ჩვენს ანგარიშში რა შედეგი აქვს, ან მშობლებს ვუთხრათ, რა მიღწევები აქვს ბავშვს, ან სკოლის ადმინისტრაციამ იცოდეს, საქმე როგორ მიდის… აღწერილობებს, მოსწავლე სად არის და რატომ არის, აქვს კოლექტიური სულით ნაკარნახევი საჭიროება. თუ უკეთესი ფორმებიც არსებობს ამის კეთების, ჩვენ არ ვამბობთ, რომ რასაც გთავაზობთ, ეს ერთადერთი და განუმეორებელი გზაა“, – უთხრა სილაგაძემ მასწავლებლებს.
შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ექსპერტი ია აფთარაშვილი კი ფიქრობს, რომ მასწავლებელს მოსწავლის განათლების დონის დამამტკიცებელი საბუთი უნდა ეჭიროს ხელში და ასეთი სწორედ დიაგნოსტიკური შეფასებაა.
„ასეთი ტიპის შეფასებებს ერთი უცნაურობა აქვს. თითქოს ჩვენ ყველამ ყველაფერი ვიცით და გვიკვირს, რა უნდა გვითხრას კვლევამ და შეფასებამ ისეთი, რაც არ ვიცით. უბრალოდ, შეფასების ასეთი დიზაინი გვეხმარება, რომ სისტემაში მოვიყვანოთ ჩვენი ცოდნა. რეალურად ეს არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული… გეთანხმებით, თითოეულ მოსწავლეზე რომ გაქვთ წარმოდგენა. მეც მშობელი ვარ სამი შვილის. როდესაც მე მოვდივარ და გეკითხებით, როგორია ჩემი შვილი, თქვენ მეუბნებით, ასეთი და ასეთი. როდესაც ვითხოვ, რა მტკიცებულებები გაქვთ, სადაც დაინახეთ მისი პროგრესი, ხშირად მეუბნებიან, ნახე რვეულში და ა. შ. ეს სისტემური პაკეტია, რომელიც მეხმარება, მტკიცებულებებით გავიმყარო თუნდაც ჩემი წარმოდგენები… ვინც ისედაც აკეთებს მსგავსი ტიპის შეფასებებს, მისთვის ეს უცხო არ იქნება, მაგრამ ვისთვისაც ახალია, ეს სისტემურობა დაეხმარება მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებისთვის“, – თქვა აფთარაშვილმა.
ნებაყოფლობითია თუ არა დიაგნოსტიკური შეფასების ჩატარება
კითხვაზე, სკოლას ან მასწავლებელს შეუძლია თუ არა, რომ ნებაყოფლობით ჩაერთოს დიაგნოსტიკური შეფასების აღწერაში ან აქვს თუ არა მასწავლებელს უფლება შეარჩიოს კლასიდან რამდენიმე მოსწავლე ამ დავალების შესასრულებლად, ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი პასუხობს:
„ეს არასწორი მიდგომაა. სავალდებულოა დიაგნოსტიკური შეფასების წერის ჩატარება, ოღონდ ამის უკან არ დგას სასჯელი. სავალდებულოა, რომ მცდელობა იყოს ყველა კლასში ყველა მოსწავლესთან IV-IX კლასის ჩათვლით და ყველა ბავშვის მიღწევები და მოცემულობა ერთნაირად ძვირფასია ჩვენთვის. ასეთი დაშვება არსებობს: ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ზოგი სკოლა ძალიან დიდია, ზოგი სკოლა ბევრ რამეშია ჩართული, ზოგ მასწავლებელს ძალიან ბევრი მოსწავლე ჰყავს… ობიექტურ მიზეზებს ვხედავთ, ბრმანი არავინ ვართ და ამან შეიძლება ასეთი კომპლექსური ამოცანა ძალიან რთული გახადოს გასაკეთებლად. ამდენად, ჩვენთვის მიუღებელი იქნება მიფუჩეჩებული პასუხები და ასე ატვირთული ელექტორნულ ჟურნალში ან სრულად ჩაშლილი პროცესები.
ის, რაც უნდა ვიცოდეთ მოსწავლის დიაგნოსტიკური წერის შეფასებისას – ნიკო სილაგაძე
“თუ სკოლის ხელმძღვანელი ახსნის ობიექტურად, რა მიზეზთა და მიზეზთა გამო რა ვერ მოხერხდა, რაღაც ვერ დალაგდა, ის იქნება ავთენტური… შეიძლება შედეგი კი დადგეს, რომ სკოლამ სცადა და ამის მეტი არ გამოვიდა, მაგრამ ამ მცდელობაში ყველა უნდა ჩაერთოს. მცდელობა სავალდებულოა, თუმცა ხარვეზები ამ პროცესში გაგებით იქნება მიღებული… მთავარია, კოპი პეისტით 400-ვე ბავშვზე ერთი და იგივე არ დაიწეროს და ზედაპირული სახე არ მიეცეს ამ ყველაფერს. თუ 400-ვე ბავშვი ვერ შეფასდა, უკმაყოფილება არ წამოვა, მთავარია, პროცესების ავთენტურობა… 10 ბავშვი თუ შეფასდა, ისე იყოს შეფასებული, რომ რეალურად მსჯელობის საფუძველს გვაძლევდეს და დანარჩენების არშეფასების უკან იდგეს არგუმენტები, შემდეგ წელს რით გაუმჯობესდება ეს პროცესები“, – თქვა ნიკო სილაგაძემ.
თითოეულ საგანში ყველა მოსწავლისთვის ერთი და იგივე დავალება იქნება
განათლების სამინისტრო სკოლებისთვის თითო საგანში თითო წერითი ვარიანტის შეთავაზებას გეგმავს. შესაბამისად, ყველა ბავშვმა ერთი და იგივე თემა უნდა დაწეროს.
„ჩვენ ვაპირებთ გაგიზიაროთ კლასების და საგნების მიხედვით თითო-თითო ვარიანტი. იმის გადაწერა, რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, შეუძლებელია. თემას ხომ ვერ გადაწერს ერთი მეორისგან და თუ გადაწერს, გამოჩნდება, რომ გადაწერილია. დავალებით, ერთნაირი დავალება ექნება ყველას… თემის დაწერა ევალება მოსწავლეს და საკვანძო ცნებების გამოყენება იმის ასახსნელად, რამდენად არის გასული სამიზნე ცნებებზე. ორი ბავშვი ერთნაირად ამას ვერ დაწერს. მასწავლებელს ხომ ვერ მოატყუებს მოსწავლე? მისი დაწერილი თუ არ არის, ეს ადვილად გამოჩნდება. კომენტარი უნდა დაიდოს, მოსწავლის მიღწევა როგორია. კომენტარი უნდა იყოს ასეთი: მე ვფიქრობ, რომ მოსწავლემ ეს გააკეთა კარგად, იაზრებს ამას და ეს დასტურდება ამითი და ამითი. წესით, შეუძლებელია, ეს მასწავლებლებმა ერთმანეთისგან გადაიწერონ, ეს არც დგას დღის წესრიგში და ასევე – მოსწავლეებმაც ერთმანეთისგან გადაიწერონ. ინდივიდუალური გამოდის ერთი ნიმუშიც. თუ მექანიკურ კოპირებასთან გვექნება საქმე, გასაგებია, რომ დავალება ზედაპირულად შესრულდა“, – ამბობს ნიკო სილაგაძე.
დიაგნოსტიკური შეფასებას საგნის მასწავლებელი ჩაატარებს
დიაგნოსტიკურ დავალებაზე ყველა მოსწავლემ ყველა საგანში საკუთარ მასწავლებელთან ერთად უნდა იმუშაოს. როგორც დავალების ინიციატორები განმარტავენ, მართვის რეჟიმი მასწავლებლების ხელშია.
„სკოლების წარმომადგენლებს ვხვდებით და ვესაუბრებით. მასწავლებელი წყვეტს მოსწავლეების შეფასებას, რადგან ეს ნაკლები სტრესია მოსწავლეებისთვის. ძნელად წარმომიდგენია, მასწავლებელი, რომელიც გადააწერინებს მოსწავლეს. მინიშნება რომ მისცეს, ამით თემა არ დაიწერება. მიზეზი არ არსებობს, რატომაც მასწავლებელი არ უნდა იყოს ამ პროცესის ადმინისტრატორი“, – ხსნის ნიკო სილაგაძე.
როდის დაიწყება დიაგნოსტიკური შეფასებს შესრულება
თავიდან ითქვა, რომ დიაგნოსტიკური დავალების წერა სკოლებს მაისის 10 რიცხვამდე უნდა დაესრულებინათ, თუმცა პროცესმა გადაიწია და ახლა მისი დაწყების დრო უცნობია. ნიკო სილაგაძის განცხადებით, სკოლებს ამ დავალების შესრულება სემესტრის ბოლომდე შეუძლიათ, თუმცა მისი თქმით, განიხილებოდა და კვლავ განიხილება აზრი, ხომ არ გადაიდოს ამ დავალების შესრულება მომავალი სასწავლო წლისთვის.
„როდის დაიწყება, ვერ გეუბნებით, რადგან დაიწყება მაშინ, როდესაც დავრწმუნდებით, რომ სწორად იქნება აღქმული და გააზრებული ეს მოცემულობა სასკოლო საზოგადოების და მთლიანად სისტემის მხრიდან“, – ამბობს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი.
ამავე თემაზე:
„მოსწავლის დიაგნოსტიკური შეფასების აღწერა ოთხი ტიპის სკოლას დაგვანახებს“ – ნიკო სილაგაძე
მშობელი: ვერანაირი დიაგნოსტიკური შეფასება ვერ უშველის, ისეთი მდგომარეობაა სკოლებში
- რა შეიცვალა მასწავლებლის საგნის, პროფესიული უნარებისა და სპეცმასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესში – ბრძანება by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
- „როგორც ისტორიის პედაგოგი, ამ ახალ კანონში რამდენიმე სერიოზულ საფრთხეს ვხედავ“ by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება