GE

რას ჰპირდება სქემის ცვლილებამდე მასწავლებლებს გიორგი ამილახვარი – „არ შევუზღუდავთ ამ უფლებას“

როგორც EDU.ARIS.GE უკვე წერდა, მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის განახლებული მოდელი – ახალი სქემა, მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა შემუშავდეს.

საკითხზე დამატებითი განმარტებები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა 17 ივნისსაც გააკეთა და იმ მასწავლებლების საყურადღებო საკითხს შეეხო, რომელთაც სტატუსის ამაღლების პროცესი დაწყებული აქვთ, ახლა კი სამინისტროს მიერ პრაქტიკული ნაწილის შეფასებისთვის ვადების დასახელებას ელიან.

“იწყება და გრძელდება განახლება, მუშაობა კარიერული განვითარების სქემაზე, რომელიც პედაგოგებს შეეხებათ და პრაქტიკულად, ჩვენ, ვისაც კი დაწყებული ჰქონდა ასე ვთქვათ სტატუსის ამაღლების პროცესი, აქამდე მოქმედი სქემით, არცერთს არ შევუზღუდავთ ამ უფლებას და თითოეულ მათგანს მივცემთ შესაძლებლობას, რომ თავიანთი დაწყებული ეს პროცესი და შრომა ბოლომდე მიიყვანონ. ხოლო რაც შეეხება მომავალს, აქ უკვე დავიწყებთ განახლებულ სქემაზე მუშაობას და დაახლოებით წლის ბოლომდე, მასწავლებლებს და საზოგადოებას წარვუდგენთ კარიერული განვითარების ახალ სქემას, რომელიც კიდევ უფრო განვითარებული იქნება საერთაშორისო, საუკეთესო გამოცდილების გაანალიზებით და ასევე ადგილობრივი გამოცდილებითა და კვლევებზე დაფუძნებით”, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გიორგი ამილახვარმა.

პორტფოლიოს საფუძველზე სტატუსი 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე მოგენიჭებათ – ცვლილება პრემიერ-მინისტრის დადგენილებაში

როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში აცხადებენ, მასწავლებელთა კარიერული სქემის განვითარების მიზნით “საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში იქმნება სპეციალური ინკლუზიური კომისია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივ კვლევებზე დაფუძნებულ გაუმჯობესებულ მოდელს სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის ბოლომდე შეიმუშავებს”.

შეგახსენებთ, რომ განათლების სპეციალისტის, სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების ტრენერ/ქოუჩის, ავტორიზაციის ექსპერტის, მაკა გრძელიშვილის ინფორმაციით, მათ, ვისაც კარიერული წინსვლით განსაზღვრული გამოცდა (წამყვანი, მენტორი) ჩაბარებეული აქვს და დარჩა პრაქტიკული ნაწილის შეფასება, უნდა იცოდნენ, რომ წინადადების წარდგინების ვადები ცნობილი გახდება უახლოეს მომავალში. პროცედურა კი ასეთია:

“სქემაში განაწილებული უფროსი/წამყვანი მასწავლებელი პროფესიულ საქაღალდეში ტვირთავს მასწავლებლის სტანდარტით განსაზღვრულ, მისანიჭებელი სტატუსის შესაბამისი კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. როდესაც მასწავლებელი დარწმუნდება, რომ მისი საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები სრულყოფილია, მიმართავს სკოლის დირექტორს პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შუამდგომლობის თაობაზე. შეგახსენებთ, რომ მასწავლებელს დოკუმენტაციის ატვირთვისა და გამოქვეყნების შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დროს, მანამდე, სანამ სკოლის დირექტორი არ გააკეთებს წარდგინებას. წარდგინების ვადების დასრულებამდე სტატუსის ცვლილების მსურველ იმ მასწავლებლებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პრაქტიკული შეფასების ეტაპის წინარე მოთხოვნებს, შესაძლებლობა აქვთ ელექტრონულ სისტემაში, მათთვის განკუთვნილ ველში ატვირთონ შესაბამისი დოკუმენტაცია შეუფერხებლად”.

ასევე იხილეთ:

„მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის განახლებული მოდელი 2025 წლის 1 იანვრამდე შემუშავდება“ – განათლების მინისტრი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური