„რას მერჩით, საქართველოდან წავიდე?“ – მენტორი მასწავლებელი საათების ძიებაში და მძიმე ისტორიით

23 აპრილს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი სკოლებში ახალი კადრების შესვლის მნიშვნელობაზე საზოგადოებას პირდაპირ ეთერში ესაუბრებოდა.
28 აპრილს კი ახალგაზრდა მენტორი მასწავლებელი, გამოცდილი პედაგოგი, ბიჭიკო ოჩიგავა წერილს აქვეყნებს და საკუთარ მძიმე ისტორიას ჰყვება, რომელიც საჯარო სკოლაში დასაქმებასთან დაკავშირებული უსამართლობის კიდევ ერთი მაგალითია.
EDU.ARIS.GE წერილს უცვლელად წარმოგიდგენთ:
“სასოწარკვეთილი ვარ.
უსამართლობა, გაუგებრობა, თუ მიზანმიმართული ამოჩემება. არ ვიცი რა ხდება ჩემს თავს. რეალურ ფაქტებს მოგიყვებით.
ჩემი ამბავი იცით, თუ როგორ ვეძებ საჯარო სკოლაში საათებს. ეს რომ სახვეწარი გამიხდებოდა და ჩემს რეგალიებს ამაში რომ ჩალის ფასი ექნებოდა, ამას რომ ვერ წარმოვიდგენდი, ესეც იცით.
მოკლედ, სექტემბრის მერე, რამდენიმე საჯარო სკოლაში გავაგზავნე სივი. აღმოჩნდა ისე, რომ აბსოლუტური უმრავლესობიდან არ დამირეკეს. ზოგი სკოლიდან დამიბარეს და დროებითი ვაკანსია აღმოჩნდა. ასეთი სულ ორი სკოლა იყო. დავრეკე თითოეულ იმ სკოლაში, სადაც დამაიგნორეს და მპასუხობენ იდენტური ტექსტებით, რომ ალბათ კომისიას გამოვრჩი და დაავიწყდა გასაუბრებაზე ჩემი დაბარება. აი, რამდენჯერ მოვისმინე ეს ტექსტი.
რამდენიმე დღის წინ გავგზავნე სივი ერთ-ერთ საჯაროში. დედლაინი ამოიწურა. ახალი კადრი, წესით, პირველ მაისს იწყებს მუშაობას. მე არც შემხმიანებიან. შევატყობინე ამის შესახებ მასწავლებლის სახლს და მითხრეს, რომ აუცილებლად გაარკვევენ ამ საკითხს. ცოტა ხნის წინ ექსპერტი მეუბნება, რომ იმ კონკრეტული სკოლიდან უკვე ჩანიშნეს გასაუბრებები და გადასცეს აპლიკანტთა სია, რომელშიც ჩემი სახელი არსად წერია და აპირებს გაარკვიოს მიზეზი. ორივე ის ადამიანი მეგობრებში მყავს, ვისაც ამ საკითხის შესახებ ვესაუბრე. ასე რომ, ჩემი თითოეული სიტყვა რომ რეალურია, ფაქტია. ტყუილს რომ ვერაფერს ვიტყვი.
გასაუბრებაზე მაინც დამიბარეთ და იქ უარმყავით თქვენ ოჯახაშენებულებო. ჩავთვლი, რომ ჩემზე უკეთესი კადრი შეარჩიეთ გასაუბრების შედეგად. სივი მაქვს იდეალური. ყველა მოთხოვნას რომ აკმაყოფილებს ისეთი და უფრო მეტი წონის, ვიდრე საჭიროა. მაქვს 14 წლიანი მუშაობის გამოცდილება. იმის დასტურად, რომ ამ სფეროში რაღაც შემიძლია. შემიძლია გავუზიარო ჩემი ელექტრონული პორტფოლიოები, სადაც ჩაწიკწიკებული მაქვს თითოეული რაიონული, ეროვნულ, თუ საერთაშორისო აქტივობის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა. მისი რეფლექსიებით. მაქვს უამრავი სასწავლო რესურსი შექმნილი და საჯაროდ გაზიარებული. მაქვს მეთოდური სტატიები გამოქვეყნებული. მაქვს კვლევები ნაწარმოები და გაზიარებული.
მეტი რა გავაკეთო? რით დავამტკიცო, რომ ვიმსახურებ გასაუბრებაზე დამიბარონ?
რას მერჩით? საქართველოდან წავიდე? ასე როდემდე უნდა ვიყო? ოჯახის რჩენა ხომ უნდა შევძლო ჩემს ქვეყანაში? ვიღაცას ხომ უნდა ვჭირდებოდე ამ ქვეყანაში?!”.
ასევე იხილეთ:
ვისი დასაქმება იქნება შესაძლებელი სკოლაში კონკურსის გარეშე – ჩამონათვალი განახლდა
-
რა (არ) უნდა იცოდეს პირველკლასელმა სკოლაში შესვლისას – სპეციალისტი მშობლებს მიმართავს by ARIS.GE-განათლება
-
ვადა 14 მაისის დღის ბოლომდე გაქვთ – ზაფხულის გამოცდებისთვის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება შესაძლებელია by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ქართული ენა და ლიტერატურა და ლიტერატურა – აბიტურიენტის რა ცოდნა შემოწმდება ამ საგნების ტესტებით by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე