GE

როდის დასრულდება პროფესიული კოლეჯების დირექტორთა თანამდებობებზე ვაჭრობა?

პროფესიული კოლეჯების დირექტორების დანიშვნა-არდანიშვნის ეპოპეა გრძელდება.

განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის ბრძანება, რომელიც დირექტორთა შესარჩევი კონკურსის საფუძველზე უნდა გამოიცეს და დაამტკიცოს კანდიდატები ჯერ ისევ არ არსებობს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კონკურსი ფაქტობრივად კვლავ დაუსრულებელია. სამინისტროს შესაბამისი სამსახური ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილებების ოქმები, მათი 90%, შერჩეულ კანდიდატებს უკვე გადაეგზავნათ. მაგრამ პროფესიულ კოლეჯებთან გასაუბრებით ირკვევა, რომ ოქმის ტიპის დოკუმენტი მათ მიღებული არ აქვთ. კანდიდატების ნაწილმა მხოლოდ სამინისტროს ეიჩარისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ისინი უნდა დაინიშნონ დირექტორის პოზიციაზე და ამისთვის საჭირო დოკუმენტები აქვთ წარსადგენი. პროფესიული განათლების პროფკავშირების ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ ოქმები საერთოდ არ არსებობს და ვერც ვერავის გადაეგზავნებოდა.

არის ისეთი კოლეჯებიც, რომლის დირექტორთა კანდიდატებსაც არც სამინისტროს ეიჩარისგან მიუღია რაიმე შეტყობინება. როგორც ჩანს,  სამინისტრომ დასაწყნარებლად გაუგზავნა შეტყობინება იმ პირებს, ვისთანაც კითხვები არ ქონდა, დარჩენილ პატარა ნაწილს კი არანაირი ინფორმაცია დანიშვნის და, ალბათ, უფრო არდანიშვნის შესახებ, არ მიუღია.

მიზეზებზე სამინისტრო ისევ ვერაფერს გვპასუხობს, ვერც იმას უარყოფენ, რომ კანონით განსაზღვრული ყველანაირი ვადა შედეგების გამოცხადებისა და კანდიდატთა დანიშვნებისთვის, დარღვეულია.

2018 წლის 20 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“ მუხლი 39-ის თანახმად: „სამინისტროს ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების ხელმძღვანელთა კონკურსის წესით დანიშვნა“. ანუ ვინაიდან ხსენებული კანონი ამოქმედდა 8 ოქტომბრიდან 2019 წლის 8 აპრილამდე უნდა დასრულებულიყო როგორც კონკურსის გამოცხადება, ასევე დირექტორთა დანიშვნა.

სამინისტროს ხელმძღვანელობამ ხსენებული კანონის მოთხოვნის დარღვევით გამოსცა 2019 წლის 5 თებერვლის N 120 ბრძანება, რომლითაც დაამტკიცა კოლეჯების ხელმძღვანელთა შესაეჩევი კონკურსის ჩატერების წესი, თანდართული დანართით, რომლითაც დადგინდა მსურველთა განცხადების მიღების ბოლო ვადა – 2019 წლის 6 აპრილი, ხოლო კონკურსის შედეგად დანიშნულ დირექტორთა ვადა განისაზღვა 8 აპრილის მაგივრად – 6 ივლისით. სამინისტრომ ჯერ ამ გადაწყვეტილებით დაარღვია „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონის უპირობო მოთხოვნა და შემდეგ უკვე საკუთარი გადაწყვეტილების ვადებშიც აღარ ჩაეტია და ისიც დაარღვია. ასეთი „ფინტები“ ვადებთან დაკავშირებთ, სამინისტროსგან გასულ პერიოდში, სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესიდანაც გვახსოვს.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით კი, რამდენიმე კოლეჯზე დირექტორის თანამდებობები სამინისტროს ძველმა და ახალმა „ელიტემბა“ ვერ გაანაწილეს და მათ შორის უკვე რამდენიმე თვეა ბანალური ვაჭრობა მიმდინარეობს. სავაჭრო კი უდაოდ არის, ზოგიერთ კოლეჯს, სახელმწიფოს და საერთაშორისო დახმარების ჩათვლით თუ ვიანგარიშებთ, მილიონობით ბრუნვა აქვს.

ამას ირიბად ადასტურებს სამინისტროც, რომელიც ჯიუტად ამტკიცებს, რომ ზოგიერთი კომისიის წევრი ჯერ კიდევ შვებულებაშია, ოქმების ნაწილი ხელმოწერილი არ არის და ერთ კვირაში მოეწერება ხელი, ეს ერთი კვირა კი უკვე ათჯერ გვაქვს მოსმენილი. დაუსრულებელი ერთი კვირა, როგორც ჩანს, მხოლოდ იმ კომისიის წევრებს ეხება, რომლებსაც სადავო კოლეჯების დირექტორების ოქმებზე აქვთ ხელი მოსაწერი.

ვის შეხვდება ნამდვილად გამორჩეული გლდანის პროფესიული კოლეჯი, დარჩება თუ არა თანამდებობაზე კოლეჯ იბერიას დირექტორი და სხვ. საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობია.

ამავე თემაზე:

პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე: „დირექტორთა კონკურსი ჩაშლილია, სისტემაში ამის გამო შეიქმნა სრული ქაოსი“

რატომ არ ხორციელდება პროფესიული კოლეჯების დირექტორთა დანიშვნა? – სამინისტრომ მინისტრის დადგენილ წესსაც გადაუხვია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური