GE

როცა შესვენების ზარი ირეკება – დამრიგებელი გირჩევთ

გაკვეთილებს შორის მოსწავლეებს რამდენიმეწუთიანი შესვენება აქვთ. შესვენება მათთვის და არა მხოლოდ მათთვის, ზარის დარეკვით იწყება და ზარის დარეკვითვე მთავრდება. როგორც წესი, მოსწავლეებს სკოლაში ყოფნის ეს დრო განსაკუთრებით უყვართ, რადგან ამ დროს თამაშობენ, ერთმანეთს ესაუბრებიან და ცელქობენ.

ხმაურსა და ცელქობას გარკვეულ უსიამოვნო შემთხვევებიც თან სდევს და ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღებით ყოფნა დამრიგებლებს უწევთ. EDU.ARIS.GE დამრიგებლების დახმარებას შეეცადა და ამ მიზნით, ვესაუბრეთ ნინო შუკაკიძეს. ის ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი და დამრიგებელია. ჩვენი რესპონდენტი საკუთარი გამოცდილების შესაბამისად გვიხსნის რას და როგორ უნდა მიექციოს ყურადღება დამრიგებელმა, როცა სკოლაში შესვენების ზარი ირეკება. გვიმხელს იმასაც, თუ რა გეგმით შეგიძლიათ იმოქმედოთ მოსწავლეთა ხმაურის შესამცირებლად.

– ნინო, რამდენი წუთისგან შედგება შესვენება და რა გამოწვევები აქვთ დამრიგებლებს ამ დროს?

– სკოლაში გაკვეთილებს შორის შესვენება არის 10 წუთი, ხოლო 3 გაკვეთილის შემდეგ, გვაქვს 15 წუთიანი შესვენება. შესვენების დროს, ბავშვთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სწორედ რომ დამრიგებელია. ჩვენთვის მთავარია არა მხოლოდ ბავშვების დისციპლინარული მობილიზება, არამედ მათზე ზრუნვა. აუცილებელია, შესვენება მოსწავლეებისთვის სახალისო და სასიამოვნო იყოს. ამისთვის ვგეგმავ სხვადასხვა აქტივობებს, ვესაუბრები ბავშვებს მათთვის საინტერესო თემებზე და ა.შ.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, რა პასუხისმგებლობა აქვს დამრიგებელს შესვენებების დროს?

– დამრიგებლის პასუხისმგებლობაა, იყოს დაკვირვებული და ყურადღებიანი; დაეხმაროს მოსწავლეებს სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვა და სხვა პრობლემის გადაჭრაში და ასევე, შესვენების დროს, სადამრიგებლო კლასი არ დატოვოს მარტო, ეს აუცილებელია. თუმცა, თუ მასწავლებელს რამდენიმე სადამრიგებლო კლასი ჰყავს, ეს აუცილებლად გაუჭირდება.

– რა გეგმით უნდა იხელმძღვანელონ დამრიგებლებმა?

– წლის დასაწყისში, დამრიგებელმა ესგ-ზე დაყრდნობით, უნდა განსაზღვროს მოსწავლეებისთვის დასვენების პერიოდში დაგეგმილი სხვადასხვა უნარების გასავითარებელი ღონისძიებები. მაგალითად, მოსწავლეებს შესთავაზოს სახალისო თამაშები, ვიქტორინა თუ შემოქმედებითი აქტივობები და შეიმუშაოს მექანიზმები მოსწავლეთა ხმაურის შესამცირებლად.

– მოსწავლეთა ხმაურის შემცირება ახსენეთ, ეს შესაძლებელია?

– რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ხმაურის შემცირებას შევძლებთ, თუ მოსწავლეებს შემდეგ აქტივობებში ჩავრთავთ: მოთელვითი ვარჯიშები- მსუბუქი ვარჯიშები, რომელიც არ გამოიწვევს მათ გადაღლას, კოორდინაციის გასავითარებელი თამაშები და გამოცნობითი თამაშები, რომელსაც თუ წახალისებაც მოჰყვება, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს აუცილებელი საკლასო წესების დაცვას.

– შეცდომა, რომელიც დამრიგებელმა არ უნდა დაუშვას შესვენების დროს?

  • არ უნდა დატვირთონ მოსწავლეები სასწავლო ინფორმაციით, რადგან შესვენება არის მათი დასვენებისთვის განკუთვნილი დრო;
  • უყურადღებოდ არ  დატოვოს მოსწავლეთა შორის წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციები;
  • არ უნდა დაუშალოს თავისუფლად მოძრაობა, ხმაურის შესამცირებლად შეიმუშაოს პრევენციული მექანიზმები;
  • არ მისცეს მოსწავლეს შენიშვნა თანატოლებთან ერთად და შესვენება ნეგატიურ, სტრესულ დროდ არ გადააქციონ;
  • არ დატოვოთ მარტო თქვენი სადამრიგებლო კლასი. შეეცადეთ, თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ.

ასევე იხილეთ:

როცა კლასში დამრიგებელი იცვლება – რა უნდა იცოდეს ახალმა დამრიგებელმა

რა ევალება კლასის დამრიგებელს?

დამრიგებელი მშობელთა კრებაზე – რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ მიმდინარეობისას და როგორია შეხვედრის სწორად დაგეგმვის გზები

„ნუ შეეცდები მათთან დამეგობრებას – რჩევები, ანუ მითითებები ჩემი კლასის მომავალ დამრიგებელს“

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური